ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუფასებელია

1,960 წაკითხვა

ვხედავთ კრემლის  არასწორ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც ყველასთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომლითაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შედეგად არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მიდგომაა, რომ ოკუპანტმა აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი უნდა შეწყვიტოს.

„ცხადია, ეს არადამიანური პოლიტიკა ოკუპაციის პირობებში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს უქმნის ძალიან სერიოზულ რისკებს, მათ შორის ჯანმრთელობის მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუ მიმოსვლის პროცესშია. ამიტომ არის, რომ ჩვენ ერთი მხრივ ჩართული გვყავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მეორე მხრივ, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ არიან კიდევ ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის შეუფასებელი, ფასი არ აქვს. ამიტომ, ამ ნაწილში მაინც შეძლონ და ადამიანობა გამოაჩინონ. დანარჩენი, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვხედავთ კრემლის აბსოლუტურად არასწორ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც არის მიუღებელი ყველასთვის და ეს არა მარტო საქართველოში ჩანს, არამედ – უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს კონსოლიდირებული მიდგომა, რომ ოკუპანტმა უნდა შეწყვიტოს ეს აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. საშვების გაცემის გაჭიანურების საკითხს, სესიაშვილი მას პროვოკაციის ნაწილად მიიჩნევს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ამაში ჩართულია. ძალიან კარგად იციან სახელმწიფო ორგანოებმა, სად რა პრობლემაა. სხვადასხვა ფორმით ხდება მოქმედება და კომუნიკაცია, რომ ასეთი პრობლემები გადაიჭრას. გამოსავალი პირველ რიგში დეოკუპაციაა“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შემდეგ შეიქმნა.

Next Post

ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარადგინა

ორშ იან 13 , 2020
1,960 წაკითხვასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან არსებული „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ: „ჩვენი ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადების მთავარი მიზანი ის არის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაოს კოორდინირებულად, რათა რუსული დეზინფრომაცია და პროპაგანდა შემცირდეს საქართველოში და ჩვენი საზოგადოება დავიცვათ ამ პროპაგანდისტული კამპანიის […]