მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიასთან მოლაპარაკების პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება, ვინაიდან სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ საფრთხის გამო სახლში დარჩნენ.
„ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.