ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, შალვა ნათელაშვილის მიერ, კახა კალაძის მისამართით გაჟღერებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს სოციალური ქსელით ეხმიანება:
„ნათელაშვილი ბოროტი და შურიანი ადამიანია:
კარგად იცოდა, რომ წუხანდელ მის გამოსვლას ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რადგან მთელი საინფორმაციო სივრცე მერაბიშვილმა დაიკავა და ის მხოლოდ თემის დანამატად სჭირდებოდათ.
ამიტომ, როგორც ბოღმა ადამიანებს სჩვევიათ, ისეთი რამ თქვა, რაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობდა. ეს იყო დიდი ტყუილი, თითქოს აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია კალაძემ დააფინანსა.
გახსოვთ, ალბათ, 2004 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, ვერტმფრენებით ავიდნენ ეცერში, აფრასიძეების სახლ-კარი გადაბუგეს, მამა-შვილი აფრასიძეები კი დახოცეს.
ამ მოულოდნელმა განცხადებამ ინგა გააკვირვა, ნათელაშვილმა კი რაიმე მტკიცებულება კი არ წარმოადგინა, უტიფრად დაამატა, – აგერ არის კალაძე და ჰკითხეთო.
ინგას პასუხზე, – ახლა მაშინდელი შსს მინისტრი გია ბარამიძე იქნება სტუმრად და ვკითხავ, ის თუ დაადასტურებსო, – ნათელაშვილმა კვლავ უტიფრად განაცხადა, – ეგ მინისტრი იყო და უფლება აქვს, საიდუმლო არ თქვასო.
დააკვირდით, როგორი გარეწარია:
კალაძის მიმართ ბრალდება წარმოისროლა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და, – კალაძეს ჰკითხეთ, ბარამიძე არაფერს იტყვისო.
ბარამიძემ ყველაფერი კატეგორიულად უარყო, მაგრამ წამოსროლილი ბრალდება ხომ დარჩა?!
ამიტომ არის ნათელაშვილი გარეწარი!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.