რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა.
მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან.
ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია“.
„მე პირველად დავფიქრდი, რაც დასკვნა წავიკითხე ამ თემაზე, რაც იქ აღნიშნულია. ერთი მხრივ, გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარემო შიგნით, საცხოვრებელი პირობები, ინფორმაციასთან წვდომა და ა.შ. გადასარევად ჰქონია, გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია და ა.შ. მაგრამ რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა – მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს. ამის გამო, ალბათ, „ვივამედს“ შეიძლება მოუწიოს, არ ვიცი, მაგალითად, სახურავზე ეზოს განთავსება, რომ მსგავსი ფუნქციები მომავალში უკეთ შეასრულოს, ან კიდევ გვერდზე პარკია, წიწვნარი და უკან არის კიდევ ძალიან სერიოზული დენდროლოგიური პარკი და იქაც თუ სახელმწიფო და „ვივამედი“ შეთანხმდებიან, შეიძლება ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს ჰქონდეთ დასვენების და სეირნობის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, ამ დასკვნის მიხედვით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.