ადამიანები ოდითგანვე ცდილობდნენ გაეგოთ ღმერთების ნება სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, ძველი ბერძნები ღმერთების ნებას სამსხვერპლო საქონლის შიგნეულზე დაკვირვებით,ცხოველთა და ფრინველთა ქცევით,ან ტრანსში მყოფი პითიას ბნელმეტყველებიდან იგებდნენ, რომაელებს სხვა საშუალებებთან ერთად მთელი სისტემა ჰქონდათ ფრინველთა ქცევის მიხედვით მომავლის ცნობისა-აურისპიცია, რომლის მცოდნე ქურუმებს-ავგურებს უწოდებდნენ.
უძველესი ჩინელები კუს ბაქანზე მკითხაობდნენ,ციმბირელი შამანები ჰალუცინოგენებით და როკვით შედიოდნენ ტრანსში, რათა ტრანცენდენტურ სამყაროს სულებთან დაემყარებინათ კავშირი, აცტეკები ადამიანის მსხვერპლშეწირვით ცდილობდნენ ღნერთების ნების გაგებას.
ასეთი უამრავი პრაქტიკა არსებობდა და ყველამ აქ მოიყარა თავი გაუკუღმართებული ფორმით.
თუ რომაელი, ავგურები, აპოლონის ბერძენი ქურუმები, ციმბირელი შამანები, მექსიკელი ბრუხოები თუ სანის ეპოქის მკითხავები ღმერთების ნების გაგებას ცდილობდნენ, ჩვენი ეპოქის ქართველ ქურუმებს ოლიმპო ამერიკაში ჰგონიათ და ცდილობენ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით გაიგონ ამერიკული პოლიტიკური ოლიმპიელების ნება.
ამისთვის გვყავს ავგურები, რომლებიც ამ ნების გაგებას სხვადასხვა მფრინავი უცხო ჩიტებისაგან ცდილობენ, შამანები, რომლებიც პროვინციულობის ჰალუცინოგებნებით ტრანსში მყოფნი როკავენ მედიებში, ამერიკული პითიას ბნელმეტყველების გამომცნობნი და ბრუხოები, რომლებიც სხვადასხვა მაგიური შეძახილებით,შელოცვებით და წყევლით ოპერირებენ ა.შ.
ამათგან ყველაზე არქაული და გამოცდილი მაინც ნაციონალური მოძრაობის მეთოდია.
ესენი აცტეკური პრაქტიკის მიმდევრები არიან და სწამთ, რომ ღმერთების კეთილგანწყობა მხოლოდ მოწინააღმდეგის გულის ამოკვეთით, გვამის პირამიდის კიბეებზე დაგორებით და მისი პოლიტიკური მზისთვის მიძღვნით შეიძლება.
ცხადია, ისევე როგორც ყველა ამ წარმართებს, ამათაც ჯერ არ მოსვლიათ თავში ეთიკური საწყისის არსებობა სამყაროში და როგორც ჭეშმარიტი კერპთაყვანისმცემლები, ძალებს ეთაყვანებიან რომელთა მიმართ მონურ მორჩილებას ამჟღავნებენ.
ტყუილად ჩაიარა 15 საუკუნოვანმა ქრისტიანობამ ჩვენთვის, სხვა მრავალთა მსგავსად.
სოსო მანჯავიძე