პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი „მედიაპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილი დიდად არ მოსწონს, მეტიც, ბოლო დროის საპროტესტო გამოსვლები სწორედ მათ ინტერესში შედის, ამერიკა ცდილობს ივანიშვილის შეცვლას ვინაიდან:
„კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩარევით განხორციელდა მეორე „ნაირინჯისფერი“ რევოლუცია უკრაინაში. იყო და არის მცდელობა მეორე „ვარდების“ რევოლუციისა საქართველოში. მაინც რას უწუნებენ „საოცნებო“ ხელისუფლებას სტრატეგიული პარტნიორები? იმას, რასაც შევარდნაძის ხელისუფლებას! ორივე ხომ ლოიალურად იყო და არის განწყობილი ვაშინგტონ-ბრიუსელის მიმართ?! მაგრამ ვაშინგტონს მეტი უნდა. ის სააკაშვილს და სააკაშვილებს უფრო ახლობლად, ღვიძლ შვილებად აღიქვამს, ივანიშვილს ნაკლებად. თან იმასაც ფიქრობს — სააკაშვილი რომ საქართველოს „შეფი“ ყოფილიყო, რამდენ პრობლემას შეუქმნიდა რუსეთს?
ივანიშვილი კი თავს არიდებს ასეთი პრობლემების შექმნიდან, უფრო მეტიც დიალოგიც სურს რუსეთთან. და აგორდა გავრილოვის საქმე.
ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით მაშინ ვწერდი, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები — შემდეგ ქუჩაში გაგრძელებული, ამერიკის დაფინანსებით და ინიციატივით განხორციელდა. ამერიკელმა ექსპერტებმა, რომლებმაც იმ ჯანყის წინ მოინახულეს ქართველი პოლიტიკოსები, სიტყვები არ დაიშურეს რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის. ხალხს შეახსენეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ნიშნავს რუსეთის მიერ სრულიად საქართველოს დაპყრობას. და ქართველმა შეგირდებმაც არ დააყოვნეს — ჯოხებით, ქვებით შეიარაღებულებმა იერიში მიიტანეს პოლიციაზე, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა.
ასე განხორციელდა პირველი ჯანყი, ვითომ უშედეგოდ, მაგრამ შედეგიანად, ვინაიდან საქართველო-რუსეთის სუსტი ურთიერთობები გაქრა და ნაცვლად ისევ მტრობა და უნდობლობა ჩამოწვა. ამჟამინდელი ჯანყი — მეორე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები — ვითომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, საბაბია და მეტი არაფერი. მიზანი — ხელისუფლების დამხობაა, დასავლეთისთვის, ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანდო ძალების მოსვლაა“.