„ეს ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდის და აი, რატომ…“ – ბონდო მძინარაშვილი

2,255 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდებს, არსებული ვითარება გაითვალისწინონ და არ გაუთიშონ ინტერნეტი და მობილური კავშირი იმ ოჯახებს, რომლებიც მოხმარების საფასურის გადახდას ვერ მოახერხებს.

„ნუ გათიშავთ ინტერნეტს და მობილურ კავშირს!
————————————

ვიცი, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დამძიმების პრევენციისთვის!

ვიცი, რომ ბიზნეს-სუბიექტებთან მოლაპარაკებებს მართავს და მათთვის გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ სამუშაო ადგილების და თანამშრომლებისთვის ხელფასის შენარჩუნების თაობაზე შეთანხმებას ცდილობს!

ვიცი, რომ კომუნალური გადასახადების საკითხი აქტიურად განიხილება და დარწმუნებული ვარ, მოგვარდება კიდეც!

მაგრამ არ ვიცი, რას ფიქრობენ და რა მოლაპარაკებები აქვთ ინტერნეტპროვაიდერებთან და მობილურ ოპერატორებთან.

დღეს შინგამოკეტილი ადამიანები ინფორმაციას იღებენ ტელევიზიით, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სატელეფონო კავშირი და სოციალური ქსელები, რომლითაც ადამიანები კომუნიკაციას ამყარებენ. ანუ მხოლოდ მაყურებლები და მსმენელები კი არ არიან, არამედ თვითონაც აქვთ აზრის და ემოციის გამოხატვის საშუალება, რაც დაძაბულობის განმუხტვის ერთგვარი საშუალებაა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სოციალური ქსელებით აქვთ ურთიერთობა საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან.

ამასთან, პირველი არხის სატელევიზიო გაკვეთილების პარალელურად, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ონლაინ გაკვეთილები, როცა მასწავლებელთან კომუნიკაციით იღებენ ცოდნას. ამით ბავშვები გარკვეულ დისციპლინას და დღის რეჟიმს ინარჩუნებენ და მთელი დღე სახლში გამოკეტილებს თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა. შესაბამისად, მათთვის ინტერნეტის გათიშვა ამ ბავშვების სრულ იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს.

რასაკვირველია, მესმის, რომ ცალკეულ ოჯახებს მობილურის და ინტერნეტის საფასურის გადახდა არ გაუჭირდებათ, მაგრამ არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ინტერნეტს უკანა პლანზე გადაწევენ საკვების, წამლების, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის შემდეგ.

არის კიდევ ერთი გარემოება: უფროსი ასაკის მოზარდები ძალიან არიან დამოკიდებულნი ინტერნეტზე, – კომპიუტერი, ნოუთბუქი, ტაბლეტი თუ მობილური მათი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია.

მერწმუნეთ, მათ ნამდვილად ვერავინ გააჩერებს სახლში, თუკი თანატოლებთან ვირტუალური კომუნიკაციის საშუალება არ ექნებათ.

ამ თემაზე კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ხელისუფლებამ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ მობილურ ოპერატორებთან და ინტერნეტპროვაიდერებთან ეს საკითხი გულდასმით გაიაროს, რომ ბინებში გამოკეტილი ადამიანები ქუჩაში არ გამოვიდნენ საურთიერთობოდ.

და ბოლოს: დღევანდელი ურთიერთობების პირობებში, როცა ერთი ოჯახის წევრები ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ, ამჯერად კი ერთად ყოფნა უწევთ, დახურული სივრცისთვის დამახასიათებელ სტრესს ვირტუალურ სამყაროში გაქცევით აღწევენ თავს. თუ ამ სივრცეს ჩავუკეტავთ, ვიმეორებ, ისინი აუცილებლად მოძებნიან კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, რაც ვირუსის გავრცელების საფრთხესაც გაზრდის და პოლიციასთან დამატებით თავსატეხს გაუჩენს.

მოკლედ დაწერა მინდოდა და მაინც ვრცლად გამომივიდა, რადგან დასაძინებლად მეჩქარება. 

დილა მშვიდობისა! “ – დაწერა ბონდო მძნარაშვილმა.

Next Post

საპატრიარქო განცხადებას ვრცელებს

ოთხ მარ 25 , 2020
2,255 წაკითხვამრევლის ტაძარში სიარულთან დაკავშირებით, საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელიც ახლახან დაიდო საპატრიარქოს ვებ გვერდზე. „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად  დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის […]