ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათი განცხადებით, 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ხმების პროპორციულ განაწილებასაც და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც.
„ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო, ხოლო მისი ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა. ასე რომ, სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და მათ თუ სურთ ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ეს არის გამოსავალი,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის,საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი.
კერძოდ, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის (პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის) იმდენი პროცენტით, ხმათა რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პროპორციული საარჩევნო სისტემით. შესაბამისად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიიდან შეივსება ზემოაღნიშნული კუთვნილი მანდატების რაოდენობამდე, ხოლო თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია ან აღემატება მისი კუთვნილი მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არც ერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება.
კანონპროექტში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში შენარჩუნებულია ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატების მონაწილეობის შესაძლებლობა.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.
ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.
პროპორციული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრთა 77 მანდატი პროპორციულად გაუნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისათვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა.
იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, გამოითვლება ფორმულით: Mp = Np x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Np არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, K – მაჟორიტარული სისტემით საინიციატივო ჯგუფებისა და იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო N – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. გათვალისწინებულია ზემოთ მოყვანილი ფორმულის კორექტირება ისეთი თეორიული შემთხვევისთვის, როგორიცაა ერთი პარტიის მიერ იმდენივე ან უფრო მეტი მაჟორიტარული მანდატის მოპოვება, ვიდრე მას ეკუთვნის.
კანონპროექტის ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მანანა ნაჭყებია, ნიკოლოზ ჯოგლიძე, კონსტანტინე კემულარია, ნატო ჩხეიძე, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია, თაკო ჩარკვიანი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ამზაშვილი, ალეკო ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მანანა ჯებაშვილი, გია ბერძენიძე, გრიგოლ ჯოჯუა, შოთა მალაშხია.
იპნ