ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ერთი თვეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს ციხეში პატიმრების მონახულების უფლებას არ აძლევს. გოცირიძის განცხადებით, მან ამის თაობაზე არჩილ თალაკვაძეს ხუთჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„ხდება უპრეცედენტო მოვლენა, რაც არ ყოფილა პარლამენტარიზმის ისტორიაში. ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას. 1 თვის განმავლობაში არც ერთ დეპუტატს არ გვიშვებენ ციხეში. მე პირადად 5 – ჯერ მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. დღესაც ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი ოქრუაშვილის მოსანახულებლად უნდა შევსულიყავი და უარი მივიღეთ. ეს პირდაპირი პოლიტიკური დევნა და კონსტიტუციის დარღვევაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან. ასეთი თავხედობა და ამ კუთხით კანონების დარღვევა პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ შევა ციხეში და ვინ მოინახულებს პატიმრებს. პარლამენტის თავმჯდომარე აქამდე ხომ იყო პაიკი და მარიონეტი, ახლა რა შეიძლება იყოს მარიონეტზე მორჩილი, ეს სიტყვა თქვენ მიკარნახეთ,”- განაცხადა გოცირიძემ.
იპნ