„ეს საოცარია ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრეს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.

„ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის“ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია, რომელიც წყვეტს, რომელი დაავადების დროს, რომელი მედიკამენტი უნდა იყოს გამოყენებული ან არ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტ „ემდესევირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია” ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.

„მე ვისაუბრე პრეპარატ „ტოცილისუმაბზე“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *