„უცხოელებზე მიწა რომ გაიყიდოს მოხდება ის, რაც თაობებისგან ერგო სერგო ორჯონიკიძეს“ – გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განვლილ წელს აფასებს:

ბატონო გიორგი, როგორი იყო განვლილი წელი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით?

„დღესაც გამოწვევად რჩება წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში დაწყებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელზეც `ქართული ოცნების~ პოლიტიკურმა გუნდმა დააფიქსირა გამოკვეთილი პოლიტიკური ნება, თუმცა, ნების დაფიქსირებისა და პროკურატურის სისტემაში შესაბამისი კომისიის შექმნის გარდა, პროცესმა წინ ვერ წაიწია“.

რატომ ფიქრობთ ასე?

„ამ წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა რამდენიმე ერთეული მანქანისა და ობიექტის დაბრუნება დაზარალებულებისთვის. ამან საზოგადოებისა და ყოფილ მსჯავრდებულთა ნაწილში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური ნებითა და სათანადო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებით არის შესაძლებელი.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები, რომლებიც მან პარლამენტის ახლადარჩეული დეპუტაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა, მათ შორის, ყოფილ პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების უფლებების დაცვის ადვოკატირებასთან დაკავშირებით“.

ცოტა ხნის წინ ადვოკატთა კორპუსმა დააფუძნა ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი. თავმჯდომარედ კონფერენციამ თქვენ აგირჩიათ. რა ფაქტორებმა განაპირობა ადვოკატთა პროფკავშირის დაფუძნება, ადვოკატების დასაცავად?

„მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადვოკატთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. ამ მიზნის უზრუნველყოფა შესაძლებელია სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებისა და არსებული რეგულაციების პირობებში ადვოკატთა უფლებების დაცვით“.

თუ მოასწარით უკვე რომელიმე ადვოკატის დაცვა?

„მხოლოდ ადვოკატებს არ ვიცავთ. ჩვენს პროფკავშირს უკვე მიეცა შესაძლებლობა, დაეცვა ცალკეული დასაქმებული პირები მათივე თხოვნით. კერძოდ, საუბარია სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული დასაქმებული ქართველების კანონიერ უფლებებზე. ადვოკატთა პროფკავშირმა აიღო ვალდებულება, უსასყიდლოდ დაიცვას დაზარალებული პირების უფლებები, როცა სამართალდამცველი უწყების ზოგიერთი პირის მხრიდან ადგილი აქვს ადვოკატის დევნის კონკრეტულ ფაქტებს“.

მაგალითად?

„მაგალითად, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ფაქტი. არის საკანონმდებლო პრობლემებიც. ადვოკატებს მოქმედი კანონმდებლობაც არ აძლევს სამართლებრივ საშუალებებს, სათანადოდ დაიცვას კლიენტი, სრულყოფილად განახორციელოს დაცვის ვალდებულება.

მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა როლის მიზანმიმართული დაკნინება ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის პირობებში მიმდინარეობდა. სუსტი ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ხალხის აზრს, ყოველთვის ცდილობს, შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობა, რადგან ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებაში იგი ხელისუფლების დაკარგვის პოტენციურ საფრთხეს ხედავს“.

რას გულისხმობთ?

„ადვოკატთა ინსტიტუტს არაერთი გამოწვევა და სირთულე შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ბოლო 25 წლისგანმავლობაში, იყო ადვოკატთა კორპუსის პოლიტიზების, შიდა დაქსაქსულობის პროვოცირების, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობები, თუმცა, ამ სირთულეების ფონზე, ადვოკატთა კორპუსი საკმაოდ მდგრადი და თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. ადვოკატთა კორპუსს კარგი შანსი აქვს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“.

თქვენ ვეტერანების პრობლემებზე ბევრჯერ ისაუბრეთ. თუ შეიცვალა რამე?

„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა პრობლემების მიმართ ხელისუფლების არაადეკვატური და არათანმიმდევრული დამოკიდებულება შეინიშნება. ეს სოციალური ჯგუფი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის მიმართ ხელისუფლება წლების განმავლობაში სათანადო ყურადღებას არ იჩენს“.

არასათანადო ყურადღებაში რა იგულისხმება?

„ჩვენი და ზოგადად არასამთავრობო სექტორის აქტიურობის მიუხედავად, დღემდე არ იცვლება სოციალური შემწეობის ოდენობა“.

რამდენია დღეს ვეტერანების შემწეობა?

„სიმბოლური თანხაა, 22 ლარის ოდენობით. აუცილებელია ვეტერანების მიმართ მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. შესამუშავებელია დროში განსახორციელებელი ღონისძიებების მკაფიო გეგმა-გრაფიკი.

ასევე არასათანადო და არაადეკვატურია სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები პირების კანონიერი და კონსტიტუციური უფლებების დაცვის საქმეში“.

თქვენ რა რეკომენდაცია გაქვთ?

„სახელმწიფოს, პირველ რიგში, მოეთხოვება მკაფიო და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა იმ მოსახლეობის პრობლემების კომპლექსური დაცვის მიმართულებით, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მცოცავი ანექსიის მსხვერპლნი გახდნენ“.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებაზე რა პოზიცია გაქვთ?

„ქართული მიწისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ფასეულობების გაყიდვა ქვეყნის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი დანაშაულია. მომავალი თაობა უკეთ შეაფასებს როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული პოლიტიკური მოღვაწისა თუ მაღალი თანამდებობის პირის ქმედებას.

უცხოელებზე მიწა რომ გაიყიდოს, მოხდება ის, რაც საბჭოთა პერიოდის შემოქმედებს ხვდათ წილად ახალი თაობებისაგან, მაგალითად, სერგო ორჯონიკიძეს. კარგი იქნება, თუ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტისას გადახედავენ დემოკრატიულ ქვეყნების გამოცდილებას, როგორი რეგულაციები აქვთ მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწისა თუ სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ფასეულობის გადაცემასთან დაკავშირებით.

უფლის წყალობით, ამ უმძიმეს ჟამს ქართველ ერს გვყავს ბრძენი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც უსმენს ქართველი ერი. იმედია, მოუსმენს საქართველოს ხელისუფლებაც. პატრიარქი ბრძანებს: „არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. ამის უფლება არავის აქვს _ არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს. არავის აქვს უფლება, გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები.…ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *