200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს მარტივი რეალობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პირადად იგი მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. „სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, მას გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.
საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.