ჟონგლიორობა ლოზუნგებით – მოსკოვმა მიზანს მიაღწია, ჩვენ?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების პირველმა ნაწილმა, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა — შვება მოჰგვარა საზოგადოებას,  განსაკუთრებით ბიზნესს. მეორე ნაწილმა — საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, გულისწყრომა და გაღიზიანება გამოიწვია ქართველ მეცნიერებაში და არა მარტო.

პრესაში გაჩნდა ვრცელი სტატიები სათაურებით: „საქართველოს ისტორიის გაყალბება დანაშაულია“, „ამაოდ ეძებენ რუსები საფუძველს, ვითომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის“ და სხვა.

ქართველი მეცნიერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ქვეყნის ისტორიის სიღრმისეულ ცოდნასა და რუსეთის პრეზიდენტისთვის იმის მტკიცებაში, რომ საქართველოს ისტორია არ იცის  ან შეგნებულად ცდილობს მის დამახინჯებას. ითქვა იმის თაობაზეც, რომ პუტინს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მანაც გადაუმოწმებლად გაიმეორა.

პუტინი, განათლებით ისტორიკოსი არ არის, იურისტია და არც საქართველოს ისტორიის ზედმიწევნითი ცოდნა ევალება, რამეთუ გაეროში გაწევრებული 190-ზე მეტ ქვეყანასთან ურთიერთობისას ყველა მათგანის ისტორიის ცოდნა შეუძლებელია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მან უკეთ იცის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორია, ვიდრე სხვების.

საჯარო გამოსვლაში ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის შეხებისას ის იღებს კონსულტაციას სპეციალისტებისგან — განმტკიცებულს ისტორიული დოკუმენტებით. ამჯერადაც ასეთ პროცედურასთან გვაქვს საქმე. პუტინმა თქვა ის, რაც მას ექსპერტ-ისტორიკოსებმა უთხრეს. თქვა არა სპონტანურად, არამედ დაფიქრებით, წინასწარ ჩამოყალიბებული აზრით, თანმიმდევრობით.

მისი ნათქვამი უმალ აიტაცა რუსეთის ყველა ტელეარხმა. მათ გააანალიზეს საქართველოს ისტორია, თან დაურთეს ისტორიული ვიდეო და ბეჭდვითი მასალა — მაგალითად მენშევიკური მთავრობის წევრის გ.ლორთქიფანიძის სიტყვიდან ამონარიდი, ზ.გამსახურდიას განცხადება, სხვა მასალები, რასაც რუსი ისტორიკოსები და ექსპერტები უკეთებდნენ კომენტარებს. რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი გაამაგრა ტელე-რადიო კომპანიებმა, ბეჭდვითმა მედიამ.

განაწყენებულმა ქართულმა მხარემ უპასუხა და … ვინ დარჩა მოგებული?

რუსული მხარე, რომლის მედიური საშუალება და არეალი აშკარად აღემატება ჩვენსას. მოსკოვში ნათქვამი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. აქ ნათქვამი თითო-ოროლამ თუ წაიკითხა. მოსკოვმა მიზანს მიაღწია. ჩვენ?

ვითომ ჩვენც, მაგრამ ჩვენი ნათქვამი სამზარეულოში გულის ფხანას ჰგავს და არა რუსი პოლიტიკოსების, მეცნიერების ჩვენს ისტორიულ სიმართლეში დარწმუნებას.

გაზეთები, რომლებშიც პასუხები დაიბეჭდა ქართულენოვანია, ისე, როგორც ტელევიზიები — შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული და მოსკოვის ყურამდე ვერ აღწევს. უმჯობესი იქნება აღნიშნული მასალების რუსულად თარგმნა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაგზავნა. გარდა ამისა თხოვნა რუსეთის აკადემიისადმი — რუს ისტორიკოსებთან, ქართველი კოლეგების შეხვედრის თაობაზე.

შეხვედრას ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და მასში ჩართული უნდა იყვნენ აფხაზი და ოსი მეცნიერებიც. შეხვედრა არა მარტო ისტორიულ თემატიკაში შეიტანს სინათლეს, არამედ ხელს შეუწყობს რუსეთთან და ყოფილ ავტონომიებთან ჩატეხილი სამეცნიერო ხიდების აღდგენას, შეძლებისდაგვარად წერტილს დაუსვამს საქართველოსთან მიმართებაში მედიაში გამოქვეყნებული სიცრუის ტირაჟირებას.

კარგი იქნებოდა ანალოგიური პრაქტიკის შემოღება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

როგორც ჩანს რუსი ისტორიკოსები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ რუსეთის პრეზიდენტს, დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში, რომელიც (მათი აზრით) განმტკიცებულია ისტორიული დოკუმენტებით.

რუსეთს წყინს, როდესაც მას ოკუპანტად მოიხსენიებენ, ვინაიდან, მათი აზრით, მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მათთვის მიუღებელია დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუნდაც ისეთი, „Sveriges Radio”-მ რომ გააჟღერა ქრისტინე ტალახაძის ნოუჰაუსთან დაკავშირებით.

ტალახაძემ საკუთარი რესტორნის შესასვლელი ასეთი წარწერით „დაამშვენა“ — „იცით თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია? თუ არ იცით, ჩვენ აგიხსნით. რუსებისთვის ფასებს 20%-ით ვზრდით, ვინაიდან მათ მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაახლოებით 20%-ს შეადგენს“.

„20% და რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები არა მარტო ტალახაძის რესტორანზეა, არამედ ავტომანქანებზე, საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების შენობების კედლებზე, რუს ტურისტებთან, ჟურნალისტებთან, კაფე-ბარების მეპატრონეთა საუბარში, რომლებიც შინ დაბრუნებისთანავე რუს და უცხოელ მკითხველს სთავაზობენ სტატიებს „უმადური“ საქართველოს შესახებ: „არც ერთი ხალხი გაქრობისგან ისე დიდსულოვნად არ გადაურჩენია რუსებს, როგორც ქართველები“.

მოჰყავთ ნოდარ ლომოურის „საქართველოს ისტორიიდან“ ამონარიდი: „შაჰ აბას I-ს ლაშქრობა კახეთში. 100000 დახოცილი, 200000 სპარსეთს გარეკილი, გაწმენდილ ტერიტორიებზე თურქმენული ტომების ჩასახლება“.

„რუსეთის ქართლში შესვლისას, ადგილობრივთა რაოდენობა 60000 იყო. მომდევნო 100 წლის განმავლობაში რუსული „მეგობრული ხიშტების“ წყალობით მოსახლეობა მილიონნახევრით გაიზარდა. საბჭოთა 70 წლის პერიოდში — 5 მილიონამდე“.

„პრეზიდენტ გამსახურდიადან დაწყებული, კამათობენ ნებაყოფლობით, ნახევრადნებაყოფლობით თუ არასაკუთარი სურვილით შევიდა საქართველო რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ არვინ სვამს კითხვას, რა საქართველოზეა საუბარი“, — წერს ი.შუმეიკო და იქვე პასუხობს:

„1490 წელს დარბაზმა დააფიქსირა საქართველოს სამ სამეფოდ — ქართლად, კახეთად და იმერეთად დაყოფა. მოგვიანებით იმერეთს გამოეყო სამეგრელო და გურია. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის. ქართლში რჩებოდნენ საკუთარი მეფეები, მაგრამ დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ პავლე I-ა შეასრულა დასნეულებული გიორგი XII-ს თხოვნა და 1800 წლის 22 დეკემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთა.

მართლმადიდებელი ქართველობა გადარჩა, რუსეთმა კი მიიღო ომები თურქეთთან, სპარსეთთან. ერთ-ერთი (თურქეთთან) კუტუზოვმა ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრამდე ერთი კვირით ადრე დაამთავრა. 1812 წლის პირველ ნოემბერს, ორდღიან ომში, რუსეთმა დაამარცხა სპარსთა 30000-იანი არმია აბას-მირზას მეთაურობით, რითაც გადაარჩინა საქართველო“.

სიტყვა „ოკუპაცია“, რომ სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს რუსეთში — ფაქტია. აქედან  გამომდინარე არის ის განცხადებები, რასაც ზოგიერთი ანალიტიკოსი აკეთებს: „ისინი, ვინც „რუსეთი მტერია და ოკუპანტია“ ლოზუნგებით ჟონგლირობენ, ივიწყებენ, რომ ამ ცნებებს პირდაპირი მნიშვნელობაც აქვთ. რუსეთის მიმართ მტრული პოლიტიკა და მტრად შერაცხვა აძლევს მას შესაბამისი პოლიტიკის გატარების უფლებას. თუ ქართველი პოლიტიკოსები და ხელისუფლება მტრულ პოლიტიკას ირჩევენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან მიიღებენ შესატყვის პასუხს, სადაც არც ოკუპაცია იქნება გამორიცხული, მაგალითად რუსეთის სამხრედო ადმინისტრაცია საქართველოში.

ოკუპაცია ნიშავს ოკუპაციას. ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე კომენდანტის საათის შემოღებას — ეკონომიკური და ადმინისტრაციული კონტროლით. ვინაიდან სომხეთი რუსეთის სამხედრო მოკავშირეა, შეიძლება მისი არმიის ჩართვის შესაძლებლობის განხილვაც, ერთობლივი საოკუპაციო ფუნქციების შესრულებისთვის ან მისთვის პასუხისმგებლობის ზონის გამოყოფა. მთავარი ამოცანა — საქართველოს არმიის დათხოვა, ქვეყნის დემილიტარიზაცია, მშვიდობისმოყვარე არააგრესიული მთავრობის შექმნა“ , — წერს დიმიტრი ვერხოტუროვი.

სამწუხაროდ, ასეთნი არ არიან მხოლობით რიცხვში, თუმცა კეთილმოსურნეთა რაოდენობა ჭარბობს. ქვეყნის აწმყო და მომავლის მიმართ ჩვენი ვალი მოითხოვს ამ უკანასკნელთა რიგების გაზრდას — საქმიანი კავშირების დამყარებით. ჩვენ კი რას ვაკეთებთ?  — ჯერ-ჯერობით საწინაარმდეგოს, „პატრიოტთა ალიანსის“  გამოკლებით.

დავუბრუნდეთ პუტინის ნათქვამს.

ჩვენთვის უცნობია სტალინისა და ბერიას გადაწყვეტილება აფხაზეთის მოსახლეობით „გამდიდრების“ თაობაზე? ან ის, რომ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 1931 წლამდე სამოკავშირო ხელშეკრულებით იყო დაკავშირებული — საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკასთან? ან ის, რომ 1926 წელს აფხაზეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა საბჭომ „მოიწონა“ აფხაზეთის სსრ კონსტიტუციის გადამუშავებული ტექსტი, სადაც სიტყვა „სუვერენული“ შეიცვალა „სოციალისტურით“? ანუ „აფხაზეთი არის სოციალისტური სახელმწიფო, ნაცვლად აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო; ან ის, რომ 1930 წ. აფხაზეთის აღმასრულებელი კომიტეტის მესამე სესიამ დაადგინა, რომ აფხაზეთის კონსტიტუციიდან ამოღებული ყოფილიყო სიტყვები „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ და მათ ნაცვლად ჩაწერილიყო „ავტონომიური რესპუბლიკა“?

ამასთან დაკავშირებით ნ.ლაკობამ — აფხაზთა ლიდერმა ყრილობაზე განაცხადა: „საქართველოს და აფხაზეთის მშრომელების ურთიერთობების საკითხი სრულად გადაწყდა“. აფხაზეთის აღმასრულებელი კომიტეტის III 87სესიამ და აფხაზეთის საბჭოს VI ყრილობამ გადაწყვიტა აფხაზეთის სახელშეკრულებო რესპუბლიკის ნაცვლად, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლა. 1931 წლის თებერვალში ეს გადაწყვეტილება მოიწონა საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ.

აფხაზთა აზრით მიღებული გადაწყვეტილებები იყო ზეწოლის შედეგი და არა ნებაყოფლობითი.

ბევრ ჩვენგანს ახსოვს 1992 წლის აგვისტოს სამხედრო მარში აფხაზეთისკენ, რასაც მოჰყვა ომი. არადა, ორი კვირით ადრე, გაეროში, საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიკვაიძემ თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტონომიებთან არსებულ ყველა საკამათო საკითხს თბილისი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტდა.

მკითხველი ისე ნუ გამიგებს, თითქოს მარტო ჩვენი მხარე იყო დამნაშავე. არამც და არამც, როგორც აფხაზებს, ისე სამხრეთ ოსეთელებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი თბილისთან ურთიერთობების გაუარესებაში.

ჩვენ ვამბობთ — ოსეთში, მენშევიკებმა სისხლიანი ლაშქრობა რომ მოაწყვეს, ოსთა აჯანყების ჩახშობას ისახავდა მიზნად; 2008 წლის ცხინვალის დაბომბვა კი, იქ საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას.  ომის გამჩაღებელი სააკაშვილი, მისი ხელისუფლება, ნაცმოძრაობა და საქართველოს საზოგადოების ნაწილი დღესაც თვლის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. და ეს მაშინ, როდესაც საწინააღმდეგოს ამბობს ტალიავინის სპეცკომისია, გაეროს დასკვნა.

თბილისისა და აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობები მეცნიერთა ერთობლივ შრომას მოითხოვს. შეკრების ინიციატორი თბილისი უნდა იყოს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჭეშმარიტების დადგენა და არა ერთმანეთის ლანძღვით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ორშ ივლ 22 , 2019
წაკითხვა: 175 „რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. “რამდენიმე დღე გავიდა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი  ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება. “რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით,  მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა. “18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად […]