„ე, მაშინ გაბრწყინდება ივერია!“ – ინტერვიუ კოაბიტირებულ ქართველთან

ე, მაშინ გაბრწყინდება ივერია!
(ინტერვიუ კოაბიტირებულ ქართველთან)

– რა ხდება საქართველოში?

– ეკლესიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული;
«რუსთაველზე» კარვებია გაშლილი;
ივანიშვილმა საკუთარი პარტია დაშალა და ოპოზიცია გააერთიანა;
იმ გაერთიანებულ ოპოზიციაში ახლა გვერდი-გვერდ სხედან და ხალხისთვის იღწვიან ისინი, ვისაც ჯერ კიდევ გუშინ ტყვია არ ენანებოდათ ერთმანეთისთვის.

– რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

– ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ჩვენთვის ასე ნანატრი დასავლური დემოკრატიის მშენებლობა. ამისთვის ოცდაათი წელიწადი კი დაგვჭირდა, რაც საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ უკვე უზარმაზარი საქმეცაა გაკეთებული…

– კონკრეტულად?

– ორი სახელმწიფო გადატრიალება მოვაწყვეთ;
აფხაზებთან ვიომეთ;
ოსებთან ვიომეთ;
რუსებთან ვიომეთ;
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოვიცილეთ თავიდან;
ფაბრიკა-ქარხნები დავანგრიეთ;
მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა მოვსპეთ;
მუშები და გლეხები, როგორც კლასი, ამოვშანთეთ;
მეცნიერება გავანადგურეთ;
ქართული მწერლობა გავაქრეთ;
ქართული კინოს ფენომენი კინოსტუდია «ქართულ ფილმთან» ერთად გავაცამტვერეთ;
მოსახლეობა გავანახევრეთ;
ახალგაზრდები ლუკმა-პურის საძებნელად საზღვარგარეთ გადავხვეწეთ;
ეკლესია და პატიოსანი სამღვდელოება გავლანძღეთ და ჯვარს ვაცვით;
ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. უამრავი სხვა საამაყო საქმეც ჩავიდინეთ, მაგრამ ის, რაც ჩამოვთვალეთ, ნათლად მეტყველებს თუ რა გრანდიოზულ შედეგებს მივაღწიეთ დემოკრატიის მშენებლობის რთულ გზაზე.

– ეს საკმარისია?
– არა, როგორც დიდი მიხეილი და მისი «ნაცხროვა» იტყოდა, «გასაკეთებელი კიდევ ბევრია!»

– მაინც რა?

– ბოლომდეა მისაყვანი ქართველი ერის ხერხემალში გადატეხვის საშური საქმე, ანუ დასაჩქარებელია ჩვენი ისტორიული მეგობრების – თურქებისა და ირანელების მასობრივი შემოყვანა საცხოვრებლად, ბიზნესის საკეთებლად და ბორდელებში ქართველ გოგონებთან დროს სატარებლად;
გასაგრძელებელია ისეთ მრავალრიცხოვანი ერებისა და ხალხების წარმომადგენელთა მასობრივი შემოსახლების საკითხი, როგორებიც არიან: ჩინელები, ინდოელები, არაბები, ფერადკანიანები და სხვები და სხვები;
დასაბრუნებელი და თავიანთ «ისტორიულ სამშობლოში» მასობრივად ჩასასახლებელია დიქტატორ სტალინის მიერ საქართველოდან უსამართლოდ და უსინდისოდ გასახლებული ე.წ. თურქი მესხები;
მხარდასაჭერია მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილების შეტანის ამერიკული პროექტი და სასწრაფოდ არის ასაღიარებელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია;
დასაჩქარებელია ნარკომანიისა და პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია და სრული ლეგალიზაცია;
დასამთავრებელია ქართველი ახალგაზრდების ზნეობრივი გარყვნა;
ბოლომდეა მისაყვანი ქართული ეროვნული ცნობიერების დეგრადაციის დასავლური პროგრამა;
დასამთავრებელია ტაქსების თეთრად გადაღებვის ჯერჯერობით ყველასთვის გაუგებარი, მაგრამ მაინც უაღრესად საშური კამპანია;

– ახლა, ამ წუთს, რომელია პრიორიტეტული საკითხი?

– ო, ქართველებს ერთი პრიორიტეტი გვაქვს: მომზადება რუსეთთან გადამწყვეტი ომისთვის, მაგრამ ამ საშვილიშვილო სტრატეგიული საკითხის გადაწყვეტამდე, მნიშვნელოვანი ტაქტიკური საკითხები გვაქს მოსაგვარებელი. ამ წუთს ქართველი ხალხის ყურადღება რუსთაველის პროსპექტისკენაა მიპყრობილი, სადაც ერის ნაღები შვილები იმ დეპუტატების არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ, რომლებმაც მთელი ეს ჩამონათვალი ნამდვილ, ეროვნულ საქმედ უნდა აქციონ. აქამდე მათ სათითაოდ და პერსონალურად თუ ირჩევდნენ, ახლა ერის ეს უკვდავი შვილები ითხოვენ, რომ ისინი ერთად, სიით აირჩიონ.

– რა შეიცვლება ამით?

– ბევრი რამ.

– სახელდობრ?

– არჩევნების წესში ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილების განხორციელების შემდეგ პარლამენტში სახელისუფლებო ნაგავზე მეტი ოპოზიციური ნაგავი შევა.

– მერე, რა განსხვავებაა, ნაგავი ნაგავი არ არის?

– როგორ გეტყობათ, რომ დასავლური დემოკრატიის საფუძვლებში ღრმად ვერ ერკვევით. სად სახელისუფლებო ნაგავი და სად – ოპოზიციური ნაგავი?! პარლამენტში მეტი ოპოზიციური ნაგავის შესვლა (შეტანა) არამარტო დასავლური ნაგავის ხვედრითი წილის ზრდის მაჩვენებელია, არამედ დასავლური უფსკრულისკენ ჩვენი თავქუდმოგლეჯილი სრბოლის უტყუარი ნიშანიცაა… ეს უკვე გრანდიოზული, კოლოსალური შედეგია!

– ბოდიშს ვიხდი, თქვენ კოაბიტირებული ქართველი ბრძანდებით თუ გამოკოაბიტირებული ქართველი?

– ეგ სულერთია, მალე იმ ფაზაში შევალთ, რომლის იქით კოაბიტირებულ და გამოკოაბიტირებულ ქართველებს შორის განსხვავება წაიშლება და… ე, მაშინ გაბრწყინდება ივერია!

ვალერი კვარაცხელია

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *