„ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება – კარგი იქნება, თუ მამა პოლიტიკოსებთან შედარებით შვილების პოლიტიკური დონე უფრო მაღალი იქნება“

32,567 წაკითხვა

„საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ბურჯანაძის, სანიკიძის, ბოკერიას, ბერძენიშვილის შვილები პოლიტიკურ ოლიმპს უტევენ – ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება.

„ქართულ პოლიტიკურ ოჯახებში თაობათა ცვლა ახალი არ არის. მაგალითად, თბილისის დღეს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გასული წლების ცნობილი პოლიტიკოსის, „მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ვაჟია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ასევე გასული ცნობილი პოლიტიკოსის, „სახალხო პარტიის“ ყოფილი ლიდერის, გია კობახიძის შვილია. თუმცა, მოქმედი პოლიტიკოსების შვილების აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენამ ბოლო დროს გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო. ისინი აქტიურად არიან ჩაბმული როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მშობლებთან ერთად მნიშვნელოვან შეხვერებშიც იღებენ მონაწილეობას და ქუჩის აქციებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის, ნინო ბურჯანაძის, ვალერი გელბახიანის, გიგა ბოკერიას ვაჟები და სხვები“, – აღნიშნავს გამოცემა.

„მამა-შვილი ბუშები გამოირჩნენ იმით, რომ ორივე პრეზიდენტი გახდა. ძმების პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება კენედების ოჯახს. ასევე არისტოკრატული ოჯახიდან მოვიდა პოლიტიკაში ჩერჩილი. ტრადიციულად კი უფლისწულებს მემკვიდრეობით ერგებოდათ მამების ხვედრი. ეტყობა ეს ნათესაური კავშირები პოლიტიკაშიც ადვილად გადადის… რა თქმა უნდა, საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს იმ თვალსაზრისით, რომ „ის ურჩევია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა“. იდეურადაც მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს. ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება და სასურველიც, თუ მამა პოლიტიკოსებთან შედარებით შვილების პოლიტიკური დონე უფრო მაღალი იქნება, სხვა იქნება მათი პოლიტიკური ენა, მუშტი-კრივსა და ბოქლომებს გასცდება“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

Next Post

„ძველი გვარდია“ - ბიძინა ივანიშვილის ერთად-ერთი გამოსავალი

ორშ დეკ 9 , 2019
32,567 წაკითხვა„ქართული ოცნება“ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედზეა, მას ხალხში მხარდაჭერა, დიდი ხანია, აღარ აქვს“- აცხადებს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რცხილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს: „ვფიქრობ, ივანიშვილისთვის ეს პარტია ახლა ბალასტი უფროა. ალბათ სჯობს, დაშალოს „ოცნება“ და ახალი ძალა შექმნას, ე. წ. „ძველი გვარდიის“ დახმარებით. გამოაცხადოს, რომ მან ჩამოიცილა „სოროსელები“, […]