„რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები. ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება“ – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტ-ელიტის შეცდომების ბრალი იყო, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, გარე მტრის ხელიც ერია. დღესაც ამ პროცესებში ქართველები ჩანან წინა პლანზე, მაგრამ ამის უკან იმდენი ძალაა თავმოყრილი, იმდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს… ოპოზიციამ პროტესტი უნდა გამოთქვას, მაგრამ უკვე პროტესტშიც აღარ არის საქმე, ლაპარაკია ორმხრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ და კვლავაც უშვებენ. სამწუხაროდ, სურათი ასეთია და ამისი გამოსწორების პერსპექტივა ამწუთას არ ჩანს… ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა – ნახა, რომ აქციებზე ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავს და სხვადასხვა ადგილას გადაწყვიტა აქციების ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონებშიც გააქტიურდება დაპირისპირება. ქუთაისში დანთებული პატარა ცეცხლი ყველა რეგიონს რომ გადასწვდეს, წარმოიდგინეთ, რამხელა ხანძარი აგიზგიზდება. ეს ძალიან სახიფათოა, მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ საფრთხილო რეგიონები გვაქვს“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.