ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ბრიფინგზე სიმბოლურად გასაღებიც მიიტანა.
„ის, რომ გუშინ იყო არაძალადობრივი გზით ეს ყველაფერი, იყო სწორედ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დამსახურება. მინდა, ყველა მონაწილეს და პოლიტიკურ პარტიას მადლობა ვუთხრა. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორად ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ძალისმიერი მეთოდებით მუშაობას სჯობს, რომ გქონდეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით, ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო, არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისთვის და აუცილებლად ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, გეგმა კი, ოპოზიციის დღევანდელ შეკრებაზე შეთანხმდება.
გუშინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფოს მიმართ.