„ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ? უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა”, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს – უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის.
„გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანიკონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეგლამენტის მიხედვით ერთი კვირა აქვს უმრავლესობას იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი დეპუტატები წარადგინონ. “კონსულტაციების ნამდვილად მიდის და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაც მალე ეცნობება. თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარეების თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ამაზე შევჯერდებით. გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა და ამ დროში უნდა მოვასწროთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, რომელსაც უმრავლესობა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებს, გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ადასტურებს, რომ გარკვეული კონსულტაციები მიდის“, – აღნიშნავს გამოცემა.