მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თერჯოლაში მცხოვრები, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, მათთან არ მკურნალობდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა ამ პირს თავიდანვე ტესტი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ის შესაძლო შემთხვევებში არ შედიოდა, რადგან მოგზაურობის ისტორია ან დაავადებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონდა.
„მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა და ბინაზე გაშვება. თქვენ ანალიზის უნარი გაქვთ მგონი, შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. შესაძლო კრიტერიუმებია, რომ მოხდეს გამორჩევა გამოსაკვლევი ადამიანების, რადგან ყველა სიცხიანი და ყველა რესპირატორული დაავადებით არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც კოვიდ 19, მაშინ ამას ვერ გაუძლებს ვერასდროს ვერავინ. შესაძლო შემთხვევის განმარტებაა, როდესაც მას აქვს მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას რამე კონტაქტი ჰქონდა თუნდაც პირდაპირი ან ირიბი, ამ შემთხვევაში როგორც შესაძლო შემთხვევა არ ჩაითვლება.
შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და დღემდე გვყავს 115, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.