სუფრაზე დაპირისპირება ცოტნეს ღვინის გამო დაწყებულა-ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები

2,395 წაკითხვა

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო.

საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს არ მოეწონათ, რამაც ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა.

ამასთან, მოწმის ჩვენების მიხედვით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო.

„ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ კახა ჩხეტიანთან, რომელთანაც ნათლიმირონობაც მაკავშირებს… 20 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ჩემ მობილურზე უცნობი ნომრიდან დარეკა კახა ჩხეტიანმა და მითხრა, რომ თუ სახლში იქნებოდა, მოვიდოდა… დაველოდე კახას, რომელიც მოვიდა დაახლოებით 12 საათისთვის მარტო ფეხით… ამის შემდეგ მე გავაწყე სუფრა და მოვთხოვე კატეგორიულად მოეყოლა კახას ჩემთვის ყველაფერი და აქა იქ ნუ მელაპარაკებოდა, რაზედაც კახამ მიამბო შემდეგი:

19 დეკემბერს ყოფილა მისი გარდაცვლილი ძმის, ბადრის დაბადების დღე, რის გამოც კახა და მისი მეზობელი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, წასულან ბადრის საფლავზე, დაუნთიათ სანთლები და მალევე უკან, მათ უბანში დაბრუნებულან. გზად შეუძენიათ სამწვადე, რათა ეთქვათ და მოეგონათ გარდაცვლილი ბადრი. ისინი დამსხდარან ცოტნე გამსახურდიას სახლის ანუ კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც უბნელები იკრიბებიან თურმე. სუფრის დროს დაურეკავთ ძმებ ქვათაძეებს კახასთვის და უკითხავთ, თუ სად იყო, რაზედაც კახას უთქვამს, რომ სასაფლაოზე სანთლები დაენთოთ და ჩასულიყვნენ იქ, სადაც ქეიფს აპირებდნენ.

ამასობაში კახასთან მისულან სხვა უბნელებიც. ერთ-ერთ მეზობელს, ვანო კორინთელს უნდა მიეტანა სუფრაზე ღვინო. ამ დროს იქ უკვე მისულან ძმები ქვათაძეები და მათი მეგობარი ტატო ღარიბაშვილი, რომელიც ფეხებზე ოპერაციების გამო იმყოფებოდა თურმე კასტილებით. ვანო კორინთელის მოსვლამდე მისულა ცოტნე გამსახურდია, რომელსაც თავის მხრივ შეუთავაზებია კახასთვის კარგი ღვინის მიტანა. კახას მიუცია ჭურჭელი და ცოტნესაც მოუტანია ღვინო, რომელიც, როგორც კახამ თქვა, არც ერთ სუფრაზე მყოფს არ მოწონებია.

ამის გამო დაუწყიათ ვანო კორინთელის მიერ მოტანილი ღვინის დალევა, რაზედაც განაწყენებულა ცოტნე, დამჯდარა ცალკე, სუფრისგან მოუთხოვია მის მიერ მიტანილი ღვინო და დაუწყია დალევა ცალკე მიუხედავად იმისა, რომ ყველა სუფრაზე მჯდომს უთხოვია სუფრასთან მისვლა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, ერთ-ერთ სუფრაზე მჯდომ აზერბაიჯანელ პირს უთქვამს ძმები ქვათაძეებისთვის, რომ აღნიშნული სუფრიდან ეპატიჟებოდა მის სახლში, ვინაიდან გარკვეული სიმპათიები გამოუხატავს ახალგაზრდების მიმართ. აღნიშნულზე ცოტნეს ირონიულად უთქვამს, წამოდით, მეც გამოგყვებით, გაგაცილებთო, რაზედაც გიორგი ქვათაძეს გაცილებისთვის ცოტნესთვის გადაუხდია მადლობა და უთქვამს, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, ვინაიდან ბიძასთან ერთად იხსენებდა გარდაცვლილ ბიძას.

ამის შემდეგ ცოტნე ამდგარა და წასულა, რაზედაც ყველა სუფრაზე მჯდომს შვებით ამოუსუნთქავს, ვინაიდან მთელი სუფრა ცოტნეს უხეში და უზრდელი ქცევებით და საქციელებით ყოფილა დაძაბული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ქეიფს მორჩენილან და გარეთ გამოსულან უბანში, ამ დროს ცოტნეც გამოსულა სახლიდან და გიორგი ქვათაძისთვის უთქვამს ხალხში, არასწორი ბიჭი ხარო, რაზედაც კახას და იქ მყოფებს უთხოვიათ როგორც გიორგისთვის, ისე ცოტნესთვის, რომ დაწყნარებულიყვნენ და არაფრის გამო არ გადაეზარდათ სიტუაცია ჩხუბში, გიორგის კი უთხოვია კახასთვის, რომ მხოლოდ კითხვას დაუსვამდა ცოტნეს, თუ რას უშავებდა და რომ უწოდა არასწორი, რაზედაც უცებ ცოტნეს ორჯერ ზედიზედ ხელი დაურტყამს გიორგისთვის თავისა და სახის არეში, თან შეუგინებია დედის მისამართით.

ამ დროს ცოტნესთან ახლოს მდგარა ტატო ღარიბაშვილი, რომელსაც მეგობრის ცემის დანახვაზე ცოტნესთვის თავში ჩაურტყამს თან ნაქონი ყავარჯნები, რაზედაც გამართულა ხელჩართული ჩხუბი და ამ ჩხუბის დროს, როგორც კახამ მითხრა, დავინახე, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელებს ცოტნეს სახისკენ და თავისკენო, მაგრამ, ვერ დავინახე, თუ რა ეჭირა ხელშიო.

ერთ მომენტში გიორგი გვერდით გაუთრევია ძმას თორნიკეს, ხოლო დანარჩენებმა გავაშველეთ ტატო და ცოტნეო, შემდეგ რამდენიმე მეტრის გავლისას ისევ ტატოსა და ცოტნეს შორის დაწყებულა ჩხუბი, რომლის დროსაც ორივე მათგანი წაქცეულა. შემდეგ ტატო ამდგარა ფეხზე და ყველა ერთად ანუ კახა, გიორგი და თორნიკე ქვათაძეები და ტატო ღარიბაშვილი გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან ისე, რომ ტატოს ყავარჯნები ადგილზე დარჩენია.

მათ გაუჩერებიათ იქვე სადღაც ტაქსი, რითაც წასულან შემთხვევის ადგილიდან. კახას ტაქსში უნახავს, რომ სისხლიანი იყვნენ მთლიანად ყველანი, რაზედაც გაკვირვებულს გიორგისთვის უკითხავს, ბიჭო დანას ხომ არ ურტყამდი თავშიო, რაზედაც გიორგი დათანხმებულა ანუ როდესაც კახას დაუნახავს, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელს, მას ხელში ნამდვილად დანა ჭერია და ამის გამო იყო ყველა გასისხლიანებული ცოტნეს სისხლით.

როგორც კი კახას დანის ხმარების ფაქტი გაუგია, შეშინებულან და წასულან დუშეთში, თუმცა არ ვიცი, ვინ წაიყვანა, რითი წავიდნენ და ვისთან მივიდნენ….

აქვე მოგახსენებთ, რომ როგორც კახამ მითხრა, თორნიკე ქვათაძეს და თავად კახას ცოტნესთვის ხელი ან რაიმე საგანი არ დაურტყამთ, ისინი აშველებდნენ მათ, მხოლოდ ტატოს ჩაურტყამს ყავარჯნები და ფიზიკურად გასწორებია, ხოლო გიორგის დაურტყამს დანა“, – ყვება ჩვენებაში საქმეზე დაკითხული მ.ხ, რომლის ჩვენებაც „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირი – გიორგი სოლოღაშვილი (ქვათაძე) და ტატო ღარიბაშვილია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დაკავებულია 3 პირი: კახა ჩხეტიანი, პეტრე ყუფარაძე, თორნიკე ქვათაძე.

იპნ

Next Post

„ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი“ - მამუკა ხაზარაძე

კვი დეკ 22 , 2019
2,395 წაკითხვაჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კომპანია „ფეისბუქის“ მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის წაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებებს მფარველობენ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ. „ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არა მხოლოდ ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი, არამედ უნდა გასცეს სერიოზული პასუხი 20 ივნისის […]