საქართველოში მთავარი რუსოფობების მშობლიური ენა რუსულია – ანუ რა ხდებოდა რუსეთის ინტერესთა სექციაში

2,287 წაკითხვა

მასმედიის ნაწილის არაჯანსაღი ინტერესი გამოიწვია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში 18 თებერვალს გამართულმა შეკრებამ. მე ამ შეკრების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და მთელი საზოგადოების გასაგონად გავიმეორებ იმას, რაც რუსეთის ინტერესთა სექციაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, სექციაში მომუშავე დიპლომატებისა და საქართველოში მოქმედი რუსული ეთნო-კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე განვაცხადე:

სურათზე: გულბაათ რცხილაძე ქართველი ერის ‘ღალატს’ სჩადის – რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ზარს რეკს. სურათი ‘Сова’-მ გადაიღო.

“გუშინ ერთ-ერთმა რუსულენოვანმა სააგენტომ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს და თავის თავს ‘Сова’-ს უწოდებს, გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, დიდი ასოებით დასათაურებული: “ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, შეხვედრის შედეგად გაამყარებს თავის პოზიციებს პრორუსული ძალების ბანაკში”. მე მინდა გითხრათ, რომ არა ჩემს პოზიციებს გავამყარებ ამ შეხვედრის შედეგად, არამედ თქვენს პოზიციებს გავამყარებ საქართველოში, ძვირფასო რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებო! თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი უფლებების დაცვა, უნდა აღუდგეთ წინ რუსოფობიას, ოღონდ არა ისე, რომ თქვენ საქართველოს წინააღმდეგ მოღვაწეობა დაგაბრალონ ამ პროვოკატორებმა. როგორც ხედავთ, რუსულენოვანმა გამოცემამ თქვენ გიწოდათ ‘პრორუსული ორგანიზაციები’. არადა, აქ არის ეთნიკური უმცირესობების შეკრება, რომელთაც რუსული წარმოშობა, ენა და კულტურა აერთიანებთ. ის, რასაც სჩადის ‘Сова’, არის დისკრიმინაციული მიდგომა თქვენს მიმართ, ეს არის თქვენი რეპუტაციის შებღალვა. რუსულ კულტურაზე და ენაზე ზრუნვა გათანაბრებულია პოლიტიკურ ორიენტაციასთან და, რაც მთავარია, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან.

მე უკვე დიდი ხანია, მივეჩვიე, რომ მაქვს მოკრული იარლიყი ამ უცხოეთიდან დაფინანსებული მასმედიის მიერ. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გარე ძალები შეეცდებოდნენ, ტოლერანტობით ცნობილ საქართველოში გადმოეტანათ ბალტიისპირეთის ქვეყნების რეალობა, პრიბალტიკური რუსოფობია, რომელიც რუსული ენისადმი და კულტურისადმი შეუწყნარებლობას გულისხმობს. აქ უკვე ითქვა, რომ ბათუმში გასტროლებზე მოიწვიეს თეატრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ შორის არ იყო რუსეთის წარმომადგენელი თეატრი. რუსების ნაცვლად მოიწვიეს კიევის თეატრი, რომელიც ორი სპექტაკლით უნდა წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, მაგრამ ერთი სპექტაკლი, რომელიც რუსულ ენაზე უნდა გამართულიყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, აკრძალა! განა ეს არ არის დისკრიმინაციის უხეში გამოხატულება? ამას ვეძახი მე პრიბალტიკურ რუსოფობიას, რომელსაც უკვე საქართველოში ნერგავენ.

გაგეცინებათ, გუშინ ინტერნეტში წავაწყდი ცნობას, რომ ესტონეთის დაზვერვა (!) განიხილავს საქართველოში რუსეთიდან ვითომ მომდინარე საფრთხეებს. ამ ე. წ. ‘საფრთხეებს’ შორის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად რუსული ენის სწავლება და ხალხისათვის რუსულ კულტურაზე ინფორმაციის მიწოდებაც მოიაზრება! გასაგებია, რომ ესტონეთს დაზვერვა საერთოდ არ ჰყავს და ამ ანეკდოტური ორგანიზაციის უკან გაცილებით უფრო მძლავრი სახელმწიფოს დაზვერვა დგას, რომელიც დირიჟორობს ამ პროცესს. ამიტომ ჩვენ საჯაროდ და აქტიურად, ერთობლივად, ერთმანეთში ჩხუბის გარეშე, უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები.

მე გთავაზობთ, ბრძოლა გადავიტანოთ მოწინააღმდეგის მოედანზე, მათივე მეთოდებით. ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ ევროპა-ამერიკაში მოგზაურობა. სწორედ იქ უნდა დავახვედროთ მათ აქაური მწარე სიმართლე. ყველა ჯანსაღ ძალასთან უნდა ვითანამშრომლოთ დასავლეთში. მე მაქვს გარკვეული კონტაქტები ევროპარლამენტში და მზად ვარ, ეს კავშირები გამოვიყენო, მით უმეტეს, რომ პირველადი საუბრების შედეგად, ჩემმა ინიციატივებმა ინტერესი გამოიწვია.

მოგიწოდებთ, პატივცემულო დიპლომატებო, ყურადღება მიაქციოთ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს: ქართველებს არ სჩვევიათ რუსოფობია, ზიზღი რუსული ენისა და კულტურის მიმართ. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, აქ ვისწავლე რუსული ენა, აქაურ გარემოში; მე ვიცი, რასაც ვამბობ. ქართველი თავისი ბუნებით არ არის რუსოფობი, რუსოფობები არიან რუსულ ენაზე მოსაუბრე არაქართველები. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებს შორისაც გაღვივდეს რუსოფობია, შეცდომაში შეჰყავთ ხალხი, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა.

მე უამრავ ქართველს გაგაცნობთ, რომლებიც ცუდად ლაპარაკობენ რუსულად, დიდად არ არიან ჩაღრმავებული რუსულ რეალიებში, მაგრამ პირდაპირ რუსოფილები არიან! მე პირიქით მიხდება მათი ჭარბი ენთუზიაზმის განელება და ვეუბნები, რუსეთის რადიკალური სიყვარულიც არ შეიძლება ისე, რომ რეალობის გრძნობა დაკარგოთ-მეთქი. მაგრამ მათი გრძნობა ხომ გულიდან მოდის, ესაა მთავარი! ამიტომაც მოგიწოდებთ, იმუშავეთ პირველ რიგში ქართულ მოსახლეობასთან, ქართველებთან. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ქართველებიც, რუსებიც და სხვა ეროვნებებიც, ვინც კი საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ.

ამიტომაც მე თავად მინდა, გავხსნა რუსული წიგნისა და კულტურის ცენტრი საქართველოში, თუნდაც სიმბოლურად. რუსოფობების ჯიბრით მაინც უნდა გავხსნა. მე არ მაქვს ამის საშუალება მატერიალურად, მაგრამ ვეცდები. რუსეთიდან უკვე მჩუქნის მოდესტ კოლეროვი 150 ცალ შესანიშნავ გამოცემას რუსეთის ისტორიის შესახებ, სხვებიც შემოუერთდებიან მას. რუსული ენისთვის და რუსეთის სწორი შესწავლისთვის უნდა გაკეთდეს ეს, ვინაიდან ცოდნა სინათლეა, ცოდნა მშვიდობა და ხალხებს შორის მეგობრობაა!”

აი ეს იყო ძირითადად, რაც ითქვა შეკრებაზე პოლიტიკურ ნაწილში. დანარჩენი სულ ტექნიკური საკითხების განხილვა, როგორ იმუშაონ ეთნიკურ-კულტურულმა ორგანიზაციებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. იყო დისკუსია, კრიტიკა, მაგრამ ყველაფერი საქმიან ჩარჩოებში.

გულბაათ რცხილაძე

Next Post

„რა მოხდება?! ეს ძალზე საშიშია!“ - დემურ გიორხელიძე

ოთხ თებ 19 , 2020
2,287 წაკითხვარა მოხდება?! ეს ძალზე საშიშია! იდლიბთან დაკავშირებით რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები ჩაიშალა… დღეს ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან და იდლიბში სირიის არმიას შეუტევენ. ჯარებისა და ტექნიკის გადასროლა დაწყებულია… თურქები მარტონი არ არიან, – ეს ცხადია! ეს არც იოლად ჩაივლის, როგორც ჩანს… რუსები ცდილობენ მოლაპარაკების ფორმატში დარჩეს პროცესი, მაგრამ აშკარაა, – უკვე ეს ვეღარ მოხერხდება… ეს ყველაფერი ჩვენთან ძალიან ახლოა ტერიტორიულად… თუ […]

შესაძლოა მოგეწონოთ