ლალი ცერაძე – ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“, სადაც ვიხსენებთ აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ საომარ ბატალიებს. ამჯერად შემოგთავაზებთ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე და მის მიერ განცდილ და გადატანილ წარსულის ხედვას. (მეორე ნაწილი)
გაგრის დაკარგის შემდეგ სოხუმის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. იქმნებოდა ახალი ბატალიონები და სოხუმელები დამცველთა რიგებში დგებოდნენ. გაგრაში მოწყობილი ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ უკვე ყველამ გაათვითცნობიერა, რომ მდგომარეობა იყო ურთულესი. ყველამ დაინახა, რომ მოწინააღმდეგე არავის დაინდობდა, მით უმეტეს, რომ რუსეთიდან საზღვარი უკვე გაიხსნა მდინარე გუმისთამდე და აშკარად სოხუმის ჯერი იყო დამდგარი.
ჩვენს გულრიფშის რაზმში უკვე ოთხმოცამდე მეომარი ჩაეწერა და ერთი შტაბი დრანდის ინტერნატში განვალაგეთ, მეორე კი – მერხეულში. მერხეულის შტაბის უფროსად ჩემი მეგობარი მალხაზ კორძაია დაინიშნა. მათ კოდორის მიმართულებით მიეცათ დავალებები და მიუხედავად იმისა, რომ ახლგაზრდები იყვნენ, კარგად უძღვებოდნენ საქმეს, მე ვიტყოდი, პატრიოტიზმი შველოდათ.
ვინაიდან „საქართველოს მხედრიონის“ ძირითადი შტაბი განლაგებული იყო ოჩამჩირეში, ჩვენს რაზმს ხშირად უწევდა ტამიშის მიმართულებით გასვლა. სამწუხაროდ, 1992 წლის ნოემბრის ბოლოს ოჩამჩირის თავზე დავკარგეთ სოფელი კოჩარა. ამ სოფელს უდიდესი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა ტყვარჩელის აღების თვალსაზრისით და დიდი დანაკარგებით ვნახეთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ რომლის იმედიც გვქონდა, საუბედუროდ, მასიურად დატოვა სოფელი და შემოსულმა მტერმა აქაც არ დაინდო არავინ. მის წინ მდებარე სოფელ ქეთევანაში მტერს შეაკვდნენ სწორედ მხედრიონელები: ემზარ ონიანი, დავით რამიშვილი, მალხაზ ვაჩეიშვილი, ლეკო ონიანი, ჯემალ გურული და სხვები. მათი მეთაური იყო მაშინ თემურ გაბუნია, რომელმაც ალყაში მოხვედრილმა თავი ხელყუმბარით აიფეთქა სიტვებით „ბიჭებო, მე თქვენ ვერ გიღალატებთო!“. ასევე „შინაგანი ჯარის“ პირტიტველა გამოუცდელი ბიჭები ჩეჩნების დაგეშილმა მეომრებმა ერთიანად ამოხოცეს და დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
1992 წლის 5-6 დეკემბერს დაიგეგმა შეტევა კოჩარის ასაღებად. ჩვენ რაზმს დაევალა სწორედ შეტევის განხორციელება კვლავ ამ მიმართულებით. 75 კაცადე ვიყავით. მაშინ ჩვენს გვერდით იბრძოდნენ ბატონ ჯაბა იოსელიანთან ახალდშემორიგებული ზვიად გამსახურდიას მომხრე მეომრები ჯემალი ქობალიას მეთაურობით. რაღაც მაინც გული მეთანაღრებოდა, რადგან ზაფხულში სამეგრელოში წალენჯიხაში მძინარეებს დაგვესხნენ თავს და ჩვენი მეგობრები დაგვიხოცეს. მივბრუნდი გავეხუმრე ეჭვით: „ზურგიდან ხომ არ მესვრი მეთქი?“. გაიღიმა – „არაო“. ძმობა თქვა.
ჩვენს რაზმს შეურეთდა ადგილობრივი ოჩამჩირელი სვანების ოცდაათკაციანი ჯგუფიც ავთო, მინაგო და გია პაკელიანების მეთაურობით. ზემოდან უნდა დაშვებულიყო თბილისელების ერთ-ერთი ჯგუფიც. ჩვენს გვერდით იბრძოდა სვანეთიდან კოდორის „მონადირის“ რაზმიც ემზარ კვიციანის მეთაურობით. შეტევა კარგად წავიდა და უძლიერესი წინააღმდეგობის მიუხედავად შუადღისას კოჩარას ცენტრი მაინც ავიღეთ… შემოგვაღამდა.
დაღლილ-დაქანცულები, გაყინულები და მშივრები გამოგვიყვანეს შეცვლაზე. რამდენიმე დღით ადრე თბილისიდან ქალაქის მერმა ბატონმა ოთარ ლითანიშვილმა ჩამოიყვანა მოხალისთა რაზმი, „თბილისელი“, რომელსაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნდა და სწორედ ისინი ჩააყენეს კოჩარაში. საქმე ამან გააფუჭა, რადგან, როდესაც ერთი ტყვია გავარდა, მოიხსნა მთელი 150 კაცი და გამოიქცა და უმეტესობა შემდეგ შინ დაბრუნდა კიდეც. ვერავის ვერ გავამტყუნებ, მოუმზადებელი ბიჭები იყვნენ, პირდაპირ ტყვიების წვიმაში მოხვდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბატალიონის რამდენიმე წევრი შეტევის დროს გმირულად დაიღუპა და რამდენიმე ტყვედაც ჩავარდა კიდეც. ზოგი მათგანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თბილისის მერმა ბატონმა ოთარ ლითანიშვილმა ისე ინერვიულა, რომ გულის შეტევით წამოიყვანეს თბილისში.
მინდა გავიხსენო ერთი უცნაური სევდიანი ისტორია, რომელიც ჩემს თანამებრძოლს და ბიძაშვილს ტარიელ ჩხეტიანს გადახდა თავს. როდესაც ნოემბერში გადამთიელებმა კოჩარა აიღეს ტარიელი ტყვედ ჩავარდნილა. რამდენჯერმე მისი დახვრეტაც უნდოდათ თურმე, მაგრამ ერთი აფხაზი გოგო გამოსარჩლებია, რაღაცნაირად გამოუხსნია და გადაურჩენია. მას სურდა ტარიელი როგორმე გამოეყვანა ტყვეობიდან. როგორღაც ასულან კიდეც ვერტმფრენში რუსულ „მი-8“-ში. რაციით გადმოუციათ, რომ ამ ვერტმფრენში იყვნენ აფხაზი ბოევიკები და განსაკუთრებით ის აფხაზები, რომლებმა აწამეს და დახვრიტეს ქართველები კოჩარაში. სწორედ ეს ვერტმფრენი ჩამოაგდეს ლათასთან და დაიღუპნენ მგზავრები. მათ შორის იყვნენ თურმე ტარიელ ჩხეტიანი და აფხაზი გოგონა, რომლის გადარჩენილი დღიურიდან გაირკვა ყველაფერი. ასეც ხდება ომში. სიყვარულის გრძნობა ხანდახან ომში სიძულვილზე ძლიერი ყოფილა.
ცხენისწყალზე შეტევის შემდეგ რა გაეწყობოდა, ბატონი ჯაბამ უბრძანა ჩვენს ბიჭებს დაეტოვებინათ ეს ადგილი, რადგან ჩვენი მცირე ძალებით კვლავ კონტრშეტევის განვითარება შეუძლებელი გახდა.
ასე დაიკარგა კოჩარა და ტყვარჩელამდე აფხაზები პოზიციებზე კარგად გვარიანად გამაგრდნენ.
დილით უკვე რუსების „სუს“ თვითმფრინავებმა დაბომბეს ოჩამჩირის შტაბი. ბატონი ჯაბა სასწაულად გადარჩა.
თითქმის ერთი წელი ვაწარმოებიდით ბრძოლებს სხვადასხვა პოზიციებზე ოხურეისთან, ტამიშში. 1993 წლის 27 თებერვალს ერთ-ერთი ბრძოლის დროს მერკულასთან მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა ჩვენი თანამებრძოლი უვაჟკაცესი პიროვნება ჯამბული გერლიანი და სასტიკად აწამა. ის მართლა გაუტეხელი კაცი სულით გმირი იყო. სასიკვდილოდ დაგვიჭრეს ჩვენი ძამიკო გოჩა სუბელიანი. ბრძოლებში დამეღუპნენ თანამებრძოლები: ამირან ავალიანი, ნური ვაჩიანი, თემური ვიბლიანი, რამინ გიგლემიანი, ბადრი ჩოფლიანი. თანდათან საქართველოს ისტორიული წარსულის მამაცად დაღუპულ ზეციურ მხედრიონს უერთდებოდნენ ჩვენი ახლობლები და თავადაც ჩვენი ისტორიის ნაწილი ხდებოდნენ.
1993 წლის 25 სექტემბერს კვლავ გულრიფშის რაიონში ვიბრძოდით ჩვენი რაზმით. უკვე საკმაო გამოცდილები ვიყავით ბრძოლებში. ჩვენი დისლოკაციის ადგილი იყო კოდორის ხიდი. ჩვენგან მარჯვნივ იდგენენ „შინაგანი ჯარის“ ბიჭები, მარცხნივ კი ადგილობრივი მოხალისეები. დავალება გვქონდა ოჩამჩირის მხრიდან შემოტევის მოგერიება. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა პოზიციაზე მოვიდნენ ჩემი უფროსი მეგობარი ნუგზარ წულუკიანი და სოხუმის მერი გურამ გაბესკირია. დაათვალიერეს პოზიციები. გაგვამხნევეს. შემდგომში გავიგე როგორ ვაჟკაცურად დაიღუპა ბატონი გურამი. ღმერთმა აცხონოს.
26 სექტემბერს დილით გამოგვიძახეს სინოპის შტაბში. შევხვდი ბატონ ჯაბა იოსელიანს და ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. ორივე უხასიეთოდ იყვნენ. ელოდებოდნენ ოჩამჩირიდან დამხმარე ძალას, რომელიც არა და არ ჩანდა. და რადგან სხვა გზა არ იყო, შევთავაზე კოდორის ხეობიდან მაშველის გადმოყვანა, რაზეც დამთანხმდნენ. წამოვიდა კიდეც გია ვაშაკიძე რაზმით, მაგრამ ეს ყველაფერი დროში დაგვიანდა. სოხუმში სრული ქაოსი დაიწყო. ბატალიონებში იყო საკმაოდ დიდი მსხვერპლი. ისინი ვეღარ უმკლავდებოდნენ მტრის მოწოლას და უკვე თვითნებურად ტოვებდნენ პოზიციებს.
ბატონი ჯაბა მაინც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა გადაერჩინა ქალაქი და გვითხრა – „იქნება როგორმე შევიკრათ და ერთობლივად გაუწიოთ წინააღმდეგობა მტერს“. მაგრამ, სავალალოდ, მძიმე ტექნიკა ქალაქიდან გატანილი იყო და რაც დარჩა მათ საკეტები არ ქონდათ. აშკარა გახდა, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუეს და მოწინააღმდეგემ სამშვიდობო ხელშეკრულება დააღვია.
აფხაზებმა გუმისთაც გადმოლახეს და უკვე ბრძოლები ქალაქის ქუჩებში მიდიოდა. „საქართველოს მხედრიონი“ ბოლომდე, ბოლო წუთებამდე იცავდა ქალაქს. რამდენიმე დღე მხედრიონი გუმისთაზეც კი გამაგრდა. სოფელ თავისუფლებაში, ახალ რაიონში, მაიაკთან, სადგურზე შესანიშნავი ბიჭები დაიღუპნენ, ნუკრი ცისკაძე, გურამ აღნიაშვილი, კოტე ლატარია, ამირან ნარსავიძე, მერაბ მაისურაძე და სხვები. ღმერთმა აცხონოთ. ნუკრი ცისკაძე ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო და ბატონი ჯაბას თხოვნის მიუხედავად არ წამოვიდა პოზიციიდან და თავისუფლებაში ერთანად დაგლიჯა ყუმბარამ.
ყველაზე მეტად პრობლემა გახდა სოხუმის შუაგულში აღმართული ფუნიკულიორის სიმაღლის დაკარგვა. ფაქტიურად მტერმა უბძოლველად აიღო, როდესაც თბილისის პოლიცია და ასევე სოხუმის მესამე ბატალიონი მოიხსნა და გამოვიდა. ეს იყო ნამდვილი ღალატი. მხედრიონელებმა, უშიშროების ბიჭებმა და ავღანელებმა სცადეს ამ სიმაღლის აღება, მაგრამ მსხვერპლის მიუხედავად სიმაღლე დარჩა მოწინააღმდეგეს. ამ ბრძოლაში დაგვეჭრა ჩვენი „გლდანის საძმოს“ ერთ-ერთი მეთაური გოჩა აბეწვაშვილი და დაგვეღუპა ჩვენი სერგო გერასიმენკო, რომელიც თავში დაჭრილი მეორედ შებრუნდა ბრძოლაში და გმირულად დაიღუპა. ასევე დაიღუპნენ ბიჭები ავღანელთა ბატალიონიდან.
1993 წლის 27 სექტემბერს დაახლოვებით დილის თორმეტის ნახევარზე შევრდნაძემ ჩატარა თათბირი სინოპის შტაბში. ამ დროს სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობიდან დაურეკა ცხონებულმა ჟიული შარტავამ. სახეზე და ხმაზე დავატყე ბატონი ედუარდი ძალიან განერვიულდა – „მანდ როგორ ჩარჩიო, რა ხდებაო?!“ ეკითხებოდა ტელეფონში. გადაწყდა ჩვენი ბიჭების საშველად წასვლა და ბატონებმა დავით თევზაძემ და გურამ ჯანიაშვილმა წაიყვანეს თავისი რაზმის წევრები გამოსაყვანად. როგორც ჩანს იქ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ზოგი ამბობდა გამოვიდნენო, ზოგი ამბობდა ვერ გამოყვნენო გურამს სროლებშიო.
უცბად ზარი გაისმა. ბატონი ჟიული რეკავდა ბატონ ჯაბას უხსნიდა, რომ მტერი უკვე შესული იყო შენობის პირველ სართულზე და სროლები მიდიოდა. ბატონი ჯაბა აღელდა, მაშინვე წაიყვანა მხედრიონელები და ედუარდ შევარდნაძის დაცვის რაზმის ბიჭები და საშველად გაიქცა. ჯვარედინ ცეცხლში იარეს და სამწუხაროდ უკვე ყველაფერი გვიანი იყო. მინისტრთა საბჭოს შენობიდან ყველა ჩვენი მეომარი გაიყვანეს და უმოწყალოდ დახვრიტეს.
დაიწყო უმართავი პროცესები.
23 ბრიგადის მეთაური გენო ადამია თავგადაკლული ცდილობდა რამენაირად შეეკრა დაცვის ხაზი და წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისათვის. დილით შევიკრიბეთ მაჭარკის ხიდთან ბატონი ჯაბა იოსელიანი, თავდაცვის მინისტრი ბატონი გია ყარყარაშვილი, ბატონი გენო ადამია და რამდენიმე თანმხლები პირი. დაილაპარაკეს და გადაწყდა რომ ცოტა ხანში ვიკრიბებოდით აგუძერაში. ბატონმა გენომ თქვა, წავალ ჩემს მეომრებს ვნახავ პოზიციებზე და მოვალო, მაგრამ მას უკან დაბრუნება არ ეწერა. საქმე ის იყო, რომ ღამით კელასურთან მან ბაღმარანის ხიდთან ჩააყენა ასამდე მებრძოლი, მათთან მიეშურებოდა გასამხნევებლად. ამ დროს, როგორც ჩანს, მათი მანქანა შეეჩეხა მოწინააღმდეგის მზვერავ რაზმს და საუბედუროდ, ისინი მანქანაში დაცხრილეს. ბატონმა გენოს ბოლო ტყვიამდე უბრძოლია და სოხუმის უკანდაუხეველ გმირ, ვაჟკაც მცვლად დარჩა. უფალმა აცხონოს.
მე, გიორგი რურუა და უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი გავედით მაჭარკის ხიდთან თითქმის მერხეულამდე. ვთხოვდით, ვეხვეწებოდით მეომრებს, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამაოდ. ყველა თავს გვარიდებდა. პასუხად ისმოდა: „სოხუმი გაყიდულია“, „ბრძანება მივიღეთ გასვლაზე“, „მე ჩემს ცოლ-შვილს უნდა მივხედო“, „ტყვიები გაგვითავდა“, „აზრი არ აქვს ბრძოლას“ და სხვა არგუმენტები. გულგატეხილები და დათრგუნულები იყვნენ. არაფრის და არავისი აღარ სჯეროდათ.
შრომა უკვე დაკარგული იყო, დაიკარგა სოფელი თავისუფლებაც. რადგან ჩაკეტილი იყო ოჩამჩირის გზა და მოწინააღმდეგემ გადაკეტა ახალდაბა და კინდღის მონაკვეთი მოსახლეობა სოხუმიდან გადიოდა ზღვით და დაადგა კოდორის ხეობის გზას. საუბედუროდ, მათ ნამდვილი გოლგოთა გაიარეს. გაწამებული ადამიანების ცხედრებით მიმოფენილი იყო მთელი გზა. მაშინ მოვიდა უღელტეხილზე მაინც და მაინც თოვლი, ყინვა, ქარი და საშინელი სიცივე იდგა.
კელასურიდან გენოს ბიჭების ბოლო ასიოდე მეომარიც მოიხსნილა და აყოლია კოდორის ხეობას. იქ აღარავინ იყო. შტაბში მხოლოდ გენერალი ვალერი ქვარაია იმყოფებოდა და აგუძერაში დავრჩით 65 კაცამდე. ვეცადეთ კიდევ გამაგრება, მაგრამ ამაოდ… ჩვენი მხედრიონელებიდან ზოგიერთი ბოლომდე დარჩა ქალაქში და ტყვედაც ჩავარდა. ისინიც მოწინააღმდეგემ უმოწყალოდ დახვრიტა.
28 სექტემბერს უკვე დავტოვეთ სოხუმი. სულ ბოლოს მაჭარკის ხიდზე გადმოვიდა ბატონი ჯაბა. იგი შევარდნაძის თვითმფრინავით არ გადაფრინდა თბილისში. თავის მებრძოლებთან და ხალხთან ერთად დარჩა ბოლომდე. ჩვენ გამოვიარეთ ფეხით მთელი გზა, რომ იტყვიან ტყე-ღრე. თბილისში ჩვენი ადგილ-სამყოფელი არავინ იცოდა. ბატონ ჯაბას გადაწყვეტილი ქონდა კოდორის ხეობაში დარჩენა და რამენაირად პოზიციებზე გამაგრება. გზა და გზა სოფელ საკენამდე უამრავი მეომარი ვნახეთ. ბატონ ჯაბას შევახედე – „ნახეთ რა ძალაა მეთქი!“. ორი სამი დღით ადრე მიეტოვებინათ პოზიციები და ხეობაში აფარებდნენ თავს და ასეთი მორალურად გატეხილი კაცის უკან შებრუნება ბრძოლაში შეუძლებელი იყო.
სოხუმის დაცემის შემდეგ თბილისში პოლიტიკური მდგომარეობა გართულდა. ბატონმა ედუარდმა როგორღაც სატელიტით დაურეკა ბატონ ჯაბას და სთხოვა როგორმე უკან დაბრუნებულიყო და გვერდში დადგომოდა. ჩვენც გამოვედით ნელ-ნელა.
სოხუმის ბრძოლებიდან ყველაზე საშინელი წუთები იყო ჩემთვის, როცა 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერაში თვითმფრინავში ჩამწვარი ჩემი მეგობრების (მათ შორის უამრავი მხედრიონელი იყო) დანახშირებული ცხედრები დავინახე და 28 სექტემბერს როდესაც აფხაზებმა საზეიმო მაშხალებით გააჩირაღდნეს ცა. ვუყურებდი ზეცას და ცრემლები მახრჩობდა. მაშინ ასე ვფიქრობდი, რომ მთელი საქართველოს მობილიზების შემდეგ მოვიკრებდით ძალებს და შეტევაზე გადავიდოდით. მწარედ შევცდი…
ამ ოცდაათი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე ქართველ კაცს აფხაზი ძმის წინააღმდეგ იარაღი დამჭირდებოდა. აფხაზი მაშინ ძმა იყო. მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით და ბოროტებით არის აღსავსე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ის კატასტროფა მომხდარიყო რაც მოხდა. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთში სიყვარული და ნდობა. ვისი და რისი გაუაზრებელი პოლიტიკანობის შედეგი იყო ეს დაუნდობლობა დღეს არავის ახსოვს და სულ ცოტა ხანში საერთოდ დავიწყებას მიეცემიან. მაგრამ დარჩენილია ერთმანეთის პირისპირ აფხაზი და ქართველი, ოსი და ქართველი ადამიანები, რომელთაც დიდი ტკივილები როგორმე უნდა გადალახონ და მაინც უნდა გამონახონ საერთო ენა ჩვენი ქვეყნის ასაშენებლად.
ხვალ შეიძლება უარესიც მოხდეს. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. გარემოცვა ძალიან მძიმე გვაქვს. ქართველ მამაკაცს და ჩვენს მომავალ თაობს შეგნებული უნდა ჰქონდეს ვისი გვარის და ჯილაგის არის, რა ომები აქვს გადატანილი და ახსოვდეს რომ ქართველი სამშობლოსთვის ვაჟკაცური სიკვდილისთვის ჩნდება.
ამ წლებმა ბევრი რამ შეცვალა ქართულ მენტალიტეტში, რაც ადრე სირცხვილად ივთვლებოდა დღეს ნორმად გახადეს… ჩვენი ქვეყანის დაქცევას ნიღბავენ რაღაც ლიბერალური ვითომ დემოკრატიული ლოზუნგებით და უნდათ მთელი ერი დათრგუნონ, ხასიათი და შემართება შეუცვალონ… მე ვიტყოდი, რომ ჩვენს უხილავ თუ ფარულ მტრებს სწორედ ქართული სულისკვეთების მატარებელი მეომარი ვაჟკაცი ბიჭები ხელს უშლიან ამაში ხელს. მათი არსებობაც კი ხელს უშლით… ჯერ რუსეთის დავალებით ომი ატეხეს, შემდეგ ომგამოვლილი ბიჭები ციხეებში გამოკეტეს და ახლა კი სიტყვა „ვეტერანი“ დასაცინ სიტყვად აქციეს.
ომი დაიწყეს და წააგეს პოლიტიკოსებმა. მეომარი კაცი როგორც შეეძლო გულითანთებული იდგა ბოლომდე, როგოროც შეეძლო ისე იგერიებდა მომხდურს. ის თავის სახლს, მიწას, ოჯახს იცავდა, რადგან მეტი გამოსავალი არ დაუტოვეს პოლიტიკოსებმა. მომავალმა თაობებმა ეს უნდა იცოდნენ – მათ გმირი წინაპრები ყავდათ!
მე ვიტყოდი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგავას და ამ ჩვენს მარცხს ძალიან კრიტიკის თვალითაც ნუ შევხედავთ. ნუ დაგვავიწყდება რომ ქართული ჯარი მაშინ მოხალისეებისგან შედგებოდა და ხშირად თანამებრძოლები არც იცნობდნენ ერთმანეთს. პროფესიონალური გაწვრთნილი და შეიარაღებულ-ჩაცმული არმია არ გვყავდა. იარაღი ხშირად ბრძოლაში იყო მოპოვებული და სროლაც არ იცოდნენ ბიჭებმა და მიუხედავად ამისა ჩვენი მეომრები მტერს ანცვიფრებდნენ შემართებით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მარცხიც იყო შიშით და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული. ასევე მიდიოდა თბილისის კაბინეტებიდან ფრონტის მართვა გაუგებარი ბრძანებებით, ფრონტებს შორის არ იყო შეთანხმებითი მოქმედება, დიასახებოდა ოპერაცია და შემდეგ რაღაც ურთიერთჯიბრით ჩაიშლებოდა ხოლმე.
ასევე ფორმირებებს შორის იყო რაღაც უხილავი გაუგებრობები. ერთიანი სარდლობის სამხედრო ხელმძღვანელობა არ იყო. ეს ღუპავდა ყველაფერს. ადგილობრივი მოსახლეობაც თითქოს ვერ იაზრებდა რომ ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა. ხშირად ზედაპირულად უყურებდნენ ყველაფერს.
დედა მასწავლიდა, რომ, შვილო, უნდა გიყვარდეს უფალი, ვინც გაგვაჩინა, შვილო, უნდა გვიყვარდეს ის მიწა, სადაც ვცხოვრობთ და უნდა გიყვარდეს ის ხალხი და მოყვასი, ვინც შენი ქვეყნის შვილია. დღეს თუ ვინმე ასე ზრდის თვის შვილებს ის ჭეშამარიტებას ღაღადებს…
„საქართველოს მხდრიონის“ ვაჟკაცობის აღიარება, მამულისთვის თავდადების დანახვა მომავლის საქმედ მეჩვენება. თავიდან ეს ორგანიზაცია ორმოცდაათი კაცით დაიწყო მარტყოფის ველზე სამშობლოს, ერის, ერთურთის სიყვარულის ფიცის მიღებით. შემდეგ შემოუერთდენენ მოხალისეები ყველა რეგიონებიდან და სწორი მიმართულებით რომ წარმართულიყო ეროვნული იდეოლოგია და არ გაეგლიჯათ ის გარკვეულ ძალები ქართული საქმის საზიანოდ, ამ დღეში არ ჩავვარდებოდით. მხედრიონის ფიცი იყო – მამულის გადარჩენა და კეთილდღეობა. და თუ ვინმემ შეირცხვინა თავი, მის სინდისზე ის ყაჩაღობაცაა და იმ გმირის შეურაცხოფაც, ვინც უანგაროდ, უჩუმრად შეაკლა თავი მტერს.
ეს ადამიანები ჩვენც კარგად ვიცით და უფალმაც გამოუტანათ უკვე განაჩენი. ამასათან პირველფიცმიღებული მხედრიონელებიდან პირველივე ბროლებში დაიღუპნენ უმეტესობა და დღეს მათგან ერთი ათეული კაციღა გადარჩა.
სამშობლოს და მეგობართა ფიცის გამტეხს არ შერჩება ავაზაკობა. მაგრამ თავად „მხედრიონის“ იდეა ვერ ჩაჯდა შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში და ვერც ჩაჯდებოდა. სახელმწიფო აღმშენებლობაში „თოფიანი კაცი“ ვერ მოიაზრებოდა. თანდათან ეს ერთობა მახინჯ ფორმებს იღებდა და ამიტომაც ბატონმა ჯაბამ მხედრიონელებს იარაღი ჩააბარებინა და ორგანიზაციის ლიკვიდაცია გამოაცხადა.
რა თქმა უნდა ეს პროცესი არ იყო უმტკივნეულო. ჩვენი გულითადი გაერთიანება არ მოსწონდა არც ბატონ ზვიად გამსახურდიას მმართველობას და არც ბიოროკრატიულ-დიქტატორულ კლანურ შევარდანაძის რეჟიმს, ამიტომაც აღმოჩდნენ გისოსებს მიღმა ჩვენი ერის საუკეთესო შვილები. მე ვიტყოდი ორივეჯერ საკუთარი ნებით იტვირთეს მძიმე ჯვარი. მრავალი ჩვენი თანამებრძოლი თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები საპატიმროში იყო.
ასეთი ვაჟკაცი ბიჭები აღმოჩდნენ საკნებში უკვე მესამედაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ათასგვარი წამება და შეურაცხოფა გადაიტანეს. ბევრმა მამულიშვილმა საერთოდ დატოვა საქართველო და უცხოეთს შეაფარა თავი.
ნაციონალური რეჟიმი არ ცნობდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპულ, ინვალიდ და გადარჩენილ მეომრებს. პირიქით ლანძღვას და შეურაცხოფას არ აკლებდა და საერთოდ ვეტერანების შესახებ კანონიც კი გააუქმეს და დღესაც კი ვერ აღუდგენიათ სოციალური შეღავათები.
ამით ხდებოდა ქართველი მეომრის სულისკვეთების და მცნების დაკნინება, განადგურება.
დღეს გასაკეთებელი ბევრია… ვნახოთ რა იქნება მომავალში. აშკარაა ერთი, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ პატრიოტები და სამშობლოსთვის თავდადებული ისეთი ადამიანები, რომლებსაც არათუ ბიუჯეტიდან მოუნდებათ, პირდაპირ ვიტყვი ფულის მოპარვა, არამედ სიცოცხლე არ დაენანებათ ჩვენი ხალხის გადასარჩენად. გამონახავენ საერთო პოლიტიკურ ენას პირველ რიგში თავის მოქალაქეებთან და შემდეგ სხვა ეროვნების მოქალაქეებთანაც ჩატეხილი ხიდების აღსადგენად და კატასტოფიდან გამოსასვლელად.
ეს ვალი პოლიტიკოსებს აქვთ სწორედ აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპული იმ ვაჟკაცი, ქედუხრელი ბიჭების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ ქვეყნის კეთილდღეობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ხომ გამოუცდელი, გულითანთებული ვაჟკაცი, პარტრიოტი მამულიშვილები იყვნენ…
და მინდა ბოლოს ვთქვა: ყველას გაუმარჯოს ვინც, სამშობლოს წინაშე პირნათელი და მართალია!
ჩაწერილია 2020 წლის იანვარში.