„გთხოვთ, გააზიაროთ და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება – ძუკნების ვირუსი საქართველოში“ – ვალერი კვარაცხელია

2,783 წაკითხვა

ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო!

კარგა ხანია, რაც “ოქროს კვეთა”, “ობიექტივის” ეთერში აღარ გადის.
გადაცემა “ასავალ-დასავალმა” შეიკედლა და დღეს მკითხველებმა საგაზეთო ვერსიის 12-ე გამოშვება მიიღეს.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ გადაცემაში წამოჭრილი საკითხი უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის.

გთხოვთ, გააზიაროთ და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება…
გმადლობთ!

ძუკნების ვირუსი საქართველოში

ვალერი კვარაცხელია: – გამარჯობა, ძვირფასო ტელემკითხველო!
«ასავალ-დასავალის» ეთერშია სატელევიზიო გადაცემა «ოქროს კვეთა», რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე – ვალერი კვარაცხელია.
კორონავირუსის ასე ვერაგული შემოტევის პერიოდში იძულებული ვარ სხვა ვირუსზე გესაუბროთ, რომელიც უფრო მძიმე შედეგების მომტანია ქვეყნისთის.
მმართველი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და აშშ-ის საელჩოში შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამას გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია გვეუბნება, რეალურად კი სულ სხვა რამე მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა დავალება მიიღეს, რომ შეთანხმებულიყვნენ.
– ასეთი დავალება ვის უნდა მიეცა მათთვის? – მკითხავთ, ალბათ. – რა თქმა უნდა იმას, ვინც ამით დაინტერესებული იყო და, ვინც ორივე მხარისთვის დავალების მიცემის ლეგიტიმური უფლებამოსილებით თუ არა, ფაქტობრივი შესაძლებლობით მაინცაა აღჭურვილი. აგერ, თავად დაინტერესებულს მოუსმინეთ…

კელი დეგნანი (აშშ-ის ელჩი საქართველოში): – ესაა დემოკრატიის არსი, იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და, იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე. ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან დიდია მის მიმართ ინტერესი ჩემს ქვეყანაში.

ვალერი კვარაცხელია: – ქ-ნმა ელჩმა ეს განცხადება შეთანხმების მიღწევის წინა დღეს გააკეთა «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში, მეორე დღეს კი შეთანხმება შედგა. მე მგონი, ყველაფერი ნათელია. თქვენ, რა თქმა უნდა, ახალ შეკითხვას დამისვამთ, – რა უნდა აშშ-ს?
ამერიკაში, როგორც ჩანს, თავიანთი ზომბისა და ყურმოჭრილი მონის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება განიზრახეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს «ქართული ოცნება» დამოუკიდებლად ახდენს მთავრობის დაკომპლექტება-დამტკიცებას, მომდევნო მოწვევის პარლამენტში «ნაციონალურ მოძრაობასთან» ერთად მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება, ანუ სააკაშვილის სტატუსი და გავლენა ერთი-ორად ამაღლდება. შეკითხვაზე, თუ რატომ ცდილობს აშშ ამის მიღწევას, ერთად-ერთი ლოგიკური პასუხი არსებობს, – სააკაშვილი თავიან-ფეხებიანად «მათი ძუკნაა» და იმიტომ. (ტერმინი აღებულია აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის ნათქვამიდან ნიკარაგუას დიქტატორ ანასტასიო სომოსაზე: «შესაძლებელია, ძუკნაა, მაგრამ ის ჩვენი ძუკნაა!»)
სააკაშვილის «მათი ძუკნობა» ამერიკული ისტებლიშმენტის არამარტო ზოგად დამოკიდებულებაში, არამედ გავლენიანი პოლიტიკოსების ცალკეულ გამონათქვამებშიც ხშირად გამოვლენილა. ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე საქართველოში ჩამოსულმა ტრამპმა სააკაშვილი ასე დაახასიათა.

დონალდ ტრამპი (აშშ-ის პრეზიდენტი): – ყველა ამ კაცზე (მიხეილ სააკაშვილზე – ვ.კ.) საუბრობს და შემდეგ საუბრობენ საქართველოზე.

ვალერი კვარაცხელია: – დააკვირდით, სააკაშვილის როგორი განდიდებაა ჩატეული ამ მოკლე წინადადებაში, – ჯერ სააკაშვილი, მერე საქართველო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა კი, მაშინ როდესაც სააკაშვილის საქმე ინტერპოლს გადაეცა, ამ ორგანიზაციას მოუწოდა, სააკაშვილის ძებნასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა.

მაიკლ ტერნერი (აშშ-ის კონგრესმენი): – ვშიშობ, რომ ინტერპოლის მიერ სააკაშვილის მიმართ ზომების გატარებამ მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა არ გამოიწვიოს.

ვალერი კვარაცხელია: – ახლა კი, ამ გარიგების შემდეგ, ამერიკიდან და ევროპიდან აღფრთოვანების გამომხატველი წერილებისა და შეტყობინებების კორიანტელი დადგა. აი, ასე, კანონებისა და ზნეობის სრული იგნორირებით, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპისათვის მიფურთხებით, კბილებითა და ფრჩხილებით იცავენ ისინი თავიანთ ძუკნებს საქართველოში.
საქმეს ისიც ართულებს, რომ ამერიკელთა ძუკნებთან საქართველოს დღევანდელ პირველ ხელისუფალ ბიძინა ივანიშვილსაც ცრემლიან-სენტიმენტალური დამოკიდებულება აკავშირებს, რასაც ხან მალავს და ხან ვერ მალავს. თავის პირველ წერილში, რომლის გამოქვეყნებითაც პოლიტიკაში ღიად შემოვიდა, ვანო მერაბიშვილს ასე მიმართავდა.

ბიძინა ივანიშვილი (მმართველი პარტიის თავმჯდომარე): – ჩემო ვანო, «ვარდების რევოლუციიდან» დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო. მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი.

ვალერი კვარაცხელია: – ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი საქართველოს ფაქტიური მმართველი 2012 წლიდან კი არა, 2003 წლიდან ყოფილა. ხომ ნახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საკადრო გადაწყვეტილებაზე თანხმობის მისაღებად, თურმე, ივანიშვილს ეახლა რეზიდენციაში, მაგრამ დავანებოთ ამას თავი.
2011 წელს, ანუ ყველა იმ უბედურების მერე, რაც სააკაშვილმა სწორედ ვანო მერაბიშვილის ხელით დაატრიალა საქართველოში, ივანიშვილის მიერ მისი ამგვარი დახასიათების გამო რა უნდა ვიფიქროთ, გარდა იმისა, რომ ბ-ნი ივანიშვილი ამერიკელთა ძუკნების მიმართ დაუფარავი სიყვარულითა და პატივისცემითაა გამსჭვალული. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, ამას გაუგებრობად ან წამოცდენად ჩავთვლიდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ივანიშვილისგან სხვა დროს და სხვა ვითარებაშიც მოგვისმენია სააკაშვილის ბანდის წევრების მიმართ გამოვლენილი თბილი დამოკიდებულების ყოვლად გაუმართლებელი და უსიამოვნო რეციდივები.

ბიძინა ივანიშვილი: – შეკვეთებს ღებულობდა ადეიშვილიც და, რა თქმა უნდა, მისი ბრალეულეობაცაა, რომ ასრულებდა, მაგრამ შეკვეთები იყო. ეს არ იყო მისი იდეოლოგია, ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ესაა ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.

ვალერი კვარაცხელია: – ხომ ხედავთ, როგორ მისტირის ამ ადეიშვილს, პირდაპირ, სული და გული ეწვის კაცს. ვისაც უნახავს კადრი, როდესაც ივანიშვილი ამ წინადადებას წარმოსთქვამს, რუსთაველის ერთი აფორიზმი გაახსენდებოდა აუცილებლად: «საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულმოკლულად!»
ნათქვამია, – სიყვარული ბრმააო. სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას შემყვარებელ კაცზე როგორ ვთქვა, ბრმა არ არის, თვალხილულია-მეთქი?!

ბიძინა ივანიშვილი: – ორწელიწადნახევარი ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. სააკაშვილთან ბევრი ურთიერთობა მქონდა. სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტსაც ვეხმარებოდი. ვეუბნებოდი, ორი ვადით რომ იქნებით ხელისუფლებაში, მერე ერთ ვადას, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, გამოტოვებთ და, შემდეგ, ისევ უნდა მოხვიდეთ ხელისუფლებაში ისეთივე მაღალი რეიტინგით-მეთქი.

ვალერი კვარაცხელია: – რატომ, ადამიანო, რატომ? ღმერთი არ გწამს? რა დამსახურებისთვის უნდა ყოფილიყვნენ ეს ავაზაკები ხელისუფლებაში ორი ვადით, ან რატომ უნდა მობრუნებულიყვნენ კვლავ და კვლავ და უკუნითი უკუნისამდე?! რითი უნდა აიხსნას ეს უცნაური მხარდაჭერა, თუ არა ამერიკის ძუკნებთან ფარული კავშირებითა და საიდუმლო გარიგებებით. – ვაფინანსებდიო. ეს ის სიტყვა არ არის. აფინანსებდით კი არა, ხელისუფლებაში მოიყვანეთ, ასულდგმულებდით, ფუფუნებაში აცხოვრებდით, ოქროსა და ვერცხლში აბანავებდით…

ბიძინა ივანიშვილი: – საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებსო, სინამდვილეში, იმ თანხას მე ვიხდიდი.

ვალერი კვარაცხელია: – უმძიმესი აღიარებაა. სოროსს მთელ მსოფლიოში საძულველი კაცის იმიჯი აქვს, ეს კი გაიძახის, სოროსი მე ვარო. მიუხედავად ამისა, 2012 წელს «ქართული ოცნების» გამარჯვება ამოსუნთქვა იყო სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან ეს მოვლენა სააკაშვილის ფაშისტური ხროვისგან ერთხელ და სამუდამო განთავისუფლებად იქნა აღქმული, მაგრამ იმავე დღეებში, პრეზიდენტის სასახლეში, სააკაშვილთან მისულმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ცივი წყლის პირველი შხაპი მიაღებინა.

ბიძინა ივანიშვილი: – ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა…

ვალერი კვარაცხელია: – ამ, ერთი შეხედვით, ლამაზად ნათქვამმა ბევრს სიხარულისა და სიამაყის კურცხალი მოჰგვარა. ივანიშვილის მიერ მიმტევებლობისა და კეთილშობილების ამ სახალხო დემონსტრირებამ საქართველო კიდევ ერთხელ დაარწმუნა გაკეთებული არჩევანის სისწორეში. – აი, კაცი, სულგრძელი და ჰუმანისტი, ნამდვილი ქრისტიანი, – ფიქრობდა ხალხი, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა იმაზე, რომ მიტევებას თვით მაცხოვარმა დაუწესა საზღვარი. პირადი მტრის მიმართ ყოვლის მიმტევებლობის მქადაგებელი ქრისტე, ერთობ მკაცრი ხდება, როდესაც ვინმეს გმობა ღვთით დაწესებულ ზღვარს გადადის: «ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ». შემდეგ კი ამ ნათქვამს ასეთი შიშისმომგვრელი დაზუსტება მოაყოლა, – «არც ამ სოფლად, არც მომავალში». ეს სწავლება საერო ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ, ალბათ, ასეთ ფორმულირებას მივიღებთ: ყველა დანაშაული შეიძლება მიეტევოს ადამიანს, გარდა სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისა. რა მიუტევა ბ-ნმა ივანიშვილმა სააკაშვილს – ადამიანთა წამება? კი, მაგრამ, წამება ხომ სიძულვილია, ანუ იგივე სულიწმიდის გმობაა, რისი მიტევების უფლებას თავად მაცხოვარიც კი არ აძლევს საკუთარ თავს! იქნებ 2008 წლის ავანტურისტული ლაშქრობით სამშობლოს დანგრევა და ტერიტორიების დაკარგვა მიუტევა, რაც ისევ და ისევ სულიწმიდის გმობის ტოლ-ფასი დანაშაულია! შეცდა ივანიშვილი მიტევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას თუ გარედან დაავალა ვინმემ, რომ შემცდარიყო?!
ერთ გადაცემაში ყველაფერს ვერ ჩავტევთ, თორემ ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტის მოძიებაა შესაძლებელი.
ბ-ნი ივანიშვილის გამონათქვამები, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, პოლიტიკასა და ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავეა გაკეთებული, რაც შესაძლებელია კიდევ რაღაცით აიხსნას, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალებით ნახა, რომ სააკაშვილსა და მის ხროვას, როგორც ძაღლის კუდს, ვერაფერი გაასწორებს, ივანიშვილი მაინც არ იშლის თავისას. აგერ, სულ ახლახანს, «იმედის» ეთერით გამოსვლისას, ასე ბრძანა.

ბიძინა ივანიშვილი (სტილი დაცულია): – ღარიბ ქვეყანაში რთულია რამდენიმე პარტიის არსებობა, რომლებიც ფინანსებს საჭიროებს. არსებობს “ქართული ოცნება”, რომელსაც, მე ვეხმარები, რაც შეიძლება მაქსიმალურად და, მეორე ვინ არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ”ნაციონალური მოძრაობა”. საიდან ფული? რა თქმა უნდა, ნაძარცვი ფული…

ვალერი კვარაცხელია: – ეს შემაშფოთებელი კი არა, საგანგაშოა უკვე. დააკვირდით, ვის ამართლებს და რით ამართლებს ბ-ნი ივანიშვილი?! ფული ჩვენ ორს გვაქვს და, შესაბამისად, ორი პარტია არსებობსო. მესამე პარტიისთვის აღარც ფულია და აღარც ადგილი ამ ქვეყანაშიო. მართალია, სააკაშვილს ხალხისა და ქვეყნის ნაძარცვი ფული აქვს, მაგრამ ხომ აქვსო… ასეთი რამ მას ადრეც უთქვამს.

ბიძინა ივანიშვილი: – ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება, ხალხს თეთრის და შავის გარჩევის საშუალება უნდა მიეცეს. შუა უნდა გაიკრიფოს!

ვალერი კვარაცხელია: – პოლიტიკაში მოსვლისთანავე გაცხადებული ეს ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელი მიზანი ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა, მან მოკლე დროში განახორციელა და ახლაც იგივეს გვეუბნება: პოლიტიკური სივრცე მე და სააკაშვილს გვეკუთვნის, სხვების ადგილი აქ არ არის!
ღმერთო, მაღალო! ზემოთ ციტირებულ ერთ აბზაცში რამდენი წინადადებაცაა, ზუსტად იმდენი საშინელებაა გაცხადებული. თქვენ, მმართველი პარტიის ლიდერი, ვისაც მისი გასანეიტრალებელი ყველა ბერკეტი ხელთ გიპყრიათ, პოლიტიკოსად როგორ აღიარებთ დამნაშავეს, რომელიც ნაძარცვი ფულით დათარეშობს? რატომ უშვებთ, რომ ასეთი კაცი და ასეთი პარტია პოლიტიკურ ამინდს ქმნის და დღის წესრიგს გკარნახობს? ჯერ ერთი, ნორმალურ სიტუაციად როგორ სახავთ იმას, რომ თქვენი და სააკაშვილის ფული ქმნის პოლიტიკას? რა გამოდის? ხელისუფლების წყარო ხალხი კი არ არის, როგორც კონსტიტუციაში წერია, თქვენ და სააკაშვილი ხართ. ხალხს მხოლოდ ერთი უფლება აქვს დატოვებული – კვლავ თქვენ და სააკაშვილი აგირჩიოთ ხელისუფლებაში. გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ თქვენ ორს, თქვენი უზარმაზარი ფულით, უკვე ჩვიდმეტი წელიწადია ხელისუფლება უზურპირებული გაქვთ, თქვენს უკან კი ამერიკელები დგანან, რომელთა ინტერესებს ამდენი ხნის განმავლობაში დაუღლელად ემსახურებით! რა ბრძანეთ? სიტუაციას ვამუქებ და ვაზვიადებ? როგორ გეკადრებათ, თქვენ ხომ ხედავთ, რომ ჩემი ყოველი სიტყვა თქვენგან მოდის, მე მხოლოდ ვეძებ თქვენს მიერ სხვა და სხვა დროს ნათქვამ წინადადებებს, თავს ვუყრი, ვალაგებ და საჭირო კონტექსტში ვსვამ, სულ ეს არის… ჰო, რას ვამბობდი წეღან, ამერიკელთა ინტერესებს იცავთ-მეთქი, ხომ? ამერია უკვე ერთმანეთში, ამას მე ვამბობდი თუ თქვენ ამბობდით…

ბიძინა ივანიშვილი: – ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ”ქართული ოცნების” რომელიმე წევრი ამის საწინააღმდეგოს აკეთებს… ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს!

ვალერი კვარაცხელია: – დაიცავით, დაიცავით, ამერიკის ინტერესი, ვინ გიშლით, მაგრამ ამერიკის ინტერესის დაცვაში საქართველოს ინტერესმა ქე დალია ჩაილურის წყალი… ალბათ გაიგებდით თუ როგორ შეაფასეს რუსებმა ამერიკელთა მედიატორობით მიღწეული თქვენი ეს ისტორიული გარიგება სააკაშვილთან.

“ВЗГЛЯД”: რუსეთისთვის სულერთია ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს გარეშე ვერ გაძლებს, დიდი ხნის წინ გაქარწყლდა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს მიერ აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მათ ჩვენი არმია იცავს. ასე, რომ იქაური სიტუაცია საქართველოს უკვე აღარ გამოადგება მოსკოვზე ზემოქმედების ბერკეტად, ამ სიტუაციის შეცვლის ძალა კი საქართველოს არ შესწევს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ საქართველოს არსებობის იგნორირებას, გნებავთ, სააკაშვილისა და, გნებავთ, ივანიშვილის დროს. საქართველო ჩვენთვის უკვე ჩამოჭრილი ნაჭერია და, დაე, იცხოვროს ისე, როგორც სურს…

ვალერი კვარაცხელია: – შეხედეთ, სანამდე მივსულვართ. ამ ახალ რეალობაში, რუსეთს საქართველოს მხრიდან მტრობა და სიძულვილი უფრო აძლევს ხელს, ვიდრე მეგობრობისა და პარტნიორობის სურვილი, ვინაიდან ამით ხელ-ფეხი ბოლომდე გაეხსნება სამოქმედოდ. ეს კი რასაც ნიშნავს, ხვდებით ალბათ…
სააკაშვილის გააქტიურებით საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების მინავლული იმედი, რომელიც ჯერ კიდევ ბჟუტავდა, საბოლოოდ ჩაქრება და ჩაიფერფლება. სააკაშვილ-ივანიშვილის ტანდემმა ჯერჯერობით ეს მოგვიტანა. ვნახოთ, რა ახალ უბედურებას დაატრიალებენ ისინი მომავალში, ჯერ ხომ არსად მიდიან, პირიქით, გაძლიერებულად მოდიან.

ჩვენ არამარტო კორონავირუსის პანდემია, ამერიკელთა ძუკნების პანდემიაც გვემუქრება!

ასეთი იყო დღეს ”ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

 

Next Post

„მადლობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ“ - გელა ზედელაშვილი

ხუთ მარ 19 , 2020
2,783 წაკითხვამადლობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ! დღე არ გავა, ათეულობით „ურჩი“ მოქალაქე არ დააკავონ და იძულებით სამკურნალოდ არ გაამწესონ. დიახ, ათეულობით ზნედაცემული ადამიანი დაბოდიალობს ჩვენს გარშემო, ისინი არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს და საფრთხეში აგდებენ ყველას სიცოცხლეს. რაც ზემოთ მოგახსენეთ, თითქოს უკვე ბანალობად იქცა, მაგრამ მაინც სამწუხარო რეალობაა – როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება! […]

შესაძლოა მოგეწონოთ