„რას გვეუბნებით, ქალბატონო პრეზიდენტო, მთავარია ევროპისკენ სვლა და აქ თუნდაც ცეცხლები ცვიოდეს“ – შორენა კოწოწაშვილი

185 წაკითხვა

ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს

პრეზიდენტის ინტერვიუს ახლა მოვუსმინე, რაც სოციალურ ქსელში ატეხილ ქარიშხალს წავაწყდი. სამწუხაროდ, ხანდახან ჯანმრთელობა არ გაძლევს საშუალებას, ყველა ინფორმაცია დროულად მიიღო. პრეზიდენტის განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამიმტკიცა რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, არასდროს დასრულდება; რომ ინტერესები როგორც პირადი, ისე ქვეყნის გარეთა, სძლევს სახელმწიფო ინტერესებს და არ შეგვიძლია ქყეყნის გაფრთხილება ესოდენ დიდი საფრთხეების წინაშე, რის წინაშეც გლობალური გეოპოლიტიკა და დიდი მოთამაშეების ინტერესები გვაყენებს. ამ პატარა საქართველოს, რომელსაც ევალება დიდი სიფრთხილით გაიაროს ეს ურთულესი გადანაწილების გზა, რომელიც მინიმუმ 2025-2026 წლამდე არ დასრულდება (ასე იკვეთება არაერთი უცხოელი ექსპერტის ანალიზით) და ღმერთმა ქნას, უდანაკარგოდ გავიაროთ, ამასთან უწევს იმ სახიფათო რყვების გაძლება, რომელიც უხვად ფინანსდება და რომელიც რევოლუციური სცენარის სახით არის ჩაშვებული. არეულობა, რომელსაც პრეზიდენტის განცხადებებმა და შეწყალებამ, თუნდაც მცირე დოზით, საფუძველი დაუდო, არცთუ რთული გასათვლელია, რა შედეგებით დასრულდება.

გასაგებია, რომ პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას იყენებს და პატიმარს იწყალებს, მაგრამ ამ კონსტიტუციას ჩვენს ხომ ვიცნობთ და მისი დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშიც ხომ აუცილებელია?!. რას გვეუბნებით, ქალბატონო პრეზიდენტო, მთავარია ევროპისკენ სვლა და აქ თუნდაც ცეცხლები ცვიოდეს (ბომბებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, რაზეც თქვენი თანამოაზრე ლომჯარია ოცნებობს) პოლიციელებისა თუ ჯარისკაცების თავზე, როგით მოქალაქეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საქართველოს ევროპულ ორიენტაციას ღრმა ფესვები აქვს და თანაც მემარჯვენეს, კონსერვატორულს, რა გზასაც როგორც ვხედავთ, მომავალი ევროპა ირჩევს. ძალები, რომელიც ევროპული ქვეყნების ბედს გადაწყვეტენ, ამ დროისთვის გამოკვეთილი ნიშნებით, სწორედ რომ კონსერვატორულია. საქართველოსთვის ამ გზაგასაყარზე სწორი გათვლებია გასაკეთებელი და ამას, წინარე მაგალითების გათვალისწინების გარეშე, ვერ გავაკეთებთ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იდენტობის, ეროვნული ღირებულებების და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში ახალ საჭადრაკო დაფაზე ლავირება და არა ევროპული იდეალების საფარქვეშ, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთა და საყრდენთა მთავარ მოთამაშედ და ქვეყნის ერთადერთ წარმმართველ ძალად წარმოჩენა. რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას ნიკა გვარამიამ, ის მაინც ძველი და უკვე გაჭრილი კარტია, თანაც სისხლიანი გუბეების რეჟიმის; იმ უდანაშაულოთა სისხლის გუბეების, რომლებსაც თავისი ქცევით სახელმწიფოს უსაფრხოება საფრთხის წინაშე არ ჩაუგდიათ და ლაზარეს და მისი თანამოაზრეების მსგავსად, სპეცრაზმელებისთვის მოლოტოვები და ცეცხლები არ დაუყრიათ. უფრო მეტს ველოდი თქვენგან, უფრო მეტ გათვლას. არც მე ვყოფილვარ ჩირგვებში, როცა ბრძოლა იყო საჭირო და როცა ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ჩემი ქვეყნის შვილებს, რომელთა სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია, სააკაშვილი და მისი დამნაშავე პოლიტელიტა, იმ დღის განწყობებიდან გამომდინარე ქუჩებში ხვრეტდა და ციხეებში ყრიდა. ამით ერთის მხრივ, შიშს თესავდა და რეჟიმს იმყარებდა, მეორეს მხრივ, პატიმართა გაზრდილი რიცხოვნობით, დასავლეთიდან ფულს ელოდამ ახალი ციხეების ასაშენებლად. როცა დაიძახეთ, „ქაჯები მიდიან, კი არ მოდიანო“ და ამ ერთ დაძახილზე უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაშინ არაერთი ჩემი მეგობარი მირეკავდა, რაიონიდან მოვდივარ და ხომ ჩამოვასწრებო, იქნებ ახლა დააკონკრეტოთ, ის ქაჯები წავიდნენ თუ თქვენი ფრთის ქვეშ მოექცნენ გარე ინტერესებიდან გამომდინარე?! „ქართულ ოცნებას“ რა შეცდომებიც აქვს და რა არასწორი ნაბიჯებიც გადადგა, იგივე რეჟიმის საყრდენი სასამართლოს შენარჩუნებით, საკმაოდ კარგად ვიცი. უბრალოდ, ვფიქრობ, ახლა გვიანია გარკვეული ხმამაღალი განცხადებების გაკეთება.

ხელისუფლების ბედს არჩევნები გადაწყვეტს. ის ყველაფერი, რაზეც ხალხი ხელისუფლებაზე არის განაწყენებული, 2012-2014 წლებში უნდა გაკეთებულიყო რეჟიმის გასამართლების ჩათვლით. სასამართლოც ახალი სისხლით იმ წლებში უნდა შევსებულიყო. მაგრამ აქაც ხომ ინტერესებმა იმძლავრა? სამწუხაროდ, არა მხოლოდ პირადმა. სწორედ ეს ღუპავს ამ ქვეყანას. ამიტომ არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის და ქვეყანაზე გულშემატკივრობის, ვინც იმ წლებში დამუნჯდა, თანამდებობების თუ ფინანსური ინტერესების გამო, დღეს კი ხელისუფლებას იგივე თემებზე ამუნათებს, რაც არაერთი თქვენგანის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაში შედიოდა. კარგად დაააკვირდით იმ ადამიანებს, ვისზეც გათვლას აკეთებს და სადაც თავს მოიაზრებთ. ერთი ცხადია, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ გამოვა, დაპირისპირების გამწვავება და გადატრიალება, კი იმ ქვეყანას არაფერს მოუტანს, რომლიც მთავარსარდალიც კონსტიტუციურად ბრძანდებით!

Next Post

„კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

სამ აპრ 16 , 2024
185 წაკითხვა2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც დაფუძნებულია Kaspersky Managed Detection and Response-ის მომხმარებლებში გამოვლენილი ინციდენტების სტატისტიკაზე. ეს შედეგები მიღებულია სადღეღამისი  მონიტორინგით, პროაქტიული ძიებებით და აღმოფხვრილი კიბერსაფრთხეების ოდენობით. საშუალოდ, „კასპერსკის ლაბორატორიის“  კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის ცენტრის (SOC) ექსპერტები […]

შესაძლოა მოგეწონოთ