ლალი ცერაძე – „ქართველი მეომრის ჯვარცმა, გარდაცვალება და ამაღლება“ (პირველი ნაწილი)

3,576 წაკითხვა

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანწერები“. ამჯერად შემოგთავაზებთ ბატონ გენადი კვერნაძის მოგონებას თბილისის ომის შესახებ. 

ბატონი გენადი იდგა „საქართველოს გვარდიის“ ჩამოყალიბების სათავეებთან. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგულთა შორის ბოლო წუთამდე დარჩა და სამხედრო ფიცისთვის არ უღალატია. თბილისის ომში მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს. შემდეგ „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში“  მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. თუ ახლოს გაიცნობთ ბატონ გენადის გაგაკვირვებთ მისი შემართება, მოთმინება, იშვიათი პატიოსნება, პატრიოტიზმი და შესანიშნავი ქართული ოჯახი.

მისი ბიჭები გაგრაში მოწინააღმდეგის შემოტევას ბოლო წუთამდე იგერიებდნენ ეგერეთ წოდებულ სასტუმრო „კა–ბერ-ცეს“ შენობაში და შემდეგ იყო მწარე და დამამცირებელი ტყვეობის წამები, წუთები, საათები და დღეები. ბევრი მისი რაზმელი მტრის სიშელეგემ და მხეცობამ იმსხვერპლა, მაგრამ მაიორ გენადი კვერნაძის სამხედრო შემართებამ და რწმენამ, რომ თანამებრძოლებს გადაარჩენდა საბოლოოდ სიცოცხლე აჩუქა მათ.

გენადი კვერნაძე -თბილისში 1992 წლის  22 დეკემბერს გასროლილმა ტყვიამ დააქცია საქართველო

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო და მეც მთელი სულისკვეთებით შევუერთდი პატრიოტებს. დამოუკიდებლობა და ბედნიერება მსურდა ჩემი სამშობლოსათვის. რაღაცნაირი განსაკუთრებული სიყვარულით ვიყავი გამსჭვალული და მინდოდა თავი მამულისათვის დამედო. მიწათმომწყობად ვმუშაობდი და მთელი საქართველო მქონდა მოვლილი, სამი შვილის მამას მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა – ჩემს შვილებს ეცხოვრათ ბედნიერ ქვეყანაში.

არჩევნების შემდეგ დაიწყო ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება და მეც ჩემი თავი ჩავთვალე საჭიროდ მემსახურა ჩემს ქართულ არმიაში და გამეზარდა ახლგაზრდობა. მით უმეტეს, რომ მოვლილი მქონდა ჯარი და კარგად ვიცოდი სამხედრო სპეციფიკა. ლესელიძის სახელობის სასწავლებელში იდგა „სპეციალური დანიშნულების გვარდიის პოლკი“. ვავარჯიშებდით მეომრებს  და ვამეცადენებდით. ამ დროს კაპიტნის ჩინს ვატარებდი.

ეროვნული სულისკვეთება უხვად მქონდა და მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ ჩემი გულისთქმისთვის ისევ ჩემი ჯიშის და ჯილაგის ქართველები დამსჯიდნენ და თან მწარედ დამსჯიდნენ.

1991 წლის დეკემბერში, როდესაც რუსთაველზე არეულობა დაიწყო, გაგვამწესეს მთავრობის სასახლის დაცვისთვის. პოლიტიკური პარტიები და ზვიად გამსახურდიას გვარდიის ნაწილი დაუპირისპირდა პრეზიდენტს. შეიქმნა პოლიტიკური და შემდეგ სამხედრო კრიზისი.

მე ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ბრძანება მივიღე და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების ნორმალიზებისათვის წვევამდელი ბიჭები ჩავაყენე ჯაჭვში. მასა თანდათან აგრესული ხდებოდა და 22 დეკემბერს სროლაც დაიწყო. ვიღაც შავ ფორმაში ჩაცმულმა  ავტომატიანმა ბიჭმა, რომელსაც ხალხი უყვიროდა არ ისროლოო, მაინც მოახდინა იმ საბედისწრო ტყვიის გასროლა.

ჩვენ უიარაღოდ ვიყავით და აღმოვჩნდით ორმაგი ცეცხლის ქვეშ. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე და გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ლოთი ქობალია დაიჭრნენ კიდეც. როგორც იქნა მთავრობის სასახლის კიბეებამდე მივღწიეთ და ტყვიებმა სულ ახლოში ჩამირბინა.

შემდეგ ბრძოლა გამძაფრდა. ავტომატების სროლას დამბომბვა მოყვა და ჭურვებისაგან ცეცხლიც გაჩნდა. კომკავშირის ხეივნიდან გვესროდნენ და რუსთაველის მხრიდანაც. ჩვენი მხარეც იგერიებდა რას შეეძლო ან რა უნდა გვექნა არტირელიის წინააღმდეგ.

ველოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მე მხოლოდ პატარა ბიჭების გადარჩენაზე ვფიქრობდი, რომელთაც დიდი არაფერი არ ენახათ ცხოვრებაში.  შევედი პრეზიდენტთან. ბატონ ზვიადის  ვთხოვე, რომ ისინი სახლში გაეშვა და ნება დამრთო. მაშინ უკვე მშვიდად ამოვისუნთქე.

ჩემს ცნობიერებაში მაინც ვერ ვითავისებდი, რა ძალა ასროლინებდა ქართველს ქართველზე და აშკარად უფრო მეტი უბედურების მოლოდინი გამიჩნდა. სამწუხაროდ, არც შევმცდარვარ.

ჩვენი დაბომბვა გრძელდებოდა და რამდენიმე ჯარისკაცი დამეჭრა კიდეც.

პერიმეტრზე რომ გავდიოდით ამოვარდა მსუბუქი მანქანა, იქიდან გვესროლეს,  ხელში მოხვდა ერთ-ერთ თანმხლებ სამოქალაქო პირს და შემდეგ მას მკლავიც მოაჭრეს და მე კი ფეხში დავიჭერი.

ბოლოს ბატონმა ზვიადიმ მითხრა თავის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ტოვებდა საქართველოს – „გამოვაცხადებ ეროვნულ დაუმორჩილებლობასო“. მე ეჭვით ვუპასუხე „ბატონო პრეზიდენტო, აქ ხომ ხედავთ რა ხდება და რომ გახვალთ კაცმა არ იცის რა მოხდებაო“. ცოტა არ იყოს დავიბნით ყველანი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას უნდა დავმორჩილებოდით.

1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტის ექსკორტმა დატოვა სასახლე და ჩვენც დაშლა გვითხრეს. სამოქალაქო ტანსაცმელი გვეცვა და ჩვენი მსუბუქი მანქანა დაიძრა. წინ ორი ავტობუსი მიდიოდა, რომელშიც თანამშრომლები, დაცვის ბიჭები, გამსახურდიას მომხრეები ისხდნენ დასავლეთ საქართველოდან. მათ შორის იყვნენ ქალებიც და ბავშვებიც. მივდიოდით მეტეხის ხიდის მიმართულებით.

არმისული ეკლესიამდე ხიდზე ავტობუსები შეჩერდნენ. ვითარების გასარკვევად მძღოლს მანქნიდანვე ვკითხეთ თუ რაში იყო საქმე და მან ამიხსნა, რომ „წინ პიკეტია და შეიძლება გვესროლონო“. ვურჩიე მე წინ წავიდოდი და თვითონ ჩაეხვია მარცხნივ მეორე სანაპიროზე.

როცა მანქანა დავძარით, რაიმეს მოფიქრებაც ვერ მოვასწარი ატყდა ძლიერი სროლა, ჩვენი მანქანა დაიცხრილა. უცებ კისერი გადამივარდა და სიმწრისაგან ვიგრძენი, რომ ტყვია მომხვდა.

ჩემს წინ ვეფხია ბიჩინაშვილი საჭეზე ეგდო დამხობლი, ტყვიას შუბლი გაეკაწრა. ვიგრძენი სახეში რაღაც შემესხა და ხელი მოვისვი. ჩემს გვერდზე მჯდომი ჩემი მეგობრის სერგო ინასარიძის ტვინი შემრჩა თითებში და სისხლით მოირწყა იქაურობა. სერგოსკენ ვეღარც გავიხედე ნახევარი თავისქალა აღარ ქონდა.

ტყვია ტყვიაზე მოდიოდა. იკარუსიც დაცხრილეს და ერთი ყვირილი და წივილ-კივილი ისმოდა. მაიზერ გელოვანი მახლდა თან და გადაფითრებულ სახეზე როცა შევხედე, მივხვდი სასიკვდილოდ განწირული ვიყავი.

რადგან სროლა შეწყდა და გადარჩენილმა ხალხმა ჩამოსვლა დაიწყო მაიზერს ვუთხარი – „ცუდად ვარ, ნელა-ნელა ბიჭებო,  გადავიდეთ მეთქი“. ალიკა იყო ერთი შედარებით ჩვენთვის უცნობი ბიჭი მანქანიდან გადახტა და გაიქცა.

ვეფხოს ხმა არ გაუცია. მაიზერმა კი მითხრა – „ცოტა ხანი გავჩერდეთო“. მოვიცადე და ისევ სროლა აგვიტეხეს. უკვე ვგრძნობდი სისხლისაგან ვიცლებოდი და თავს ვეღარ ვამოძრავებდი და საჭირო იყო მოქმედება. გავაღე კარები და გადმოვფორთხდი.

დავინახე მსროლელები გვიახლოდებოდნენ და მე კი იქვე კორდამდე მივხოხდი და გადავწექი. თან კაშნს ვიხვევდი, სისხლი რომ შემეჩერებინა. ავად მენიშნა ჩემსკენ იმ ავტომატიანის წამოსვლა და დაველოდე ბედისწერას. ხელი მოვკიდე ხელყუმბარას და მინდოდა რგოლი გამომეწია. ახლაც არ ვიცი რა ძალამ გამაჩერა, ალბათ იმან, რომ ამის შემდეგ ხალხი უფრო მეტად დაიხოცებოდა.

ის შეიარაღებული კაცი მომიახლოვდა და მითხრა – “ძამიკო, რა გიყო ახლა მე შენო?”  მე ერთი ამოვილუღლუღე – “რა ხდება, ხალხნო, პრეზიდენტი გავიდა და რას გვესვრით მეთქი?” თქვა – „წავალ ვინმეს მოვიყვანო“ და დამტოვა.

მე დღესაც ვფიქრობ, რომ არ გავისროლე  არც ავტომატი და არც ხელყუმბარა ღმერთმა აშკარად ძალა მომცა და სიცოცხლე მაჩუქა.

ჩემს თავს ვუთხარი “გენადი, როგორმე უნდა წამოდგე და მიაღწიო სახლამდე”. მივხვდი, რომ არავინ არ დამეხმარებოდა. წამოვფორთხიალდი და ნელა-ნელა გაუყევი გზას. გადავწყვიტე სანამ ძალა მეყოფოდა მევლო ჩემი ძმის სახლამდე ბარბარეს ეკლესიასთან. სისხლი მაისურში იღვრებოდა და მუცელი გამითბა. რაღაც მანქანა წამომეწია. ხელი ავუწიე. გაჩერება მინდოდა. ჯერ ერთი კი  შეანელეს და შემდეგ სწრაფად მოწყდა ადგილს.

ტაატით ძალადაკარგული მივდიოდი. თან ვფიქრობდი – „რას გვერჩოდნენ უიარაღო ხალხს?“ ვერ გეტყვით დღესაც ვერ გამიგია. პრეზიდენტი უკვე წასული იყო და ჩვენგან ხომ არანაირი პრობლემა მათ არ შექმნიათ. როგორ გაგვიმეტეს?! საიდან გაუჩნდათ ამდენი ბოღმა და ბოროტება, რომ უიარაღო ხალხს ესროლეს. მე ვფიქრობ რაღაც ცუდმა მხეცურმა ინსტიქტებმა იმძლავრა მაშინ ზოგიერთ პირებში.

ღამე როგორც იქნა მივაღწიე ჩემი ძმის სახლთან. უკვე ბნელოდა. შუქები არ იყო. ლიფტიც არ მუშაობდა და კედელ-კედელ დავიწყე კიბეზე ასვლა. თან მეშინოდა სართულს არ გავცდენოდი. მახსოვდა ჩემი ძმის სავარჯიშო გირები უნდა ყოფილიყო კუთხეში მიწყობილი და როცა ხელის ფათურზე რკინა მომხვდა ხელში, მივხვდი ადგილზე ვიყავი.

კარზე რაგუნი დავიწყე. როგორმე გაეგოთ, თან არაფრის თავი არ მქონდა. ჩემი რძალი შემეხმიანა და გამომხედა ხმაზე და უკვე ცოცხალმკვდარი შემათრიეს სახლში. ძმამ სასწრაფო მოიყვანა და საავადმყოფოში მიმიყვანეს. როცა ექიმმა შარფი მომაძრო, თვალები გაეყინა, ტყვია პირდაპირ არტერიაში იჯდა და ნამსხვრევებით ნახევარი ყბა და ხორცი აღარ მქონდა. ერთი ნამსხვრევი უკან ხერხემალთან კისერში გაჩერებულიყო.

მოკლედ, იმ ქვეყნიდან დამაბრუნეს. ტკივილის გარდა მძიმე გრძნობა მაწვალებდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი – “ქართველმა ქართველს, როგორ ესროლა მეთქი?!”

როგორც იქნა გამკერეს და როცა პალატაში დასახიჩრებული ადამიანები მოიყვანეს, მივხვდი ქალაქში რაღაც ცუდი ხდებოდა.

უცბად პალატაში ვიღაც შეიარაღებული უცხოები შემოვიდნენ და ექთანი მოეყვანათ ამოცნობაზე. ის ქალბატონი ბუნკერში შემოყავდათ გადახვევებზე და მეც ადრე ფეხი გადამიხვია.            დაათვალიერებინეს ჩვენი თავი. მე მას თვალი თვალში გავუყარე და მან განაცხადა არავის არ ვიცნობო. ზოგიერთ ქალბატონი დღესაც ზოგიერთ მამაკაცს მირჩევნია. ვაჟკაცურად მოიქცა, თორემ რას გვიზავდნენ კაცმა არ იცის. ამით მან მართლა გადაგვარჩინა, იმიტომ რომ მათგან არც ისეთი სასიკეთო ხედვა მოდიოდა.

“შევეკითხე, რა ხდება, გვესროლეს, დაგვჭრეს და დაგვხოცეს უდანაშაულო ხალხი და კიდევ ჩვენ გვამოწმებთ მეთქი?!” “არა, ნუ ნერვიულობთ ვიღაცას დავეძებთო, ეს ისე შემოგიარეთო” და გავიდნენ.

ამის შემდეგ ვიმკურნალე ჭრილობა, ძლივს მომირჩა, მაგრამ დამრჩა გულისგანმგმირავი მოგონება თბილისის ომიდან, როგორ კლავდა ქართველი ქართველს და ჩემნაირ, საქართველოს მოსიყვარულე ადამიანებს, გვესროლეს და სასიკვდილოდ გავგიმეტეს. ჩვენ ხომ მხოლოდ სამხედრო ფიცის ერთგულებად დავრჩით, მოვალეობას პირნათლად ვასრულებდით და ჩვენი ღირსებისთვის დღემდე არ გვიღალატია. და ამის შემდეგ კიდევ ბევრი ტკივილი გადავიტანეთ, ისევე როგორც ყველა მამულიშვილმა.

ჩემი ტყვიამოხვედრილი სისხლიანი კაშნე დღესაც შენახული მაქვს და მძიმე მოგონებად მაწევს გულზე, როგორ ესროლა ქართველმა ქართველს. როგორ მამძიმებდა და მაეჭვებდა შემდგომში აფხაზეთის ბრძოლებში ეს გრძნობა და დღესაც თბილისის ტრაგედიის გახსენება გულს მიკლავს.

ჩვენ ხომ ერთიანი, სამართლიანი, თავისუფალი ქვეყნისთვის ვიბრძოდით. ამისათვის, ხომ მთელი თაობები გაიწირა და რა დაგვემართა, რომ ერთმანეთს ვერ მოუფრთხილდით და თავისუფლების გარიჟრაჟზე ამგვარი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ჩვენს ბედკრულ ისტორიაში.

მეტეხის ხიდზე, სადაც ქრისტიანული რწმენისთვის ასი ათასი მოწამის სისხლი დაიღვარა საუკუნეეების წინ ურჯულოთაგან, ექვს იანვარს ქართული სისხლი კვლავ დაიღვარა უკვე თანამოძმისგან.

მარადიულ ნათელში იყვნენ ყველანი ვინც იმ დღებში გარდაიცვალა და ალალ-მართალი უფალს  მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის მიეახლა.

Next Post

„აღდგა“ თუ „აღსდგა“ – ლევან ღვინჯილიას მორიგი განმარტება

შაბ აპრ 18 , 2020
3,576 წაკითხვაენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელებში არსებულ მითქმა-მოთქმას, როგორია სწორი ფორმა-„აღდგა“ თუ „აღსდგა“ კიდევ ერთ განმარტებას უკეთბს. ღვინჯილია ერთ-ერთ facebook-გვერდზე (”დეკორატიული მცენარეები”) არსებულ განხილვას ამგვარად აფასებს: „პატივცემულო Dekoratiuli Mcenareeb-ო!!! არასოდეს არ მომივა აზრად, შეგეცილოთ Dekoratiuli Mcenareebi-ის (დეკორატიული მცენარეების) მოვლა-მოშენებაში; ეს ერთი! გარდა ამისა, მე ჩემ საიტზე რაღაცას რომ ვწერ, ამით თქვენ როგორ შეგაწუხეთ და „თავი როგორ წაგჭამეთ“? – საუბრის ინტონაციით, […]