„სამწუხაროდ, ტენდენცია შემაშფოთებელია“ – აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს:
„ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს. შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ძალაუფლების დაკარგვის შიშით. შესაბამისად, ეს აგონიაც ამის შედეგია.
სამწუხაროდ, ამ ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ნაციონალური მოძარობა არ არის, მთლიანად საზოგადოებაა. ხელისუფლება უკვე ყველას ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივეს. ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით მათ ოპონენტებს, საზოგადოებას, არამედ ყველას, ვინც მასთან არ არის, ამერიკელ კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს. უკვე მთელი სამყარო მათთვის ნაციონალურ მოძრაობად იქცა. მთელი სამყარო, მათი აღქმით, მათთან დაპირისპირებაშია. ამიტომ, ისინი მზად არიან აგრესიისთვის ნებისმიერი მიმართულებით.
აფექტის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ხელისუფლებაა, სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს აღარაფერზე ფიქრობენ გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა. აქტიური თავდაცვა აქტიურ თავდასხმას ნიშნავს მათთვის.
წულუკიანის შეტევა სახალხო დამცველზე, აბსოლუტურად არაადეკვატური, ამის ნათელი მაგალითია. იგივე დასავლეთის კრიტიკისადმი რეაგირება, ამერიკის ყველაზე სოლიდური ინსტიტუტების ნაცმოძრაობად შერაცხვა – ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია“ – აცხადებს ხუხაშვილი.