დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირადი შეტყობინების სახით უგზავნიან ხმოვან გზავნილს იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსი დავიქსირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ განცხადებას.
“უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:
ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!
საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!
ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!”- ნათქვამია განცხადებაში.