სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

ამერიკული დიქტატურა ევროპაში – შეასრულებს თუ არა მუქარას ტრამპი?

1 min read

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ იძლევა ყურადღების ოდნავი მოდუნების საშუალებას. დაპირისპირება იგრძნობა ყველა კავშირში თუ რეგიონში, განსაკუთრებით „მონოლითურობით“ ცნობილ დასავლეთში, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ჰარმონიული ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გვეგონა, არც წინათ იყო და არც დღეს არის.

ძალდატანებულმა ჰარმონიულობამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე იარსება და სამარადისო სახელის მოპოვებამდე დაიწყო ბზარების გაჩენა. ომისშემდგომი ევროპა, რომ თავიდან ფეხებამდე ამერიკის დიქტატის ქვეშ აღმოჩნდა, არ არის გასაკვირი. ევროპის ფეხზე დაყენების „მარშალისეული გეგმა“ არა მარტო ეკონომიკურ მორჩილებას მოითხოვდა ევროპელთაგან, არამედ პოლიტიკურსაც. სწორედ ზემოქმედების პოლიტიკის წყალობით შეძლო აშშ-ა პოლიტიკური ბატონის სახელის დამკვიდრება რიგით ევროპელში, რამაც შეცვალა ევროპელთა აზროვნება თავისუფლებისა და სუვერენიტეტის თემებთან დაკავშირებით.

მრავალსაუკუნოვანი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის მატარებელმა ევროპამ, აშშ-ს ძალისმიერი პოლიტიკის გავლენით, ძალაუნებურად მიივიწყა ყოველივე „თავისი“ და ახალ „ღმერთს“ – არა თავისს, ეთაყვანა. ევროპა იმდენად მიეჩვია აშშ-ს ვასალობას, რომ საკუთარი, ნებისმიერი სახის პრობლემების მოგვარებაც „ღმერთს“ მიანდო.

დადგა ახალი ჟამი 21-ე საუკუნის სახით, რომელმაც აშკარად გამოამზეურა ამერიკა-ევროპის ბატონ-ყმური ურთიერთობების პარამეტრები და უნებლიედ ათქმევინა ევროპას – რა ღრმად შევსულვართო. ოკეანის გადაღმიდან წამოსული ნებისმიერი სახის ბრძანება, რეკომენდაცია, განცხადება ევროპელთათვის სავალდებულო საქმედ იქცა.

მაგალითები ბევრია, თუნდაც რად ღირს რუსეთისთვის ამერიკაში დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაზიარება; საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ სამხედრო გემის „მისტრალის“ შემკვეთისთვის არ გადაცემა.

აშშ-ა არ ინება ფრანგულ-რუსული ხელშეკრულების რეალიზება, რითაც საფრანგეთის ეკონომიკას მილიარდი ევროს ზარალი მიადგა. არანაკლებ ზარალიანი გამოდგა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები. ევროპა აიყოლია აშშ-ა და აიძულა ამ სანქციების შემოღება, რამაც თვით ევროპას 100 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა – რუსეთის მიერ კონტრსანქციების შემოღების შედეგად, თვით რუსეთს – 50 მილიარდი.

ევროპისთვის არც მომავალი ჩანს სიკეთის მომტანი. სულ ახლახანს ამერიკელმა კანონმდებლებმა ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ აცნობეს ევროკავშირს, რაც არა მარტო რუსეთს დააზიანებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც.

რუსეთის მიერ მშენებარე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ – რუსეთ-ევროკავშირის (გერმანია, ავსტრია, იტალია, სხვები) ერთობლივი თანამშრომლობის ნაყოფია, რომლის დამთავრების შემდეგ ევროპის ქვეყნები რუსული გაზით დაკმაყოფილდებიან. აშშ-ს არ აწყობს რუსული გაზის ევროკავშირში დომინირება. მას საკუთარის ექსპორტი სურს ევროპაში, რისთვისაც ასე უხეშად ერევა ევროკავშირის საშინაო საქმეებში. აშშ-ს არც ის ანაღვლებს, რომ ევროპელებს ამერიკული გაზი 2-ჯერ ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე რუსული.

აშშ-ს მიერ შემოღებული ახალი სანქციები არა მარტო „გაზპრომის“ წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ყველა იმ ევროპის ქვეყნის კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან პროექტში. ის, რომ ამ კომპანიებმა, მშენებლობაში მილიონობით დოლარი და ევრო დახარჯეს, არ აღელვებს აშშ-ს. არ გაიზიარებენ ევროპული კომპანიები ამერიკულ სანქციებს და იძულებული იქნებიან მილიონობით დოლარის ჯარიმები გადაიხადონ.

არის თუ არა ზემომოყვანილი მაგალითი დიქტატურის ამსახველი?

აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებამ საპროტესტო რეაქცია გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებში, რაც იმის მაუწყებელია, რომ „ბატონ-ყმური“ ურთიერთობების დასრულების დასაწყისის მომსწრენი ვხდებით.

ევროპა-ამერიკის ურთიერთობების გამწვავების მომასწავებელი იყო ახლახანს გამართული ნატოს და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრები, რომლებშიც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპი იღებდა მონაწილეობას. „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამ გამოკვეთა სერიოზული აზრთა სხვაობა ამერიკა-ევროპას შორის მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებში, ისეთებში როგორებიცაა კლიმატთან დაკავშირებული პარიზის ხელშეკრულება, აფრიკაში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროპაში ლტოლვილების მოძალების საკითხი და სხვა.

განსხვავება იყო ბრიუსელშიც – ნატოს სამიტზე, რომელზეც ტრამპი იყო შეუვალი – ნატოს წევრების მიერ საწევროს გადახდასთან დაკავშირებით. ერთის შეხედვით გადასახადი არც თუ დიდია – ეროვნული შემოსავლის 2%, მაგრამ ნატოს ევროპელი წევრებისთვის – წლების განმავლობაში აშშ-ს მიერ გაზულუქებულებისთვის, მნიშვნელოვანია. ნატოს წევრი 28 ქვეყნიდან მხოლოდ 5 თუ იხდიდა, დანარჩენი – არა. მათ შორისაა ეკონომიკურად ძლიერი გერმანიაც. ტრამპმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნატოს არსებობისთვის შესაბამისი ხარჯები უნდა გაიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი კარდინალურ ნაბიჯებს გადადგამს. რას ნიშნავს ეს?

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს ტრამპი აცხადებდა შემდეგს – თუ არ გადაიხდიან, აშშ-ი დატოვებს ნატოს. შეასრულებს თუ არა თავის მუქარას ტრამპი – მომავალი გვიჩვენებს.

ზემომოყვანილი ორი სამიტის შედეგები გვეუბნება, რომ ვითარება იცვლება სწრაფად და ჩვენთვის ნაკლებად დასამშვიდებლად. პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის განცხადებები – ანტიევროკავშირული და ანტინატოური, უდავოდ ვერ პოვებს სრულფასოვან განვითარებას ამერიკელ პოლიტიკოსთა წყალობით, მაგრამ ნაწილობრივს რომ მაინც ექნება განხორციელების შანსი – უდავოა.

თვალი გადავავლოთ არსებულ ევროკავშირულ მოდელს. თავის დროზე მის შექმნასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ანგლოსაქსები ასრულებდნენ. ამ კავშირის ფინანსური კონცეფცია, ევროპის როლი, პოლიტიკური კონსტრუქცია და ევროპარლამენტის ქვოტირება ქვეყნების მიხედვით და აქედან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აწყობს ვაშინგტონსა და ლონდონს, ანგლოსაქსთა კარნახით ხდებოდა.

ამ კონსტრუქციაში სამხედრო-პოლიტიკური ქოლგის როლს და სამხედრო ხარჯებს აშშ-ი უზრუნველყოფდა. ბრიტანეთი კი, გერმანია-საფრანგეთის შემდეგ, მესამე ქვეყანა იყო, ვინც მსუყე თანხას იხდიდა ევროკავშირის ბიუჯეტში.

ამჯერად, ყოველივე აღნიშნული თოვლივით დნება. ტრამპმა თქვა, რომ მზად არის იყოს ევროპის „სახურავი“, თუ ევროპა აშშ-ს გადაუხდის იმ თანხებს, რომლის შესახებაც ის იტყვის. ამჯერად კი ტრამპი ითხოვს 2%-ის გადახდას. ტრამპს მხედველობაში აქვს წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნების მიერ, ნატოს საწევროების არგადახდა. ევროპელთა ნაცვლად აშშ-ი ფარავდა თანხებს. ტრამპი სწორედ ევროპელთა გადაუხდელი თანხების დაბრუნებას ითხოვს. თანხა სოლიდურია და რამდენიმე მილიარდს შეადგენს. შეძლებს თუ არა ევროპა ვალის დაბრუნებას, ძნელი სათქმელია.

ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან და არაფერს გადაიხდის. ნატოში დარჩა და ალბათ საწევროს გადახდას შეძლებს.

რაც შეეხება საფრანგეთს – მას არ აქვს ფინანსური წონა მსოფლიო ეკონომიკაში. საფრანგეთი მხოლოდ წარსული მიღწევების ხარჯებზე შემორჩა მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტად. რაც შეეხება ეროვნებათაშორის და კონფესიების საქმეში არსებულ დაპირისპირებას, საფრანგეთს ევროპის კონტინენტის ფეთქებად ქვეყნად ხდის.

ევროკავშირის ლოკომოტივად ისევ გერმანია რჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეულად მყოფი. მერკელის გერმანიას, რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა ამერიკის პრეზიდენტებთან – ბუშთან და ობამასთან, ვერ ძებნის საერთო ენას ტრამპთან, რაც იწვევს

ვითარების მკვეთრ დაძაბვას. ასეთს ჰქონდა ადგილი მერკელის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ბრიუსელის ნატოს სამიტზე და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას.

გაუარესებული ვითარების საწყისი არა მარტო ტრამპშია, უფრო სწორად არა ტრამპში, არამედ გერმანიის კანცლერის მერკელის ევროატლანტიკურ კურსში. მერკელმა დაარღვია ის ბალანსი, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ მის წინამორბედ კანცლერებს – კოლს, შრიოდერს, სხვებს – ბალანსი ვაშინგტონ-მოსკოვს შორის. სწორედ ამ ბალანსის წყალობით გერმანიამ შეინარჩუნა თუნდაც მოჩვენებითი სუვერენიტეტი, რაც მას მერკელამდე ჰქონდა.

სრული სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება, რომელსაც საკუთარ მიწაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა აქვს. გერმანიას ასეთი მრავლად აქვს – მას აშშ-ს სამხედრო ბაზები ჰქვია. მერკელმა უარი თქვა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბალანსის დაცვაზე და მას ვაშინგტონთან ცალმხრივი კავშირები ამჯობინა. არადა გაცილებით წაადგებოდა რუსეთთანაც ურთიერთობა – ერთიანი ევრაზიის ფარგლებში, ატლანტიკიდან – ურალამდე და წყნარ ოკეანამდე. გერმანიას რომ მჭიდრო ეკონომიკურ-გეოპოლიტიკური, სამეცნიერო კავშირები ჰქონოდა რუსეთთან, დღეს წელგამართული იქნებოდა.

თანამედროვე გერმანულ პოლიტიკას ისტორიაც არ უნდა დაევიწყებოდა და ქვეყანას, რომელმაც უმთავრესი წვლილი შეიტანა სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში და გაერთიანებაში, კრიჭაში არ უნდა ჩადგომოდა. სტალინის მტკიცე პოზიციამ გადაწყვიტა გერმანული სახელმწიფოს არსებობა, რაც იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე ითქვა. რუზველტის, აშშ-ს პრეზიდენტის მიდგომა სხვაგვარი იყო – არავითარი გერმანული სახელმწიფო, უფრო მეტიც – გერმანელი კაცების დაკოდვა და ერისთვის წერტილის დასმა.

სულ ახლახანს გარდაიცვალა გერმანიის ყოფილი კანცლერი კოლი, რომელსაც ქვეყნის გამაერთიანებელს უწოდებენ. მაგრამ იქნებოდა კი ის გამაერთიანებელი, მოსკოვის თანხმობის გარეშე?

კანცლერობიდან წასული კოლი საყვედურობდა მერკელს, რუსეთთან ცივი ურთიერთობების გამო. ის მართალი იყო, რამეთუ დიდი პოლიტიკა მრავალმხრიობას მოითხოვს და არა ცალმხრივობას, რაც სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის დამახასიათებელი თვისებაცაა.

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ მერკელი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ დღეიდან დაწყებული, გერმანიამ და ევროპის ქვეყნებმა თვით უნდა გამოჭედონ თავიანთი აწმყო და მომავალი, ვინაიდან ამერიკის მოიმედეობა არაფერს მოუტანს.

აი, ასეთი დაძაბულობაა ატლანტიკის აქეთა და იქითა სანაპიროებს შორის. თუ ამას დავუმატებთ ევროპაში შექმნილ პრობლემებს ლტოლვილთა მიძალებით გამოწვეულს და ამ

ლტოლვილთა ევროკავშირის წევრებში განაწილებას, საკმაოდ მძიმე სურათს ვიხილავთ. ლტოლვილთა მიღებასთან დაკავშირებით კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოხატავენ უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, რაც აღიზიანებს ბრიუსელს და ამ ქვეყნებს სანქციების დაწესებით ემუქრება. თუ აქამდე ბრიუსელი სანქციებს რუსეთს უწესებდა, ახლა კავშირს შიგნით აწესებს, რაც არ მეტყველებს კავშირის მონოლითურობაზე.

ტრამპის გაპრეზიდენტებამ მრავალი თავსატეხი გააჩინა, როგორც აშშ-ი, ისე ევროპასა და მსოფლიოში. მაგრამ თვით ტრამპის გაპრეზიდენტება შემთხვევითობაა, თუ ის კანონზომიერებაა, რომელიც ამერიკის პოლიტიკამ „გამოჭედა“ საკუთარი თავისთვის?

ბოლო 70 წლის განმავლობაში აშშ-ი წამსაც არ კარგავდა ჰეგემონობის გასაძლიერებლად. საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს, ორად გაყოფილ მსოფლიოში როლები განაწილებული იყო, რასაც ვერ ვიტყვით საბჭოეთის დაშლის შემდეგ. როდესაც მარტოდდარჩენილმა ამერიკამ დანარჩენ მსოფლიოზე გადაჯდომა მოისურვა, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდევაც და რომ არა პუტინის რუსეთი და ჩინეთი, მსოფლიოზე შემჯდარი ამერიკა, ჭენებაში ამოგვხდიდა სულს და ამას დემოკრატიის განვითარებად შეაფასებდა. აიტანს ასეთ „მხედარს“ მსოფლიო?

რომ ვერ – ასტანაში გამართულმა შანხაის ორგანიზაციის სამიტმაც დაადასტურა.

„შოს“-ს (SCO) ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდა და ეს ორგანიზაცია ბირთვულიარაღიანი სახელმწიფოების კლუბად იქცა. 4 ბირთვული სახელმწიფო – რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი – უკვე თავისთავად ნიშნავს გამოწვევას, რასაც გვერდს ვერ აუვლის აშშ-ი.

კარზეა მომდგარი „დიდი ოცეულის“ სამიტი, რომელსაც ტრამპიც დაესწრება. სამიტის ჩარჩოებში დაგეგმილია ტრამპ-პუტინის შეხვედრაც. რას მოუტანს ის მსოფლიოს, განელდება თუ არა დიდ ქვეყნებს შორის წამოჭრილი კრიზისული ვითარება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს გამაღიზიანებელი ანტირუსული განცხადებებისგან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ