„რა შეცვალა ჩემთვის კორონამ?..“- ირინა სარიშვილი

1,454 წაკითხვა

რაც კორონა მეფობს, ძალიან მომრავლდა აქაც და რეალშიც საუბრები ფასეულობების გადასინჯვაზე, ახალი ღირებულებების დამკვიდრების ალბათობაზე მას შემდეგ რაც კორონა დამარცხდება.
გარკვეულწილად ალბათ ასეც არის, თუმცა მე ჯერჯერობით საკუთარ თავში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ვგრძნობ. შეიძლება იმიტომ რომ რა ცვლილებებიც ხდება ხოლმე ადამიანში, მე ეს კორონამდე გამოვცადე ჩემს ფათერაკებით სავსე ცხოვრებაში, შეიძლება ზოგი რამ დაბადებიდან მქონდა და ვეღარ შეიცვლება. არ ვიცი. თანამდებობას და სოციალურ მდგომარეობას არც ადრე ჰქონია ჩემთვის ფასი და არც დღეს აქვს.
ადამიანურ ურთიერთობებს თითქმის ყოველთვის ყველაფერზე წინ ვაყენებდი და სადაც არ დამიყენებია, მწარედ მინანია ყოველთვის.
ფული ჩემთვის ყოველთვის საშუალება იყო და არა მიზანი. ასე რჩება დღესაც და მე ვერ ვიტყვი რომ ამ პერიოდში ფულმა ჩემთვის ფუნქცია დაკარგა. საკვები, წამალი, შესამოსი ჩემიანებისთვის და ჩემთვის ადრეც მჭირდებოდა და დღესაც მჭირდება.
ჩემი საკუთარი სახლი რომ არ მაქვს, არასოდეს დიდ პრობლემად არ ჩამითვლია, მთავარია ჭერი მაქვს თუნდაც დროებითი. ასე ცხოვრებაც დროებითია. რა თქმა უნდა უკეთესია რომ მქონდეს და ასე ვფიქრობ დღესაც როცა კორონა მძვინვარებს.

არასოდეს არაფერი სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა არ დამიყენებია და არც დღეს შეცვლილა რამე.

შეცდომები ადრეც დამიშვია და კორონას მერეც დავუშვებ, ცოცხალი სანამ ვიქნები.

აი თუ ვინმეს კორონამ უსასრულობისკენ გზა გაუხსნა და ადამიანურ ურთიერთობებში მიჯაჭვულობისგან გაანთავისუფლა, მთელი გულით ვულოცავ მას. მე არაფერს ამდაგვარს არ განვიცდი.

რა შეცვალა ჩემთვის კორონამ?
ძალიან კონცენტრირებულად დამანახა სიყალბეც და სიალალეც ადამიანებში. დამანახა როგორ გამოიყურება შეშინებული ადამიანი, იმაზე მეტად დამანახა, ვიდრე აქამდე ვხედავდი და თავიდან გამაცნო მათთან ერთად ისინიც, რომლებსაც ამ შიშმა ადამიანის სახე არ დააკარგვინა.

და კიდევ ის შეცვალა რომ დღეს მე ეს წერილი დავწერე 

ჯანმრთელობა და სიმხნევე ყველას.

ირინა სარიშვილი

Next Post

„მძიმეა იმის ყურება, პოლიტიკოსები როგორ ცდილობენ ასეთ ვითარებაშიც კი ქულების დაწერას“

ოთხ აპრ 1 , 2020
1,454 წაკითხვაამ მძიმე ვითარებაში, როცა ვირუსისგან თითოეული გამოჯანმრთელებულის შესახებ ინფორმაცია ისე გვახარებს, თითქოს ოჯახის წევრი გამოგვიჯანმრთელდა, მძიმეა იმის ყურება, პოლიტიკოსები როგორ ცდილობენ ასეთ ვითარებაშიც კი ქულების დაწერას. სირცხვილია, თუმცა გასაგებია მათი მცდელობაც… კრიტიკის ნაცვლად ჯობია, ამ საერთო საქმისთვის, ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური დაფინანსებიდან, მცირედი მაინც გაიღონ იმ ადამიანების გადასარჩენად, ვის ხმებზე ნადირობისთვისაც წინასაარჩევნო პერიოდში ემზადებიან! ყველამ კარგად იცის, რაოდენ მსუყეა ამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ