ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავურუსის საკითხზე შეხვედრა იმართება. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელებენ შესაძლო საფრთხეების თაობაზე, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეჯერდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.
„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე, სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს ბანერები და ფლაიერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რომ დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. მოხდება ცხელი ხაზის და სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მომზადება, რომ მათ გამოიკითხონ მოგზაურობის ისტორია, ასევე, მოხდება ზოგადი სამედიცინო ქსელის ინფორმირება, თუ მათთან შემოვიდა პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.
ipn.ge