Breaking News
Home / მთავარი სიახლე / „არჩევნების ყველაზე დიდი ინტრიგა – ნაციონალები პროცესის მხოლოდ რიგითი მონაწილეები იქნებიან“

„არჩევნების ყველაზე დიდი ინტრიგა – ნაციონალები პროცესის მხოლოდ რიგითი მონაწილეები იქნებიან“

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა თბილისში კანდიდატები წარადგინეს.

ორად გაყოფილმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ ელენე ხოშტარია, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა ალეკო ელისაშვილი. 

ადვოკატი, ნონა ფილაური „მედიაპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ყველა  კანდიდატს საარჩევნო პროგრამა სოციალურ, ეკონომიურ, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე აქვს აგებული, ზოგიერთ კანდიდატს კი ყველაზე მთავარი აკლია:

„მათ თბილისელებს მიაწოდეს ქართული მშრალი პოლიტიკა, გაზავებული აგრესიული კრიტიკული გამონათქვამებით. იმისთვის, რომ შენი დაიჯერონ, მხოლოდ გაბრაზებული და კრიტიკული არ უნდა იყო, თბილისს სიყვარული აკლია. ქალაქი, რომელიც უსინათლობას, სიცივეს, შიმშილს უძლებდა, დღეს ვერ უძლებს უსიყვარულობას, გულგრილობას, აგრესიას.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურაზე, მას მაინც აქვს სერიოზული, თვალში საცემი ვიტყოდი პოლიტიკური ნაკლი. მას საზოგადოება იცნობს, როგორც ჟურნალისტს და არა, როგორც მეურნეს. მის მიერ შექმნილი პროდუქტი  იყო ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდა.  ეს ახსოვს თბილისს. თუმცა აგრესიულ ნიკა მელიასთან შედარებით ის ბევრად უკეთესი, გაწონასწორებული და პროგნოზირებადი კანდიდატია. რაც შეეხება გაბრაზებული თბილისელის იმიჯს, რა მოგახსენოთ, ასეთ შთაბეჭდილებას ზაალ უდუმაშვილი ნამდვილად არ ტოვებს. ელენე ხოშტარია,  რომელიც განუდგა „ნაციონალურ მოძრაობა“-ს მათი შეცდომების გამო. ქალბატონი, რომელიც თავის გუნდთან ერთად, შთაბეჭდილება მრჩება, დანაპირებით არა თბილისელებს არამედ თავის თავს უფრო აჯერებს, რომ შეძლებს რაღაცის კეთებას. მისი გამონათქვამები ლოზუნგებს უფრო ჰგავს“ – აცხადებს ფილაური.

რაც შეეხებს საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს – ალეკო ელისაშვილს, ფილაური ამბობს, რომ მას მართლაც უყვარს თავისი ქალაქი, ის ნამდვილად მოერგო გაბრაზებულ თბილისელებს,

„წლევანდელი არჩევნების ყველაზე დიდი ინტრიგა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება იქნება დანარჩენებთან, რომელთაც ზურგს პარტიები უმაგრებენ, თუმცა ელისაშვილს გამარჯვების შანსი მაინც არ აქვს. ის ფიქრობს, რომ რაც მას უნდა, ყველა თბილისელს მაინც და მაინც ის უნდა. მას არ ჰყავს გუნდი, არ ჰყავს ძალა და მხოლოდ სიბრაზით ქალაქის მართვა ვფიქრობ, რომ შეუძლებელია.“ – აცხადებს ფილაური.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს, ფილაური მას გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამბობს, რომ:

„ადამიანი, რომელიც ყოველთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის იღებდა პასუხისმგებლობას და წარუმატებლობის შემთხვევაშიც მზად იყო პასუხის გასაცემად. კანდიდატი, რომელსაც საკუთარი პარტია ერთსულოვნად უჭერს მხარს და აღიარებს. ის პირდება თბილისს საკმაოდ ამბიციური გეგმების განხორციელებას. შანსი გამარჯვების რა თქმა უნდა აქვს კახა კალაძეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები დაიღალნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობის გაუფასურება ცხოვრების წესად მკვიდრდება, ფასეულობათა გადაფასება მიმდინარეობს, სწორედ ახლა საჭიროა ქალაქს ჰყავდეს ისეთი მერი, რომელსაც შინაგანი განახლება შეუძლია საკუთარი თავის. ამის მაგალითი კახი კალაძემ ნამდვილად უჩვენა საზოგადოებას, ის იყო ფეხბურთელი და მან შეძლო პოლიტიკოსობაც, ვფიქრობ ის შეძლებს კარგ მერობასაც. თბილისს სჭირდება სიყვარული, ზნეობა და არა მარტო ეკონომიური, სოციალური, არამედ სულიერი ცხოვრების გადასინჯვაც. ამ ქალაქს ეს ტრადიცია ყოველთვის ჰქონდა. თუ გიყვარს, ადამიანი ხარ, გწამს და განვითერებაც შეგიძლია.  „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე მიაღწიოს წარმატებას და კახა კალაძის, როგორც პოლიტიკური თამაშის ყველაზე მომგებიანი კანდიდატის წარდგენაც იმიტომ გადაწყვიტა.

ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში პოლიტიკურ ამინდსაც ვერ შექმნის, ისინი მხოლოდ პროცესის რიგითი მონაწილეები იქნებიან. „ქართული ოცნება“ ეცდება, რომ საბოლოოდ დამკვიდრდეს როგორც ძლიერი, სტაბილური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეუძლია ხალხის ნდობის მოპოვება“ – აცხადებს ფილაური.

 

 

 

კომენტარები

Powered by themekiller.com