საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, უკრაინელ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა:
„დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგეგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს რადაში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის.
ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.