დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს. ამის შესახებ მან მაესტროსთან ისაუბრა.
„ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის“, — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხერხი სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენაა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმს უნდა მივმართოთ. კორონავირუსის წინააღმდეგ მდუღარე წყლის დალევის რეკომენდაციას მედიკოსები არ იძლევიან.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.