„დატოვეთ ისინი ტელეკამერებს მიღმა და ნახავთ, რომ მათი ცხოვრებითა და საქმიანობით არავინ დაინტერესდება“

2,561 წაკითხვა

ორი ცხოვრება გვაქვს – ჩვენი ცხოვრება და ტელეცხოვრება. ორივე საშინელია, მაგრამ სხვა და სხვანაირად საშინელი.

ჩვენი ცხოვრების საშინელება ასე გამოიყურება:
ქვეყანა სამ ნაწილადაა დაშლილი;
დანგრეულია ეკონომიკა;
მორყეულია სულიერება;
გამეფებულია უსამართლობა;
განახევრებულია მოსახლეობა;
უმუშევრობისა და უმუშევრობასთან გათანაბრებული დაბალშემოსავლიანობის გამო ახალგაზრდების დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გადახვეწილი;
დამდგარია დემოგრაფიული კატასტროფა;
ადამიანებს არა აქვთ პერსპექტივა და მომავლის იმედი;
თითოეული ადამიანის შიში ხვალინდელი დღის წინაშე სოციალურ და ეროვნულ დეპრესიაშია გადაზრდილი.

ტელეცხოვრება ჩვენს ცხოვრებას არ ასახავს, იგი თავისი გზით ვითარდება. ტელეცხოვრებაში ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რეალურად არ შუქდება, არ ჩანს პროფესიული მსჯელობა, ანალიზი და გამოსწორების გზათა ძიება. ეს თემები, მართალია, გამოიყენება, მაგრამ ვიღაცისთვის დასაბრალებლად, ვიღაცის გასამტყუნებლად და ერთმანეთის წამოსაძახებლად.

ქართული ტელევიზია საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვენებისა და ასახვის ნაცვლად ხელოვნურად შექმნილ ტელეპერსონაჟთა, უფრო სწორად, ხელოვნურად გამოყვანილ პოლიტიკურ ზომბთა ცხოვრების ინსცენირებული ეპიზოდების ამსახველ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

ტელეცხოვრებაში, გარდა იმისა, თუ სად არიან, რას აკეთებენ და რას გეგმავენ ეს პოლიტიკური ზომბები, სხვა არაფერი ჩანს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხს ის უფრო აინტერესებდეს, თუ სად დარბის და რას ბოდავს ეს დასაბმელი სააკაშვილი, ვიდრე კვალიფიციური ანალიზი თუნდაც პოლიტიკური რეალობისა. თქვენ თუ მეტყვით, რომ სააკაშვილი და მისი მცირერიცხოვანი ზომბები, ან თუნდაც ეს ე.წ. “ქოცები” და მათი, ასევე თითზე ჩამოსათვლელი, კერპთთაყვანისმცემლები პოლიტიკურ რეალობას განსაზღვრავენ და საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენენ, ვერ დაგეთანხმებით.

დატოვეთ ისინი ტელეკამერებს მიღმა და ნახავთ, რომ მათი ცხოვრებითა და საქმიანობით არავინ დაინტერესდება, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და ვოლსკის, თალაკვაძის ან მდინარაძის მოლაპარაკე თავია ეკრანიდან გამოჩრილი. გადართავ სხვაგან და გრიგოლიას, სანაიას, ჟიჟილაშვილის “ნაცური” მრევლია ჩამწკრივებული. ცოტა იქით თუ გადახტები გვარამია-კვესიტაძისკენ, სააკაშვილის საპატიო პერსონას ვერ ასცდები ვერაფრით.

რომ არა ტელემაგნიტი, პულტის ინერცია და ღილაკზე შემთხვევით მოხვედრილი თითი, ვის შეიძლება აინტერესებდეს აქუბარდიასა და მისი კომიკური მრევლის ოცდაათწლიანი ბოდვა პატრიოტულ მოტივებზე?!
ოცდაათი წელიწადი აქუბარდიასა და მისი ცოლის ტელეგემოვნება როდესაც სუფევს, ის უნდა გვიკვირდეს, ჩვენივე ხელით რომ არ გადავწვით ეს უბედური ქვეყანა, თუმცა გადავწვით და გადავბუგეთ კიდეც, აბა რა ვქენით?!

დაუხურეთ ამ ხალხს საინფორმაციო ღრუ ამ ტელეარხების სახით და მიხვდებით, რომ არავის ამ ქვეყანაში არ დააინტერესებს რას ილუღლუღებენ გადაგვარებული ძმები ბერძენიშვილები, ან მათი ხუთკაციანი პარტიის წევრები – ვიღაცა ინდაურისტვინა ქალები.

დახურეთ მუდამ თავისუფლებასა და პატრიოტიზმზე მოყაყანე ეს სატანის ყუთები და ნახავთ, რომ არ მოხდება თავისუფლებისა და პატრიოტიზმის საკრალურ ცნებათა ასე საშინელი დევალვაცია. თავისუფლებაზე ალაპარაკდებიან ის ადამიანები, ვისაც თავისუფლების გააზრება უფლება-მოვალეობის დიალექტიკის შესაბამისად შეუძლიათ, პატრიოტიზმზე კი ისაუბრებენ ადამიანები, ვისთვისაც პატრიოტობა ჯერ კიდევ არ ქცეულა იმ ჭიაყელად, ამერიკული ტრანშებისა და გრანტების დასაჭერად ჩაგდებულ ანკესზე რომ უნდა წამოაცვან.

უნდა დახუროთ და გააუქმოთ, აბა რა უნდა უქნათ, ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მათმა ამერიკელმა პატრონებმა არასამთავრობოები კი დაარქვეს, მაგრამ მთავრობაზე მეტი ძალმოსილებით აღჭურვეს. დააკვირდით, რა ვითარებაა: თქვენ (ხალხი) ვითომ ხელისუფლებასა და მთავრობას ირჩევთ, მაგრამ ამერიკელები მათი არასამთავრობო ორგანიზაციებით გმართავენ…

დახურეთ-მეთქი, ისე ვამბობ, თითქოს თქვენს ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება.
რას დახურავთ და რას აღუდგებით წინ, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი საქართველოზე გაბატონების დასავლური დახვეწილი მექანიზმის შემადგენელი ნაწილებია?!
ამერიკელები ხუთი ძირითადი ბერკეტით ზემოქმედებენ საზოგადოებრივ ყოფიერებაზე და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე:
1. ხელისუფლება;
2. ოპოზიცია;
3. მას-მედია;
4. არასამთავრობო ორგანიზაციები;
5. სპეცსამსახურები.
აქედან ოთხი ღიად მოქმედებს, მეხუთე კი ფარულად, მაგრამ ეს ყველაფერი, ერთად აღებული, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ეროვნულ ფსიქიკაზე ძალადობის განხორციელების ისეთი შესანიშნავი თაიგულია, რომელსაც იშვიათად, რომ სადმე გაუძლონ.

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა გავუძლოთ. ჯერ ერთი, იმიტომ უნდა გავუძლოთ, რომ თანდათანობით იშიფრება ეს ყველაფერი. მეორე, იმიტომაც უნდა გავუძლოთ, რომ ძალიან მცირერიცხოვანი და, აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილად გასაქრობი ერი ვართ.
მათ კი (მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე ამერიკულ ძალებს) ძალიან სჭირდებათ ეს გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი, ერთი მხრივ – ორ ზღვას შუა, მეორე მხრივ კი – რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარე ტერიტორია, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველო ჰქვია.

უნდა გავუძლოთ!
ამისთვის, ამ ეტაპზე ერთი რამე მაინც უნდა გავაკეთოთ:
ნურასოდეს ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს ძალები ცალ-ცალკე არიან, ან ერთმანეთს უპირისპირდებიან. ისინი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთმანეთს თითქოს გამწარებულნი ებრძვიან, ერთად არიან.
ე.წ. ოპოზიციის მაგალითზე მაინც ხომ ნახეთ, როგორ იშლებიან ერთ შემთხვევაში, მაგრამ როგორ ერთიანდებიან მეორე შემთხვევაში.
ივანიშვილისა და სააკაშვილის მაგალითზე ხომ ხედავთ, რომ ვერაფრით დასცილდნენ ერთმანეთს. ისინი იმ უროსა და სოლის ფუნქციას ასრულებენ, ერთმანეთს თავში რომ ურახუნებენ, მაგრამ ერთ საქმეს აკეთებენ. მათ, ამ ეტაპზე, ჭირივით სძულთ ერთმანეთი, მაგრამ ეს მხოლოდ პიროვნული სიძულვილია. შესაძლებელია, სულ მალე, ისინი ისევე იხილოთ გაერთიანებული, როგორც ახლო წარსულში იყვნენ, ვინაიდან მაშინაც კი, როდესაც პიროვნულ დონეზე ერთმანეთს ებრძვიან, ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან – შეშას ჩეხავენ. ამ შემთხვევაში შეშა საქართველოა, ურო და სოლი კი დასავლეთის წყალობას მიჩერებული ჩვენივე ქართველები არიან. რაც შეეხება ძლიერ ხელებს, რომლესაც ურო უჭირავთ და სოლზე ღონივრად ურტყამენ ჩვენი სხეულის დასანაწევრებლად, ამერიკელები არიან.

საზოგადოების მიერ ამის გააზრებაზეა დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა, ქვეყნისა და ეროვნული სულის მთლიანობის შენარჩუნება, რომელსაც ოცდაათი წელიწადია ამერიკული სოლითა და უროთი, ისტორიის სხვა და სხვა ეტაპზე სხვა და სხვა სახელები რომ ჰქვიათ, ასე უმოწყალოდ და დაუნდობლად გვანაწევრებენ და გვანადგურებენ…

ვალერი კვარაცხელია

Next Post

ეუთო და აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

პარ ნოე 22 , 2019
2,561 წაკითხვაეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „აშშ ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი დაკავება შეუფარდა. დამატებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დასრულდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა. […]

შესაძლოა მოგეწონოთ