ჯონ კრისტიან კორნბლუმი, ამერიკის ყოფილი ელჩი ეუთო-ში და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტაფტის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტუდენტური გაზეთის „The Tufts daily“-ს რედაქტორს წერილით მიმართავს. უნივერსიტეტის გაზეთის ვებგვერდზე აღნიშნული წერილი 21 იანვარს გამოქვეყნდა. წერილი შემდეგი შინაარსისაა.
„შემაწუხა თქვენ გაზეთში იმის წაკითხვამ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ფლეტჩერის სკოლის ე.წ. „უმაღლეს სახელმწიფო მოღვაწედ“ დაინიშნა. ეს დანიშვნა ფლეტჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანიცაა ფლეტჩერის მოსწავლეებისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. სააკაშვილს არ შეუძლია, იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნესის სფეროს ლიდერებისათვის.
მე, ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვმსახურობდი საგარეო პოლიტიკის მრჩევლად სააკაშვილის ოპონენტთან პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, რაც უბრალოდ არ არის აღნიშნული ფლეტჩერის განცხადებაში. ამგვარი დაუდევრობის მიზეზი, სავარაუდოდ, ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება პარტია „ქართული ოცნებას“ გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, გამოეყენებინა მთავრობის ყველა ბერკეტი, რათა დაებლოკა ოპონენტ ბიძინა ივანიშვილის კამპანია. ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მივიდა, რათა დაესრულებინა სამოქალაქო უფლებების სისტემატურად დარღვევა, მთავრობის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა და ეკონომიკური ნგრევა, რაც სააკაშვილის მმართველობას ახასიათებდა.
მე ვიყავი მომსწრე 2012 წლის არჩევნების საბოლოო დრამატული კვირისა და შემიძლია, პირადად დავადასტურო ის უმოწყალო ზეწოლა თავისუფლებაზე და ძალადობა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ მოქალაქეებზე, რომელიც მე დავაფიქსირე. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტმა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა, არ იყო მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობა და სიმამაცე, არამედ ასევე გახლდათ დასავლური მთავრობების მხარდაჭერა, რომლებმაც ნათელი გახადა სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ მისცემდნენ იმის ნებას, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ მოეპარა.
ფლეტჩერის ახალი დეკანი იმ უფროსი თაობის სამხედრო ამერიკელ ჩინოვნიკთა ჯგუფიდანაა, რომელიც სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებისა, მხარს უჭერდა მისი NATO-ს მხარდამჭერი მიდგომის გამო. დარწმუნებული ვარ, დეკანს მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დაცვა, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს ფაქტები. მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტების და პროფესორების დახმარებით შესაძლებელია, დადებითი შედეგის მიღება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას. წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, მის 2011 წლის მაისში მომიტინგეების დაუნდობელ დარბევას და კორუფციასა და პირად გამდიდრებას, რამაც მისი მთელი რეჟიმის ინფიცირება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, აიძულეთ იგი, თქვას სიმართლე. ამგვარი ქმედებით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი ექსცენტრიული განცხადება იქცეს იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას, გაიმარჯვოს რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონებში ისეთ პოსტსაბჭოთა დიქტატორებზე, როგორიცაა სააკაშვილი“, – ნათქვამია ჯონ კორნბლუმის წერილში.
წყარო: Reportiori.ge