14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. კახა კალაძის ინფორმაციით, აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავჯდომარეობის საზეიმო აღნიშნვას უკავშირდება.
„ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.
საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მობრძანდით, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან ერთად და ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ,“- განაცხადა კახა კალაძემ.