„გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის, რაზეც პროკურატურა გიგი უგულავას ედავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არის გარკვეული კითხვები რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
„ვფიქრობ, საარჩევნო წელს აქტიური პოლიტიკოსის დაკავება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს როგორც საქართველოში, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში. მე ვფიქრობ, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ფაქტია, მათ თავის მართლებასაც აღარ უჯერებენ. უგულავას დაკავებამ ასევე ასახვა ჰპოვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ მოლაპარაკებებზე, ფაქტიურად, დიალოგი ჩაშლილია“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე, მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, რაზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს.
„თუ საარჩევნო სისტერმის ირგვლივ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, ეს ქვეყანაში კრიზისს კიდვე უფრო გაამწვავებს, რაც საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია. ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, საზოგადოებას ჯერ დაპირდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ხოლო შემდგომ კი მოატყუა. ეს კეთდება იმისათვის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ. 2020 წელი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში საკმაოდ მძიმე წელი იქნება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ფაქტია, პოლიტიკური ვითარება ფეთქებადია და შესაძლოა სიტუაცია სპონტანურად დაიძაბოს. ქართული ოცნებისთვის დიდი გამოცდა იქნება ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება და კონკრეტულად მასში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა. თუ საქართველოში ჩამოვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობიდან ისეთი ადამიანი ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ეს შეიძლება ეროვნული სუვერენიტეტის შელახვად შეფასდეს, რაც უკიდურესად დაძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.