სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ხუთი წელია „საოცნებო“ ხელისუფლება „მართავს“ ქვეყანას, ხუთი წელია ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად უარესდება“

1 min read

„არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას და უფრო ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით, პრიორიტეტების მიღწევას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ. უდავოდ, მისასალმებელი განცხადებაა, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვამ გამოიწვია ის გაუსაძლისი ეკონომიკურ-სოციალური ვითარება, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

ანალოგიური სახის განცხადებები სხვა მინისტრების და პრემიერ-მინისტრისგანაც გვესმის, თუმცა რეალურად, საზრიანი ნაბიჯები ხელისუფალთა მხრიდან არ ჩანს. პირიქით, რაც ჩანს ისაა, სახელმწიფო ფულის განიავება რომ ჰქვია. მაშ რატომ იწუხებს თავს ხელისუფლება მსგავსი განცხადებებისთვის? პასუხი მარტივია – საზოგადოების – აღშფოთებულის და იმედგაცრუებულის, დასამშვიდებლად.

ჯანელიძის განცხადებაში არის სიტყვები – „მეტი ოპტიმიცაზია და ეფექტურობა“, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ აქამდე ოპტიმიზაციაც იყო და ეფექტურობაც, მაგრამ დღეიდან უფრო მეტი იქნება. ვაშა, მინისტრის თავდაჯერებლობასა და ოპტიმიზმს, მაგრამ პირადად მას და მის კოლეგებს აქვთ ამის შეგრძნება, ვინაიდან მაღალი ხელფასები, დანამატები, პრემიები, სხვადასხვა სახის შემოსავლები აძლევთ მათ იყვნენ ოპტიმისტები. ხალხს?

ხალხს, რაც აქვს – ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა-გაუფასურება და ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა – კვების პროდუქტებიდან დაწყებული, მედიკამენტებით, საწვავით დამთავრებული. ხალხმა იცის, რომ სულ მალე საქალაქო ტრანსპორტიც გაძვირდება, კომუნალური გადასახადებიც და სამარშრუტო ტაქსებიც.

ხუთი წელია „საოცნებო“ ხელისუფლება „მართავს“ ქვეყანას. ხუთი წელია ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად უარესდება, გამომწვევი მიზეზები უამრავია, მაგრამ მათ შორის გამოსაყოფია არამწარმოებლური ხარჯები, გაბერილი მმართველი აპარატი, არაკომპეტენტური კადრები და საკადრო პოლიტიკა, საწარმოების არ არსებობა, დაუსაქმებლობა და ა.შ.

5 წელიწადია ლაპარაკობს ხალხი იმ ფუფუნებაზე, რომელშიც ნებისმიერი დონის მოხელე ცხოვრობს – სახელმწიფო ბიუჯეტის ჯიბიდან გაზრდილ მის შემოსავლებზე, ძვირადღირებულ უცხოურ მივლინებებზე, პერმანენტულ მსუყე მასპინძლობაზე, რომელსაც ბედოვლათი ხელისუფლება უცხოელ სტუმრებს სთავაზობს, ძვირადღირებული პერსონალური ტრანსპორტის ხარჯებზე, მობილურ ტელეფონებზე თუ პლანშეტებზე და სხვა. ლაპარაკობს, მაგრამ არჩევნების დროს ყოველივე აღნიშნულს ივიწყებს 15-20 ლარის ხათრით და ხმას ისევ იმათ აძლევს, ვინც „საამური“ ცხოვრება არგუნა.

„საოცნებო“ ხელისუფლებისა და საზოგადოების მახინჯმა, მაგრამ ჰარმონიულმა ქმედებამ მიიყვანა ქვეყანა იმ უმძიმეს ვითარებამდე რაც გვაქვს. ამომრჩეველი ვერაფრით მიხვდა, რომ 20 ლარად გაყიდული ხმა, ძვირად უჯდება, მაგრამ 20 ლარი რომ რეალობაა? გარდა ამისა, მისი აზრით – სხვა ვინ? შეუჩვეველ ჭირს, შეჩვეული სჯობს – ღრმადაა გამჯდარი მის გონიერებაში.

ამ მენტალიტეტით ვცხოვრობთ ბოლო 25 წელიწადი, რომელსაც დასავლეთი სანიმუშოდ მიიჩნევს – დემოკრატიული სახის არჩევნების ჩატარების, მასთან ერთად მედიის თავისუფლების, ე.წ. პლურალიზმის თვალსაზრისით. დასავლეთი გვაქებს – რეგიონში საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანააო. ჩვენი მეზობლები კი არადემოკრატიულები, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით გაცილებით უკეთ მყოფნი, ვიდრე ჩვენ.

წამით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო ევროპის შუაგულში მდებარეობს, ბელგიის, ჰოლანდიის, სხვების მეზობლად და ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორიც ჰყავს, რა იქნებოდა, რას მოიმოქმედებდა ხალხი?

პერმანენტულ გამოსვლებს მოაწყობდა, „საყვარელ“ ხელისუფლებას სანაგვეზე მოისვრიდა. სამწუხაროდ აქ ამის იმედი არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან 20 ლარი მოქმედებს და გარდა ამისა ბრიყვული მოსაზრება, რომ ქართველი, ლუკმა-პურისთვის სამიტინგოდ არ გამოვა.

ხელისუფლება – დარწმუნებული ხალხის პოლიტიკურ იმპოტენციაში, ახალ-ახალ ექსპერიმენტებს გვთავაზობს, არა მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, არამედ პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. ერთი ასეთი ნაბიჯი ეს-ესაა გადადგა – მას სამინისტროთა შემცირება ჰქვია და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ხარჯების დაზოგვა.

ერთის შეხედვით პოზიტიური გადაწყვეტილებაა, მაგრამ დაგვიანებული და არასრული. რახანია ვამბობდი, რომ ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს არსებობა აბსურდი იყო და ეს ფუნქცია საგარეო უწყებაში უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც შერიგების სამინისტრო. პირველი როგორც იქნა შეუერთეს საგარეო უწყებას, მეორე ჯერ არა, რატომ?

მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ შექმნა ეს სამინისტრო, არაფერი გაკეთებულა შერიგების თვალსაზრისით და არც გაკეთდებოდა, ვინაიდან შერიგების პროცესი ერთი უწყების საქმე ვერ იქნება, ის მთელი ხელისუფლების საქმეა. კოორდინაციისთვის კი სწორედაც რომ საგარეო უწყებაა ზედგამოჭრილი. შევარდნაძის გამოგონება (სამინისტროს შექმნა) ხალხის სატყუარა იყო და მეტი არაფერი. სამინისტროს შექმნით მან დაამშვიდა საზოგადოება და აჩვენა, თუ რა სერიოზულობით უდგება ის აფხაზეთის დაბრუმების საკითხს – სამინისტროც კი შექმნა. სინამდვილეში, რა მივიღეთ?

მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა უფუნქციო სამინისტროს აპარატის შენახვაში, მისი თანამშრომლების უცხოურ მოგზაურობებში და ა.შ.. როდესაც სამინისტრომ ვერ შემოირიგა აფხაზეთი, შევარდნაძემ აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ავტორიტეტი წამოსწია და მას დაავალა განდეგილ ყოფილ ავტონომიასთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, აბაშიძის მუშაობა ამ მიზნით მალევე დასრულდა – 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად. მაინც, რა პრინციპით გადაურჩა ეს სამინისტრო საგარეო უწყებასთან შეერთებას?

როგორც ამბობენ – პოლიტიკურითო. აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შემორიგების თემა ისეთია, სპეცსამინისტრო რომ უნდა წარმართავდესო. არადა, რა დაუშავდება ამ თემას თუკი მას საგარეო უწყება წარმართავს?

არც არაფერი. სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიზოგება, … . მინდოდა დამეწერა – საქმეც უკეთ გაკეთდებათქო, მაგრამ თავი შევიკავე, ვინაიდან აფხაზეთთან, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მოლაპარაკებას საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს, რაც ხელს უწყობს გაუგებარი მდგომარეობის (ჩვენთვის) გაჭიანურებას, თორემ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს.

საბიუჯეტო ფულის უყაირათო ფლანგვის მაგალითია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების – აფხაზეთიდან შორს, თბილისში ფუნქციონირება; საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება, სამინისტროები, რომელთაც სამართავი ტერიტორია არ გააჩნიათ.

უხალხო და უტერიტორიო ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი, ზოგიერთთა განსჯით, პოლიტიკურია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პირდაპირ ვიტყვი – ცდებიან. პირიქით, იქაურ აფხაზებს ჩვენთან ლაპარაკის დროს არაერთხელ აღუნიშნავთ თავიანთი გულისწყრომა თბილისში, აფხაზეთის ხელისუფლების არსებობის გამო. რატომ ვიტყუებთ თავს?

ამ ხელისუფლებით დევნილი მოსახლეობის საკითხები არ წყდება. ისინი წესით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. გარდა ამისა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში აქაურ აფხაზურ ხელისუფლებას იქ ვინმე ჩაუშვებს აფხაზეთის სამართავად, ცდებიან. ანალოგიური რამ ითქმის სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც.

არანაკლები ფულის ხარჯვის მახეა საზღვარგარეთის ქვეყნებში გახსნილი საქართველოს საელჩოები და საკონსულოები, წარმომადგენლობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რომ იტყვიან – ვინ დათვლის ზღვაში ქვიშა – გაძვალტყავებული ბიუჯეტის პირობებში?!

ზოგს ჰგონია, რომ ქვეყნის მიერ დიპლომატიური აღიარება (ცნობა) თავისთავად მოითხოვს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას. ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. ქვეყნის წარმომადგენლობის გახსნა სხვა ქვეყანაში ხელისუფლების გადასაწყვეტია, რაც უნდა ეფუძნებოდეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ გათვლებს და არა პრიმიტიულ მოსაზრებას, რასაც ჩვენში აქვს ადგილი.

თაბახის სრული ოთხი ფურცელი ვერ იტევს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს საელჩოები და საკონსულოებია გახსნილი. ზოგიერთ მათგანში ელჩები შეთავსებით არიან ანუ ერთი ქვეყნიდან იფარება მეზობელი ერთი ან ორი ქვეყანა. ასეთ დროს ერთ ქვეყანაში გახსნილი საელჩოს ხარჯი იფარება, მაგრამ იქ მყოფი ელჩი ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს ქვეყანას, რომელსაც ფარავს, რისთვისაც სამივლინო ხარჯები უნდა გაიღოს. მცირე ბიუჯეტიან ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სულაც არ სჭირდება ეკზოტიკურ მთელ რიგ ქვეყნებში დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ფულის ხარჯვის კლასიკური მაგალითია მარეგულირებელი კომისიები, სადაც ასტრონომიული ხელფასებია, ისე, როგორც პრემიები – საშუალოდ 20, 25, 30 ათასი ლარი. ეს დაწესებულებები ხშირად იზრდება, სახელისუფლებო სტრუქტურებიდან დათხოვილი მოხელეებით. თვით კომისიების რაოდენობაც იზრდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს საფინანსო პოლიტიკაზე. საქმე, რასაც ისინი „აკეთებენ“ მინისტრთა საბჭოს აპარატის განყოფილებებმა უნდა გააკეთონ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალჩინოსნების ხელფასების შემცირება, დანამატების გაუქმება და პრემიების მხოლოდ ერთხელ – წლის ბოლოს გაცემა იმ მოხელეებზე, ვინც ამას იმსახურებს. მათთვის ეკონომიური ავტომანქანების (ჰიბრიდულის) შეძენა, რითაც დაიზოგება საწვავიც და სახელმწიფო ხარჯებიც. განა პატრულისთვის ამ სახის ავტომანქანები არ გამოდგება?

შესამცირებელია მივლინებები უცხოეთში. მივლინებაში წამსვლელთა რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები და ა.შ.

საბიუჯეტო ხარჯების შესამცირებლად სხვა ქმედითი ზომების გატარებაც არ აწყენდა ქვეყანას, მაგრამ მისი განხორციელება ხელისუფლების პრეროგატივაა. შეძლებს ის ამას, ძნელი სათქმელია. დღემდე ვერ შეძლო, რამაც ეკონომიკური ჩავარდნა გამოიწვია.

ასეთ ფონზე ყოვლად დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 პარტიის დაფინანსება. თითქოს ეს დაფინანსება რომ არ იყოს, დემოკრატიაც არ იქნება. ერთპარტიულმა ჩინეთმა, ვიეტნამმა, თავის დროზე სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, სინგაპურმა შეძლეს. აღნიშნული ქვეყნების თავბრუდამხვევი ეკონომიკური წინსვლა-განვითარება. იქ რომ ისეთივე სალაყბო დემოკრატია ყოფილიყო, როგორიც აქ არის, ისინიც საქართველოსავით ჩამორჩენილები იქნებოდნენ.

რამდენი უნდა ვილაპარაკოთ, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის თაობაზე? არაერთხელ ითქვა რა ძვირი უჯდება სახელმწიფოს პარლამენტისა და მისი აპარატის აქეთ-იქით მოგზაურობა; პარლამენტართა ავტომანქანების საწვავი; საცხოვრებელი ბინების დაქირავება და სხვა.

„საოცნებო“ ხელისუფლებამ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარა ეს საკითხი და სხვას მოაგვარებს?!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ