ლალი ცერაძე – „ქართველი მეომრის ჯვარცმა, გარდაცვალება და ამაღლება“ (მესამე ნაწილი)

3,901 წაკითხვა

ლალი ცერაძე:

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანწერები“. ამჯერად შემოგთავაზებთ ბატონ გენადი კვერნაძის მოგონებას გუდაუთის სამხედრო ბანაკში ტყვეობის შესახებ. ბატონი გენადი იდგა „საქართველოს გვარდიის“ ჩამოყალიბების სათავეებთან. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგულთა შორის ბოლო წუთამდე დარჩა და სამხედრო ფიცისთვის არ უღალატია.

თბილისის ომში მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს. შემდეგ “განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში“  მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. თუ ახლოს გაიცნობთ ბატონ გენადის გაგაკვირვებთ მისი შემართება, მოთმინება, იშვიათი პატიოსნება, პატრიოტიზმი და შესანიშნავი ქართული ოჯახი

მისი ბიჭები გაგრაში მოწინააღმდეგის შემოტევას ბოლო წუთამდე იგერიებდნენ ეგერეთ წოდებულ სასტუმრო „კა-ბერ-ცეს“ შენობაში და შემდეგ იყო მწარე და დამამცირებელი ტყვეობის წამები, წუთები, საათები და დღეები. ბევრი მისი რაზმელი მტრის სიშლეგემ და მხეცობამ იმსხვერპლა, მაგრამ მაიორ გენადი კვერნაძის სამხედრო შემართებამ და რწმენამ, რომ თანამებრძოლებს გადაარჩენდა საბოლოოდ სიცოცხლე აჩუქა მათ.

გენადი კვერნაძე – ჩვენ აფხაზეთში გუდაუთის სამხედრო ბანაკის ტყვეები ვიყავით

გამთენიისას იატაკზე ჩექმების მძიმე ხმა გაისმა, შემდეგ ქალის ქუსლების კაკუნი. რკინის კარი გაიღო და ჟურნალისტები მოგვადგნენ. ოფიცერი იკითხეს. „მე ვარ მეთქი“ – გამოვეხმაურე.

მკითხეს – „Что скажите господин офицер какая ситуация была в Грузии во время президента Звиада Гамсахурдия? Сделайте параллель с правлением Эдуарда Шеварднадзе, который сказал, что очень скоро Грузия будет процветать и скажите какое положение будет через три года?“

მე ვუპასუხე – „Во время президентства господина Звиада Гамсахурдия была гражданская война и меня убывали. Во время правления Эдуарда Шеварднадзе вы видите я в плену душу теряю, а что будет через три года и  где я буду лучше Шеварднадзе один Бог знает“.

მესემე დღეს კამერები გააღეს, მწყობრში ჩაგვაყენეს  და გვითხრეს – „თქვენი ნებით რომლი გამოხვალთო?“. მე საფიქრალი არაფერი არ მქონდა. ნაბიჯი გადავდგი უკვე სიკვდილისკენ, რადგან ვფიქრობდი დასახვრეტად მივყავდით. ვიგრძენი უკვე სულერთი იყო ჩემთვის. ამ ხნის ასაკში ჩემთვის ტყვეობა და ღირსების შელახვა გაუსაძლისი იყო. წამოვდექი თუ არა, ჩემთან ერთად კარცერში მყოფი ბიჭებიც წამოდგნენ და უკან გამომყვნენ.

კიბეზე აგვიყვანეს და მარჯვნივ მაგიდა იდგა ფოიეში, სადაც აფხაზების შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი დაგვხვდა. მან ჩაიწერა ჩვენი სახელები და გვარები. ამ კაცს დიდი მადლიერებით ვიხსენიებ. მან, როგორც პიროვნებამ, თვითოეულ ჩვენგანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან წესიერად გვეპყრობოდა და კაცურად, ადამიანურად გველაპარაკებოდა.

ეს ერთი რისკიანი ნაბიჯი  პასუხზე –  „Кто выйдет свой волей?“ მოგვიანებით ჩვენი გათავისუფლების გარანტი გახდა. და ამ დროს მე ეს ნაბიჯი ნამდვილად მხოლოდ სასიკვდილო მეგონა. ხაზზე რომ დაგიძახებენ, რად უნდა მტკიცება, რომ საქმე ცუდად არის?

ოთახიდან გამოსულები ბოევიკებმა ისევ ცემა-ტყეპით კორიდორში გაგვატარეს. ჩაგვსვეს ავტობუსში და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს.

მე აფხაზეთში თავის დროზე მიწების რევიზიას ვაკეთებდი და ამიტომ დაახლოებით მივხვდი გუდაუთაში მივყავდით.

ერთმანეთის გვერდით ორი საწყობი ჰქონდათ. ერთში ლურსმნები და რკინით სავსე კასრები ელაგა. გვიბრძანეს, ეს კასრები მანქანაზე დაგვეწყო და მეორე საწყობში გადაგვეტანა. მივხვდით ტყვეთა ბანაკს აწყობდნენ.

კასრების გადატანას რომ მოვრჩით, ჩვენსკენ 15 შეიარაღებული აფხაზი წამოვიდა. მე, ვანო ხეტაშვილს და თემურ ცხადაძეს თითო შეიარაღებული აფხაზი მოგვიახლოვდა.

„Ты Грузин?“ – მკითხა ჩემთან მოსულმა. „Да я грузин“– ვუპასუხე. „Почему ты приехал в Абхазию с оружием?!“– ჩამეკითხა.

მივხვდი საქმე ცუდად იყო. ერთ-ერთმა მუშტი მომიქნია. ძველი ბოქსიორი ვარ და ავიცდინე. სულ გადაირია. მე თავად ისეთი ბოღმა მქონდა, რომ ყველა მხრიდან გაწირული ვიყავი, თავი ვერ შევიკავე და იქითაც მოვუქნიე. ჩხუბი მინდოდა და თან სიკვდილი. ვეძგერე და გადავარდა.

მეორემ ავტომატის კონდახი ჩამარტყა ცხვირში. გამიტეხა. თვალებში რაღაც უცანურად გამინათდა. სისხლი თქრიალით წამსკდა. დავუყვირე გამწარებულმა – „Давай ещё бей!“ „Зачем?“ – შემეკითხა გაკვირვებულმა. ქართველ კაცს ღმერთმა იუმორი მისცა იმისთვის, რომ გაჭირვების დროს გული არ გაუსკდეს ნერვიულობით და ვუპასუხე – „Потому, что дурная голова не ногам а носу покоя не дает“. აუტყდა სიცილი და გადაბჟირებული სხვებს უხსნის ჩემს ნათქვამს. მოვიხიე ფორმის ჯიბე იქვე გუბეში ჩავასველე და სახეზე მოვისვი სისხლის გაჩერება ვცადე.

დაჯდა და სიგარეტი მომაწოდა. გასისხლიანებულზე მომიკიდა. შემდეგ მითხრა: Как тебя зовут? Гено – ვუპასუხე. „Что поделаешь, брат, война есть война“

ვითომ გამამხნევა. თემურ ცხადაძეს შევხედე – თვალი ამოვარდნაზე ქონდა მაგრად სცმეს.  ვახო ხეტაშვილიც მაგარი ნაცემი იყო. ნეკნები ჩაულეწეს.

შეგვიყანეს შემდეგ ტყვეთა ბანაკში და დაიწყო ჩვენი „ლაგერის“ ცხოვრება. დაახლოებით 52 კაცი ვიყავით.

ალექსანდრე ანქვაბი შემოვიდა და გვთხრა – „Что у меня есть, то и вы будете кушать“. გავაყოლეთ ერთი კაცი მოგვიტანეს საკვები. ამხელა მინისტრი კაცი თვითონ აცილებდა, რომ გზაში ბოევიკებს არ მოეკლათ. ლევან ლეშკაშელს დაქონდა საჭმელი ზურგზე მოკიდებული. პურის ნატეხი მოქონდათ, ბრინჯის სუპი, ჩაი შაქრით და წყალი.

ჩამოწერეს ტყვეთა სიები. შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ხშირად გვნახულობდა, თუთუნი და გაზეთები მოჰქონდა ჩვენთვის. ტყვეთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. გაგვხადეს სამხედრო ტანსაცმელი და რაღაც ნაფლეთები მოგვცეს.

ჩვენთან იყო ძირითადად ჩემი ბატალიონის წევრები. დაემატათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი („ჩიკორა“) კოღუაშვილი მოჭიდავე და კიდევ რამდენიმე პირი. ყველას გული ყელში ებჯინებოდა. ერთხელ ისე გაბრაზდა ამ კაფანდარა კაცმა „ნარიადს“ დაუწყო ჭიდაობა. შევაჩერეთ როგორც იქნა – „რას შვრები კაცო? აქ ტატამი არ არის მეთქი“. ერთი მოქალაქე იყო სასტუმროში მუშაობდა და ანქვაბს ვთხოვე და გაეშვა, რადგან მეომარი არ იყო.

აფხაზებს ვთხოვდი – „ჩემთან სხვებს ნუ შემოიყვანთ. ჩემი ბიჭები მეომრები არიან და არაფერი სამშობლოს დაცვის მეტი არ გაუკეთებიათ. მე რა ვიცი, სხვას რა წარსული აქვს და მე პასუხს ვერ ვაგებ მეთქი“.

ერთ დღეს ჩემთან ალექსანდრე ანქვაბი მოვიდა და მითხრა – „ორი ბიჭი გამაყოლე, რომ თქვენი მიცვალებულები დამარხონ, თან მათ საფლავებსაც დაიმახსოვრებენო“.

წაიყვანეს კახა ღამბაშიძე და გია ლონგურაშვილი ფიზიკურად ძლიერი ბიჭები იყვნენ. არც ერთი არ  დაუბრუნებიათ ბანაკში. მეც მინდოდა გაყოლა არ გამიშვეს.

მათი ამბავი რომ ვიკითხე, მითხრეს, გაათავისუფლესო. ანქვაბს შევეკითხე და მითხრა ისინი გაუშვითო ბარჟით ბათუმშიო. რა გზა მქონდა, უნდა დამეჯერებინა… (ისინი მას შემდეგ არც ჩანან).

რამდენიმე დღეში ვიღაცეები მამუკა თუშიშვილის გასაყვანად მოვიდნენ. ის ძლიერი ბიჭი იყო და ეტყობა თვალში არ მოსდიოდათ. ძალიან უცემიათ. მეორე დღეს კვლავ წაიყვანეს და ახლაც თვალზე ცრემლი მომდის რომ მახსენდება მისი განწირული თვალები. ბათინკებზე „შნუროკები“ არ ქონდა საწყალს. არაფერი არ უთქვია, შემოტრიალდა რაღაც ისეთი შემხედა და მისი გამოხედვა სიკვდილის ბოლომდე არ დამავიწყდება. რა გული უგრძნობდა არ ვიცი, სახეზე სიკვდილი ეწერა.

გაგრაში წასვლის წინ დაგვპატიჟა სახლში –„შენთან დალევის დილიხორი მაქვსო.“ გამეცინა – „ახლა მოგინდა მეთქი?“ მიპასუხა – „კი ეს აუცილებელიაო და ჩემთან წამოდითო“. ომარ მეგრელიშვილი ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოს, ფანდურს, აკორდეონს და სამხიარულოდ წავედით მამუკასთან ომში წასვლამდე. კორიდორში რომ შევედით მამუკას მეუღლემ ზეწრებში გამოხვეული გამოიყვანა ორი ხუჭუჭა ტყუპი ბიჭები. ნამდვილი ანგელოზები იყვნენ.

ბანაკში ეს ბავშვები გამახსენდა. გადავირიე საერთოდ. ერთი გავიფიქრე ერთიანად დავერიოთ მეთქი, მაგრამ თურმე სხვას სხვისი გულისთვის ვერ გაწირავ და ოფიცერს მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხება. გული გამეგლიჯა. ილოცოს მამუკამ თავისი ცოლ შვილისთვის იქ სადაც არის.

ერთხელ ჩემთან დაკითხვაზე სამი კაცი შემოვიდა. ერთმა მათგანმა, სახელად მერაბიმ გურული კილოთი მკითხა – „ცხრაგრამიანი ტყვიისათვის ჩამოხვედი აფხაზეთში?“ შემდეგ იარაღი ჯიბეში ჩაიდო, დანა ამოიღო და მითხრა – „ყელი უნდა გამოგჭრაო“.

მივხვდი, ქართველი რომ იყო და ამაზე უფრო გავმწარდი, რომ ისევ ჩემი სისხლი და ხორცი მკლავდა. ჩამოვხტი ნარიდან და გავიწიე. უკვე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ამის შემდეგ რატომღაც შეიცვალა და მითხრა – „დაეგდე, ნარზე აეთრიეო“. მიხვდა არ დავუთმობდი და უკვე მკვდარი ვიყავი და რაღად უნდოდა ჩემი მოკვლა? ამ დროს ეს სცენა რომ დაინახა ერთი აფხაზი მოგვიახლოვდა და მითხრა „რაც გინდა მთხოვეო“. რა უნდა მეთხოვა? ეგონა თავისუფლებას ვთხოვდი. ავხედე და ვუთხარი – „წვერი მაწუხებს და საპარსი მინდამეთქი“. „შე საწყალო, შენი თავი გაიტანე აქედან ცოცხალი და სამართებელი აქ არ გჭირდებაო“.

ერთ დღეს შემოვიდა უშიშროების კაცი და მეუბნება  „Скоро мы возьмем Сухуми и я хочу тебя вывести“. მე უარი ვუთხარი. ბიჭებს ვერ მივატოვებდი ვერანაირად. ამასთან ბატალიონის მეთაური თამაზ მეფარიშვილი მაშინ ჩვენთან არ იყო. ცალკე ყავდათ და არასდროს არც მიკითხია მისთვის ის დღეები რა გადახდა. ჩემთვის მთავარი იყო ბიჭებზე მეზრუნა და როგორმე ამ ჯოჯოხეთიდან ცოცხლები გამეყვანა.

მეორე დღეს ალექსნდრე ანქვაბი მოვიდა ბანაკში და მითხრა 15 მეომარი გამოიყვანეთ აფხაზებზე უნდა გავუცვალოთ ქართველებსო. გასაცვლელთა სიაში, პირველ რიგში, დაჭრილ-დასახიჩრებულები ჩავწერე. წასასვლელად უკვე მზად იყვნენ, რომ ბანაკში საშინლად ნაცემი ბიჭები შემოიყვანეს. რომ შევხედე შემეშინდა ისეთები იყვნენ. გივი ოქროპირიძე და ალიკა – რომელსაც „ლინძას“ ვეძახდით.

გივი  ისე იყო ნაცემი, კიბეზე ძლივს ჩამოჯდა. „ლინძას“ კბილები აღარ ჰქონდა შერჩენილი. უკვე წასასვლელად გამზადებულ ბიჭებს ვუთხარი – „ვის ეყოფა ვაჟკაცობა, ეს ორი შეცვალოს და გაუშვას გაცვლაზე?“. მამუკა გიორგაძე და თემურ ცხადაძე ჩამოვიდნენ ნარებიდან  და მითხრეს – „ჩვენ დავრჩებით შენთანო“…

ეს იყო მათი ნაღდი კაცობა, როცა სხვის გადასარჩენად იმ ჯოჯოხეთში თავისი ნებით დარჩნენ.

ეს სცენა დაინახა ალექსანდრე ანქვაბმა, სახლში წასასვლელი ბიჭები სხვებისთვის დარჩნენ, მოტრიალდა და რუსულად აღფრთოვანებულმა გვითხრა – „Вы все герои!“ ყველანი გმირები ხართო. ღმერთო ჩემო, აი, ამას რომ მტრის მინისტრი გეტყვის?! დალეწილი ხალხის გადასარჩენად სიკვდილის ბანაკში დარჩნენ კაცურად და მართლა გმირები იყვნენ ეს ვაჟკაცები.

ასე გაიცვალა პირველ ეტაპზე 15 კაცი.

ერთ დღეს გახადეს ტანზე ერთ-ერთ მეომარს  და ვაჟა ნემსიწვერიძეს მისი გაუპატიურება უბრძანეს. თან დასცინოდნენ და ვაჟამ არც აცხელა არც აცია ეგრევე გლიჯა მუშტი და ფანჯარაში გისოსებიდან დაარტყა. აფხზებმა ესროლეს და მძიმედ დაიჭრა, სისხლი თქეშად მოდიოდა.

სროლაზე ბანაკის უფროსი მოვარდა. მას მადლიერებით ვიხსენებ აფხაზ იური პაპბას, რომელიც მოვიდა ჩემთან და მითხრა, თუ მენდობი წავიყვან ამ ბიჭს და ოპერაციას გავუკეთებო. ვუთხარი, გენდობი-მეთქი. მოიყვანა ჟიგული, ჩასვა ვაჟა და საავადმყოფოში წაიყვანა. რამდენიმე საათში უკან დააბრუნა, ოპერაცია გაეკეთებინა მისთვს. და თან სამედიცინო დახმარებას უწევდა. ექთანი შემოდიოდა და ყველას გადახვევებს უკეთებდა.

ამიყვანეს ზევით ოთახში და დამიდეს საქართველოს რუქა. მითხრეს „აბა სად არისო აფხაზეთის საზღვარიო?“ სპეციალურად მაშანტაჟებდნენ, რომ რამე შეცდომით მეთქვა და დავეხვრიტე.

ვუთხარი – „აქ ვდგევარ და გმირი ვარ. დამხვრიტავთ გმირი ვარ და გამიშვებთ მაინც გმირი ვარ მეთქი“. „ეგ როგორო?“ გაუკვირდათ. ასე მეთქი – „მე ვარ ზვიად გამსახურდიას გვარდიელი, პრეზიდენტს ბოლომდე ვუერთგულე და საქართველოს. სამხედრო ფიცი არ დამირღვევია და ვაჩვენე ჩემი ახეული ყბა-სახე და თბილისში ჩემი მეგობრის ტვინი მაქვს მეთქი ნაჭამი ქართველების ტყვიით. ახლა თქვენ მკლავთ, და რაც გინდათ ის ქენით მეთქი, შიშის გრძნობა დავკარგეთქო. მე რომ არ წამოვსულიყავი სახელმწიფო ღალატი და დაუმორჩილებლობა მქონდა გათხრილი „Через плечо“  და თქვენი ერთი ტყვია უკვე ფეხებზე მკიდიათქო“.

მითხრეს – „კაი, კაიო მაინც რუქაზე რას იტყვიო? ხომ ენგურზეა ჩვენი საზღვარიო?“. „არა მეთქი“ და მოუხაზე დასავლეთ საქართვლო. გადაირივნენ – „ეს როგორო?“ მე ვუთხარი – „აფხაზეთის მეფე ქუთაისში იჯდა  და ასე. და საქართველოს მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი აფხაზეთის მეფე პირველ რიგში იყო თქო. ისე რას გვხოცავთ ჩვენ, მე სასტუმროში ვიყავი და თქვენ დამესხით თავს. მე თქვენთვის პირველს არ მისვრია თქო.“.

ნერვები მომეშალა და ვგრძნობდი ატეხილი ვიყავი საჩხუბრად. ამ ლაპარაკში უკვე მათ უკვე პატარა სუფრაც გაშალეს და ამასობაში დასახვრეტად გამზადებულმა ბიჭებისთვის „ადიელებიც“ კი ვთხოვე, მერე სიგარეტი, მერე საჭმელი, მერე ვედრო, რადგან გარეთ გასვლა და სიკვდილი ერთი იყო, შეიძლებოდა ვინმე ბოევიკს გაესროლა და მოეკალი.

ისეთი საბანაო ვიყავით ტილები დაგვესია, მაგრამ ანქვაბსაც კი ეშინოდა ჩვენი გაყვანა აბანოში. „უნდა მოითმინოთო“ გვეუბნეოდა.

ერთ დღეს ბანაკში მოვიდა სოხუმელი რუდიკ დელბა, მან მე, თამაზ მეფარიშვილი და ლევან ლეშკაშელი გაგვიყვანა ბანაკიდან და გვითხრა – “ოჯახებს დაუკავშირდით, შეატყობინეთ, ცოცხლები რომ ხართო”.

თამაზ მეფარიშვილმა ჩვენს ბატალიონში დარეკა და შეატყობინა ჩვენი ამბავი.

რუდიკ დელბა მპირდებოდა – „გაგიყვან აქედან შენ და ორ მებრძოლსო“, მაგრამ მე რატომღაც არ ვენდობოდი. მეუბნებოდა – „ვერ ვიგებ რატომ არ გინდა გასვლაო?“ მე ვუთხარი „მე აქ კანონი მაინც მიცავს და შენ რომ გამოგყვე არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ არ მომკლავენ. თან მე ჩემს ბიჭებს ვერ მივატოვებ და მესამე  რატომღაც არ გენდობი მეთქი“.

მიპსუხა – „რა გინდა, ორი კაცი დაამატე და ისიც გავიყვანოთო. მე თბილისში ფიზიკური მაქვს დამთავრებულიო. ცოლი ლურსმანაშვილი მყავსო. მაჩუქეო კახა ლურსმანშვილი, მამუკა გიორგაძე და მამუკა კობალაძეო და გავიყვანო“. და მათაც გარისკეს. მე გავაფრთხილე – „იცოდეთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, მე კარებს იქით პასუხისმგებელი არ ვარ. პატარა შეცდომაც რომ მომივიდეს დახვრეტილი ვარ მათქი“.

მამუკა გიორგაძემ მითხრა – „რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, ვენდობიო“. მამუკას ვუთხარი – “თუ გადარჩი, როგორმე შეგვატყობინე. ქართული “ვიჩინები” შემოაგზავნე, რომ მივხვდეთ, ცოცხალი ხარ და ეს კაციც სანდოა-მეთქი“. რუდიკ დელბამ გაიყვანა მამუკა და კიდევ ერთი ქართველი ტყვე. ორი დღის შემდეგ ქართული „ვიჩინებიც“ მივიღეთ…

ერთხელ ბანაკში აფხაზი ქურდი „სიდოი“ შემოვიდა და კუკური მგალობლიშვილი გაიყვანა ბანაკიდან. რამდენიმე საათის შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ნასვამები იყვნენ. დამიძახეს, მივედი გისოსებთან და დავინახე, კუკურის ოფიცრის შინელი და ჩექმები ეჭირა და  შიგნით ორი „პოლიტრა“ არაყი იდო – „ეს შენ აფხაზი ბიჭებისგანო“.  ორივე მე გადმომცეს. მადლობა გადავუხადე.

ყველას თითო ყლუპი შეხვდა. იქ ვაშლი რომ ყოფილიყო თანაბრად იჭრებოდა. საქმეც თანაბრად კეთდებოდა, ტყვეობაში კაცის დაჩაგვრა არ შეიძლება არანაირად. ერთხელ აფხაზებმა მომაძახეს – „არაფერს არ გერჩით, ოღონდ თქვენ ქართველებმა ერთმანეთი არ დაჭამოთო“ და დამცინოდნენ. ეს სიტყვები დღემდე ვერ დავივიწყე და სულ ყურში ჩამესმის.

ალექსანდრე ანქვაბის შედგენილი სია გადაეცა თბილისს და მათ ხომ საერთოდ დაღუპულებად გამოგვაცხადეს. იმდენად არ უნდოდათ ჩვენი შველა

ჩვენი სიკვდილის განაცხადი გააკეთს თბილისში პრესაში და ეს გაზეთი ანქვაბმა გააკრა შემოსასვლელში. მიხვდა ყველაფერს და  დაიბარა – „ამ ბიჭებს ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდეთო“.

ერთხელ საღამოს, გია ბარამიძე შემოვიდა ბანაკში.  უნდოდა, მხარდაჭერა გამოეხატა ჩვენს მიმართ. წასვლისას ოთხი ათას კუპონს მიტოვებდა, იქნებ რამე შემოგიტანონო. არ გამოვართვი მხოლოდ ვთხოვე – „როგორმე მოახერხე და ჩვენს ოჯახებს შეატყობინე, ცოცხლები რომ ვართ მეთქი“.

გავეშებულმა აფხაზებმა გუდაუთის ბანაკში შემომიტანეს გაზეთი. ისეთი გამხეცებულები იყვნენ დაცვამ ვერ გააჩერა და წამაკითხეს გია ყარყარაშვილის სიტყვები – „ასი ათას აფხაზს შევწირავ ორასი ათას ქართველსო და მაინც გავანადგურებო ჩვენს მტრებსო“. დამიწყეს ცემა და კონდახი ჩამარტყეს სახეში – „ნახე თქვენი გია რას წერსო, როგორ გვემუქრებაო. ხომ ქართული გაზეთია, კითხვა ხომ კარგად იციო? აბა რას იტყვიო?“ – ჩამაჯინდნენ.

სისხლი თხრიალით მომდიოდა. რა უნდა მეთქვა, „თუ დაწერა ალბათ ასე ფიქრობს. სარდალია, ალბათ ამის თავი აქვს რადგან ამბობს. ტყუილად ხომ არ იტყოდა თქო“. მაინც დავიცავი, რადგან თუ შენიანი არ დაიცავი, სხვა არ დაგინდობს. „ჩვენ ქართველი მეომრები ვართ, აბა ჩემი ბიჭების გვარები და სახელები ჩაიკითხეთ. ფიცი მივეცით სამშობლოს და დამიჯერეთ უსამართლოდ ვერავინ აქ ვერ დაიჯება. ამ სამართლიანობას ვეწირებოდი თბილისის ომშიც და ეტყობა აქაც ვეწირები. თბილისში მკვდრად გამომაცხადეს და უკვე სულ ერთია მაინც გმირები არიან ჩემი ბიჭები, ვინც დაიღუპა და ვინც გადარჩა. და მარადიული არც ეს სიცოცხლეა და მით უმეტეს არც ეს ბანაკი მეთქი“. იჯუჯღუნეს, იგინეს და წავიდნენ. იმ დღეს უფალმა კიდევ ერთხელ მოიცალა ჩემს გადასარჩენად.

უცებ ბანაკში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. შემოვიდნენ აფხაზები და მითხრეს „შენ იცოდე ტყვია არ აგცდებაო. დამნაშავე ხარო“. მეც ვუპასუხე – „რაში მადანაშაულებთ მითხარით და თუ დამნაშავე ვარ ნუ ამცდება  ეგ ტყვია თქო“. თქვენ ჩვენს ქალებს აუპატიურებდითო. მეც ვუპასუხე – „თუ ჩემი ბატალიონიდან თუნდაც ერთმა კაცმა ეს ჩაიდინა იარაღს მაძლევთ და თავს მოვიკლავ მეთქი“. მე ჩემს ბიჭებში დარწმუნებული ვიყავი. „რა ქალის გაუპატიურება, ჩვენ მამულს ვიცავდით მეთქი. ეს ასეთი ბრალდება უკვე კაცური ღირსების საქმეა. აბა მოიყვანეთ ვინ არის რაშია საქმე მეთქი?“ – ვუპასუხე.

მანამდე შემოგვიგდეს ერთი ბიჭი სახელად მალხაზი. რატომღაც რაღაც არ მომეწონა. გამახსენდა სტადიონზე ვნახე დიდი გრძელი დანით დადიოდა. ვკითხე – „თუ რამე გაქვს დაშავებული მითხარი მეთქი?“ მიპასუხა – „არა სუფთა ვარო“.

ერთი ქალი შემოყვანეს რუსულად ლაპარაკობდა. დავაყენე რიგში ჩემი ბატალიონის ბიჭები და ვუთხარი ამ ქალს „Сестра, на твоем языке жизнь человека висит, не забывай об этом! Бог сверху смотрит!“

დავდექი მწყობრის თავში და აფხაზმაც უთხრა: „Не лги, я безвинного убивать не хочу!” ამაში მე მისი დიდი კაცობა დავინახე (კაცი არ მომაკვლელვინო ტყუილადო). მივიდა ეს გოგო და ამ მალხაზის დაადო ხელი – „Его зовут Малхаз и с ним было ещё 9 человек” . აფხაზმა დაწია ჩამკეტი და მიადო ავტომატის ლულა თავზე ამ მალხაზის და ცოტა ხანს შეჩერდა და  უთხრა  „Пуля для настоящих мужиков, у меня для таких гнид нет пули“ ამისთანა ნაძირალაზე ტყვია არ მაქვსო და გავიდა.

მაჩუქა რა, არ მოკლა. გაუქანე და ვთხლიშე ამ მალხაზის გადავარდა ეგრევე. ვეჩხუბებოდი – „შე კაი კაცო, რა გაგიჭირდა ამისთანა, ქალი დაილია ამ ქვეყანაზე, ამას რომ არ მივარდნოდი მეთქი“. ვყვიროდი ბოლო აკორდზე გამეხებული ხმით. ამ თავგასიებულმა ნაძირალამ ყველა სიკვდილის წინ დაგავაყენა.

ჩვენ ისე ვცემეთ დედის რძე არ შერჩენია. ვღრიალებდი  – „ომში მოდიოდი თუ ქალების სახმარად? აგეღო პურ-მარილი და ქალი ვეღარ გიშოვია, ერთი გაღუნული ლურსმინთ მოგკლავთ თქო“. ჩვენ მეომრებს ამ მხრივ სხვა კანონები გვაქვს. ამ ღრიანცელზე ღამის სამ საათზე მოვარდა ალექსანდრე ანქვაბი და ის ბიჭი გაათრიეს იქიდან.

ალექსანდე ანქვაბმა ჯერ ვანო ხეტაშვილი გაიყვანა და გაათავისუფლა. შემდეგ „წითელმა ჯვარმა” გაცვალა რამდენიმე მეომარი. ასე თანდათან დაიწყო ტყვეთა გაცვლა და ბოლოს დავრჩით 17 კაცი.

რუდიკამ ისევ შემომთავაზა დახმარება – „ორ ოფიცერთან ერთად გაგვიყვანო“. თავს ვიკავებდი, მაინც ვერ ვენდობოდი, მაგრამ თამაზ მეფარიშვილმა მითხრა: „გენადი, შენ არაჩვეულებრივად აგვარებ ყველაფერს, რადგან ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მაგრამ ხომ იცი ქართველები არ გაგვიყვანენ, კაცი არა ხარ წადი, ძმაო, იქნებ შენ მაინც გვიშველო რამე, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში.

მე ბოლო-ბოლო მეთაური მქვია და აქედან სხვაზე ადრე ვერ წავალო. შენ რაც გააკეთე ვერავინ ვერ გააკეთებდაო და ისედაც გეკუთვნის გასვლაო. მაგრამ შენ ზეპირად იცი სინამდვილეში ჩვენს თავზე რაც ხდებაო. იქნებ პატრონიც გამოგვიჩნდეს ვინმე, ან შენ მაინც მოგვხედო. ისინი აქედან არ გაგვიყვანენო. ბომბები, რომ დაგვაყარეს ხომ არ დაგავიწყდაო?!“

ამას ნარებზე ძალიან ჩუმად ვჩურჩულებდით, რომ სხვას არ გაეგონა, თორემ ბიჭები უფრო უარეს დღეში ჩავარდებოდნან, რადგან ფსიქოლოგიური განწყობა ბანაკში უარესად დამძიმდებოდა.

ალექსანდრე ანქვაბმა მითხრა, „„Почему то Грузинская сторона прекратила обмен пленных. Почему ты не хочешь выйти?“.

მე ვუპასუხე – „ბატონო მინისტრო, გადახედე ამ პატარა ბიჭებს, ბავშვები არიან ჯერ. ზოგს ჯერ ქალიც არ უნახია და მე სახლში როგორ გავძლებ ამათ თუ აქ დავტოვებ. თუ სიკვდილი მიწერია აქ მოვკვდები. ადამიანად მინდა მოვკვდე და არა მოღალატედ. შიშის გრძნობა საერთოდ დავკარგე. სიკვდილი მაწყობს სამოთხეში მაინც მოვხვდები, ამ დამპალ ცხოვრებაში ყოფნას. ყველა მხრიდან მკლავენ და მესვრიან. იქ მარადისობაში მაინც ღმერთის წინაშე მართალი წავდგებითქო“. კაცი ვიგრძენი  საერთოდ გადაირია. ვიგრძენი შევეცოდე.

ერთ დღეს შემოიყვანეს აფხაზი ბიჭი. მითხრეს – „ქუთაისის ციხეში იყო ტყვეობაშიო და გაცვალესო“. იური პაპბამ გაუხსნა ტანსაცმელი და მაჩვენა მისი დამწვარი სხეული – „წყალს არ ასმევდნენ, ცემა-ტყეპა არ აკლდა და საჭმელს არ აძლევდნენო პოლიციელებიო“.

ერთხელაც შესულა პოლიციის უფროსი და უკითხავს – „რა პრეტენზიები გაქვთო, როგორი მდგომარეობააო?“

ამ საწყალ ბიჭს შეუჩივლია – „სიკვდილს ვითხოვ მომკალითო. აუწევია და უჩვენებია სხეული. კაცები ვართ სიგარეტის ბიჩოკსაც კი არ გვაძლევენო. წყალი რა არის, არც იმასო“. გააძროო მაკაროვიო და სულ თავებში ურტყა პოლიციელებსო – „ახლავე ყველაფერი მოუტანეთ, რადგან პოლიგონზე გადარჩნენ, რაზეა ლაპარაკი კაცები არ ვართ? ტყვეებს კაცურად მოვექცეთო“. ბიჭს უთქვია – „იმის ოჯახი ააშენაო ღმერთმაო. ამ სიტყვების შემდეგ გულზე მომეშვა და რაც კი გამიკეთეს ცუდი სულ გადამავიწყდაო. რომ მოვმკვდარიყავი, იმ კაცის მადლიერი მაინც ვიქნებოდიო“.

ამ ყველაფრს ისე განიცდიდა ბიჭი ენას ვერ ატრიალებდა, ტიროდა. მისი ამბავი ყველაფერი იური პაპბამ მომიყვა.

ორი თვე მჯდარა იქ ქუთაისში და როცა გაცვალეს, იმ ბიჭის მონაყოლმა და ერთი პოლიციის უფროსის სიკეთე შემდეგ ჩვენთან დაითესა, რადგან იმოქმედა ალექსანდრე ანქვაბზეც და აფხაზებზეც.

რუდიკ დელბამ კვლავ გამომიარა და მეორე დღეს დავიბარე გადაწყვეტილებას მივიღებ მეთქი.

უნდა შემერჩია გასაყვანად ორი მეომარი. პაატა თოფჩიშვილი შეარჩია თამაზ მეფარიშვილმა (ლამაზი ბიჭი იყო და განსაკუთრებით ლამაზებს ერჩოდნენ და აგრესიულად იყურებოდნენ ბოევიკები). „უნდა რაღაცნაირად დავამახინჯოთ მეთქი, რომ შეუხედავი გახდეს თქო“- ვამბობდი. და თემური ცხადაძეზე გადავწყვიტე გაყვანა – თვალი ქონდა ნატკენი, თან თავდაცვის სამინისტროს კადრი იყო და მისი დატოვება არ შეიძლებოდა.

რუდიკამ სცადა პროკურორთან შეთანხმება ჩვენს გაყვანაზე, მან საბუთი მოსთხოვა და უარით გამოისტუმრა – „Мне нужна подпись и документы, что они невиновны и для того чтобы их передать тебе.“

დაეჯახნენ ერთმანეთს, მაკაროვები გააძვრეს და კამათში შევიდნენ. გადავირიე საერთოდ, კიდევ მე გავაჩერე დაუყვავე რუდიკას. იქ რომ რამე მომხდარიყო ჩათვალეთ კედელთან მიგვაყენებდნენ ყველას. შემდეგ მართლაც მოიტანა ხელმოწერილი საბუთი და პროკურორმაც ჩვენი თავი გამოატანა.

გამოგვიყვანეს. რუდიკი „გაზ-24“-ის საჭესთან დაჯდა და ორ აფხაზთან ერთად. სახელად ზურა და თამაზი ერქვათ. ჩვენც ჩაგვსვა მანქანაში. მივაღწიეთ ფსოუს საზღვრამდე და გავჩერდით. ისინი მანქანიდან გადავიდნენ, ჩვენ კი იქვე დაგვტოვეს. ისეთი ჭუჭყიანები, გაბურძგნულები და გაუბედურებულები ვიყავით ზედ გვეწერა ტყვეობა.

იქვე იდგენენ აფხაზი ბოევიკები, ჩვენს დანახვაზე დაიძაბნენ და რაღაც ჩოჩქოლი და იარაღის ჩხარუნი დაიწყეს, მიხვდნენ, რომ გავყავდით.  ჩვენი გადასვლა რაღაც წამებში უნდა მომხდარიყო, რადგან შეეძლოთ პირდაპირ ცეცხლიც გაესნათ.

წინ დავაყენე თოფჩიშვლი, შემდეგ ცხადაძე და ბოლოს მე დავდექი. ერთი ფიქრი მქონდა, რომ ბიჭებს გაეღწიათ და ფეხი დაედგათ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საზღვრის თეთრ ხაზზე, რომლის იქით სროლის უფლება არავის არ ქონდა.  რუდიკამ ქართულად გვითხრა – „ჩქარი ნაბიჯით მიდით საზღვართანო“.

გადავიდა პაატა, შემდეგ  თემური და მე ერთი ნაბიჯი დავდგი ხაზის იქით და შემოვტრიალდი აფხაზებისკენ. ჩემს სახეს რომ შეხედეს, ისინი კარგად მიხვდნენ, რამხელა ტკივილი მქონდა გულში, რამხელა ტანჯვა-წამება. სიცოცხლე იქ დავტოვე იმ ხაზთან და ემოციებისაგან მეორე ნაბიჯი გადავდგი თუ არა მოვიცელე და გულის შეტევისაგან ძირს დავეცი.

სტრესმა აქ მიწია და თავისუფლებაზე რომ გავედი ვეღარ გაუძელი. იქ სამხედრო ბანაკში ბიჭების გულისთვის ვიმხნევებდი თავს და მათი სიცოცხლის პასუხიმგებლობა მედო კისერზე და ახლა კიდევ ამ ორი წამოყვანილი კაცის დარდი მქონდა. ეტყობოდა გადავიძაბე.

რუსები გამოვარდნენ – „Что происходит? Что случилось?“ „Да плен свое делает“ თქვეს და წამლები მოარბენინეს ძლივს მომაბრუნეს. თემურის სახეზე მიყურებდა, იმისთანა დღეში ვიყავი სიკვდილი მეწერა. მეუბნეოდა – „ბიჯო, ამდენი ხანი ლომობდი ახლა გვღალატობო?“ . თავისუფლების სიხარულმა და უბედურებამ ჩემს სხეულში გააჩინა წინააღმდეგობა და უკვე ვეღარ გავუძელი.

აფხაზმა რუდიკამ თავის მეომრებს, ეგრევე ტაქსი მოაყვანინა. მათ სოჭში ჩაგვიყვანეს. მან თავისი ბიჭები გარეთ დატოვა და ჩვენ კაფეში შეგვიყვანა. როგორც შეეძლო ისეთი პატივი გვცა. ბიჭებმა ბანაკში ფული შეაგროვეს და გამომატანეს და დავიწყე ამ ფულის ამოღება. ათასი მანეთი მქონდა თავი მაგრად  მეჭირა, აბა სუფრას ქართული პურ-მარილი მოაყარეთ მეთქი და მე მინდოდა გადამეხადა.

რუდიკას სიცილი აუტყდა – „რა ხართ ეს ქართველებიო, ტყვეობიდან  ორი საათია გამოხვედი, ორი წუთის წინ მიქელას კინაღამ შეხვდიო და ახლა გინდა შენი საწყალი ფულით დაგვპატიჟოო. იმიტომ მიყვარხართ ეს ქართველები თქვენს მარიფათს და დილოხორს, რომ არ იშლითო. მაგრამ შენ არ იცი, სანამ ბანაკში იჯექი შენი ათასი მანეთი ერთი კაპიკის ფასი გახდაო. ბიჭებო, ჯიგრები ხართო და არც შევმცდარვარ, რომ გამოგიყვანეთო“

და სანამ დავლიეთ ვკითხე – „რუდიკ, პირდაპირ მითხარი ტყვეობიდან რატომ გამომიყვანე? თუ რამე სათხოვარი გაქვს თქვი, ყველაფერს შეგისრულებ. ტყუილად არაფერი არ ხდება და იქნებ შენც ჩემსავით უანგარო კაცი ხარ, მაგრამ რა ვიცი აბა თქვი მეთქი“.

მითხრა – „მეც შენსავით ვარო. მამა და ძმა მყავს აძიუბჟაში. მამაჩემი 80 წლის კაცია და ისინი არავის არაფერს უშავებენ და თუ რამე ჩაიდონონ კი ბატონო როგორც გინდათ დასაჯეთო. მაგრამ მეუღლე მყავს ლუსმანაშვილი ქუთაისელები არიან და მისი დები სოხუმში ცხოვრობენო ჩემს სახლშიო. მე ძალიან თავმოყვარე კაცი ვარ და იმას  ვერ გადავიტან მათ ვინმე უწესოდ მოექცნენო. ამიტომ გთხოვ ისინი გაიყვანო იქიდანო და ჩვენ მალე სოხუმს ავიღებთ და არ მინდა მათ პრობლემები ქონდეთო. მეტი არაფერი არ მინდა შენგანო.“ შევხედე სახეში ნაღდი კაცი იყო.

შემდეგ აგვიღეს თბილისის ბილეთები, გამოგვატანეს პურმარილი და გამოგვამგზავრეს. თვითმფრინავში ვერაფერს ვეღარ ვფიქრობდი. მხოლოდ დარჩენილების გამოყვანაზე ვდარდობდი. ბიჭებმა გაიგეს, რომ ჩამოვედით და აეროპორტში დაგვხვდნენ მანქანით.

სახლთან მიმიყვანეს და როცა ჩემები დავინახე ახლა მეორედ აქ მიღალატა გულმა. გავხდი ცუდად, გრძნობა დაკარგე და სასწრაფო მოვიდა. მძიმე განცდებისაგან შეტევა შეტევაზე მემართებოდა. თავს ვერ ვიკავებდი სული და გული ამერია.

ბანაკიდან გამოსვლისას სიზმარი ვნახე და ვიცოდი ამიხდებოდა: ჩემს მეუღლეს კოპლებიანი კაბა ეცვა და სარეცხი ეყარა ტაშტში და კიბეებზე ადიოდა. ჩემი პატარა გოგონა მაიკო დავინახე და ვითომ გულზე შემომახტა. როცა გავიღვიძე ბიჭებს ვუთხარი – „ მე აქედან უკვე გამსვლელი ვარ, დრო დანიშნეთ მალე სახლში ვიქნები მეთქი“.

როგორც იქნა გავიპარსე, მოვწესრიგდი და წავედი სამხედრო ნაწილში. თან ვფიქრობ, როგორ მოვაწყო და რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ბიჭები დავიხსნა და გადავარჩინო. ვიცოდი რომ ისინი წუთებს ითვლიდნენ.

უკვე ახალი პასუხისმგებლობა დამაკისრა უფალმა და შეწევნას ვთხოვდი, რომ ხელი მოემართა. აქ სიწყნარე იყო და მე კი რა დამაწყნარებდა. რომ დავდიოდი თვალწინ ჩემი მეგობრების სახეები მედგა და ყველა მათგანზე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. და ვიცოდი, რომ ისინი ყოველ წუთს სიკვდილს უყურებდნენ თვალებში.

აუცილებდალ მჭირდებოდა სახელმწიფო სტრუქტურებისგან გვერდში დგომა, თორემ არაფერი არ გამომივიდოდა. მივედი გია ბარამიძესთან. „რას აპირებო?“ მითხრა. მე ვუთხარი – „ქუთაისის ციხეში აფხაზი ტყვეები ყოლიათ და უნდა როგორმე გადავცვალო ჩემს მეომრებზე მეთქი“.

და მე, გია ბარამიძე და პაატა თოფჩიშვილი მივედით სახალხო დამცველთან სანდრო კავსაძესთან. ვიჩხუბე – „კაცო აფხაზებმა მეორე დღესვე ტყვეთა ბანაკი გახსნეს და აქეთ უნდა გეხვეწონ გაცვლები? მე რომ აფხაზს არ გამოვეყვანე თქვენ იქ ჩამტოვებდით. ტყვეები ფულზე იცვლება  და ვისაც რასაც უნდა იმას აკეთებს. ჩვენ მკვდრებად გამოგვაცხადეთ და ხელები დაიბანეთ. რაშია საქმე ბოლო-ბოლო გამაგებინეთ, ადამიანებად არ გვთვლით მეთქი?“ მაშინვე დაურეკა თენგიზ კიტოვანს – „გაცოფებული კაცი მიზის ტყვეობიდან ახალი გამოსული და რამე მიშველეო“.

ახლა თავდაცვის მინსტრთან თენგიზ კიტოვანთან მივედით. ვიღაც რუსი გენერალი ეჯდა და კონიაკს სვავდნენ. კონიაკი დამისხა გადავკარი. მე ვუთხარი – „ხალხი ჩამრჩა გუდაუთაში და მომეცი საბუთი, რომ აქაც გავაკეთო ტყვეთა ბანაკი, მოვაგროვო უწყებებში აფხაზები და ჩემი ბიჭები დავიხსნაო“. თანაშემწეს უბრძანა – „გაამზადეთ ბრძანებაო“. მკითხა – „ისე რკონში რატომ არ გამომყევიო“. მე ვუპასუხე – „მე სამშობლოს ვემსახურები და  კონიაკი კიდევ დამისხითქო“. გაეცინა.

„ტაოში“ (თბილისის საარტირელიო სასაწავლებელი) გავაკეთე ტყვეთა ბანაკი. ხელფასები დავდეთ და ბიჭები გავაგზავნე ყველა მიმართულებით აფხაზების საძებნელად. მოკრიბეს თორმეტი კაცი.

ბიჭები ძალიან ეგზალტირებული და გონებაზე გადასულები იყვნენ. და გონერი პავლიაშვილმა ისეთი გამწარებული იყო გააქანა და ერთი ჩეჩენი მიაკლა იქვე. მას სულ ახსოვდა რა მოხდა „კაბერცეში“ პირველ სართულზე და დაგლეჯილი, თავმოგლეჯილი, სისხლში ჩაყრილი თანამებრძოლები ედგა თვალწინ.

მერე გელა ლანჩავა შემოვარდა, გვარები რომ წაიკითხა სულ გადაირია – „თქვენ ხართო აფხაზებიო, გამყიდველებოო. ხალხნო, ზარანდია რა აფხაზიაო?“ ვეხვეწე – „გელა, არ დამღუპო არაფერი არ მოიმოქმედო ბიჭები მყავს გამოსაყვანი მეთქი“.  სულ დედები აგინა.  სასწრაფოდ უნდა გამეცვალა კიდევ რამე არ მომხდარიყო. ვინც სამკურნალო იყო ვმკურნალობდი. ეს ზარანდია ლაჯებში იყო დაჭრილი და ჭრილობაზე მატლი ესია. წავიყვანე რესპუბლიკურში და ჩვენები დავაყენე იარაღით დაცვაში. ექიმებმა გაწმინდეს და მოუარეს.

დავურეკე ალექსანდრე ანქვაბს და მოლაპარაკება დავიწყეთ ტყვეთა გაცვლის შესხებ. მას ძალიან გაუხარდა ეს წამოწყება და გვითხრა – „ჩამოფრინდით სოხუმში და მოვილაპარაკოთ, როგორ ვიმუშავებთ ერთობლივადო. ამა და ამ დღეს ამა და ამ საათზე თვითმფრინავი უნდა დაჯდეს ბომბორაზე. იქ დამელოდეთო“.

გია ბარამიძემ წამოიყვანა ერთი ჟურნალისტი და წავედით. აეროპორტში თვითმფრინავის აკუმულატორები იყო დასატენი. სულ გადავირიე ხუთ საათზე უნდა ბომბორაზე დავმჯდარიყავით. ვიღაცეები თავიანთ თვითმფრინავს ტენიდნენ ავეჯს მიეზიდებოდნენ. „ვღრიალებდი, რა ავეჯი? რის ავეჯი? ხალხი მელოდება, საქმე ფუჭდება მეთქი“. და ძალად წავართვი დამტენები. როგორც იქნა დავჯექი ბომბორაზე. ტრაპი მოადგა. იქვე რუსის ჯარისკაცები იდგნენ. მოვიდა ალექსანდრე ანქვაბი მარტო. მკითხა მკითხა „Геннадии как твое здоровье?“  მე მადლობა გადავუხადე „Спасибо Богу и вам. Нечего, господин министр, потихоньку“.

მოიყვანეს აფხაზები და მოუყვნენ, როგორ ვუვლიდი მათ და ერთმა სოხუმელმა უთხრა ხუმრობით – „გენადიმ სამი კილო მომამატებინა, ახლა უკან უნდა გავყვე სოხუმში და იქ დავპატიჟოთო. ალექსანდრე ანქვაბმა მადლობა გადამიხადა. 

ალექსანდრე ანქვაბმა კაცურად შეასრულა თავისი სიტყვა და ბიჭები ცოცხლები ჩამაბარა. გამომშვიდობებისას მადლობა გადამიხადა, რომ მეც ბოლომდე მივდიე ამ საქმეს და ტყვეები გავცვალეთ და ვუთხარი: „ბატონო მინისტრო, ამ ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, დაგიფაროთ უფალმა, ყველა განსაცდელისაგან ყველაზე დიდი გასაჭიროს დროს“ და უფლის დიდება როგორ არ ვთქვა, კიდეც აუხდა ჩვენი დალოცვა როდესაც, აფხაზეთის პრეზიდენტობის დროს მოწინააღმდეგე მხარამ ექვსჯერ ააფეთქა და ყოველთვის მამაზეციერმა დაიფარა.

ანქვაბმა რუსებს ჩემი თავი გაატარებინა წინ და რა დავინახე ჩემი ბიჭები მოყავდათ, ლამის თვალთ დამიბნელდა. რომ გადავხედე, სახეებზე ჯოჯოხეთი ეწერათ. ამ თხუთმეტ დღეში ძალიან დაღონებულიყვნენ და მეგონა რომ ასი წლის იყვნენ. მივხვდი უჩემოდ ფსიქიკურად აშკარად გაუჭირდათ.

ბანაკში ტყვეობის დროს რუსის მღვდელმა პეჩენიები შემოგვიტანა. მე ვუთხარი –  „Отец, лучше этого принесите нам пожалуйста Библию“.

შემომიგზავნა წიგნი რუსულ ენაზე. მე ვთხოვე –  „არა, გთხოვთ, ქართულ ენაზე მინდა მეთქი“.  კომუნისტების დროებაში ნამყოფს ამ განსაცდელში ვგრძნობდი ღმერთი აშკარად თავისთან მიხმობდა და მესაუბრებოდა. ვფიქრობდი, ისე როგორ უნდა მოვკვდე უფალთან არ ვიყო მეთქი. ის არის შენი ერთადერთი მეგობარი და რასაც გადაწყვეტს ისე იქნება. უფლის სიახლოვე იმ სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილში სულ ახლოს ვიგრძენი და ვფიქრობდი მხოლოდ ის თუ გვიხსნიდა მძიმე განსაცდელისგან.

დავიწყე ბიბლიის კითხვა და თითოეულ სიტყვას შინაგანად განვიცდიდი. კი ადრე საკლავიც იკვლებოდა და რქებზე ცხვარს სანთლებსაც ვაკრავდით,  თითქოს რაღაცის გვწამდა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ყოფილა. ჩვენ ვერ ვაცნობიერებდით უფლის სიდიადეს. ჩემს ცხოვრებაში თითქოს რაღაც მთავარი გამომრჩა.

ამიტომ საჭიროა ბავშვი აღიზარდოს უფლის და საქართველოს სიყვარულში. თაობები ჭირდება, რომ წინაპართა ნაკვალევზე და ფესვებზე აღმოცენდეს დიდი გრძნობა, რომელიც მამულს გააძლიერებს. მაგრამ უფალი ყველამ თავის თავში უნდა იპოვოს რაიმე განცდით, რადგან თუ ბოლომდე არ დაეცი ისე ვერც აღსდგები როგორც ჩვენი მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, გარდაცვლის გადააფარეს კვართი და შემდეგ აღსდგა. ყველას თავისი ჯვარცმა აქვს გასავლელი და ან უნდა დაეცეს ან ამაღლდეს მარადიულად.

ბრძანებებს რომ ვიძლეოდი ან რამე გადაწყვეტილებას ვიღებდი ვგრძნობდი, რომ რაღაცა, ენითაუწერელი თავისით მოდიოდა და ახორციელებდა ჩემს ფიქრებს და განზრახვებს.

იქიდან დავიწყე ჩემი სულიერების აღზრდა და ჩაღრმავება. უფალი გარეთ კი არ უნდა ეძებო, ის ჩვენ გულშია, იქიდან არსად მიდის და თუ ძალით გაიყვანე ეგრევე უარყოფითი დაისადგურებს. ეს კი ანადგურებს პიროვნებას.

სიკვდლის ბანაკიდან ბიჭებს ჩემი ბიბლია წამოეღოთ  და რომ მოვკიდე აკანკალებული ხელი გული ამიჩუყდა და  ბღავილი ამიტყდა, თითქოს უფალი მომეალერსა. ყველანი ვტიროდით.

მინისტრმა ტყვეთა ბანაკი მთლიანად დააცარიელა და მეომრები ჩამაბარა. ისინი თბილისში ჩამოვიყვანეთ და რა სიხარული იქნებოდა მათ ოჯახებში ხომ წარმოგიდგენიათ.

პირობა შევუსრულეთ აფხაზ რუდიკას და მადლიერების ნიშნად. წავიდნენ მამუკა კობალაძე, დათო ზარიძე და დათო მანთიძე სოხუმში და მისი ცოლისდები გადმოიყვანეს ქუთაისში. გუდაუთიდან დამირეკა აფხაზმა და მადლობა გადამიხადა. ასეთი უცნაური  აფხაზი მეგობარი შევიძინე.

ასე დასრულდა ჩემი გაგრის ბრძოლა და მწარე ტყვეობა გუდაუთის ბანაკში. ყველა ჩემი ბიჭები თავიანთი ანთებული თვალებით თვალწინ მიდგია ამდენი წლის შემდეგაც.

ომში სულია ძლიერი და არა ხორცი. ისე უნდა გიყვარდეს შენი მიწა, რომლისთვისაც იბრძვი, რომ შიში დაძლიო და გამარჯვება მოიპოვო, მაგრამ გამარჯვებას ეს მარტო არ ყოფნის. ამ დროს ზურგი უნდა გქონდეს მაგარი და არ უნდა გიღალატონ.

დღეს შვილიშვილი მათე ბიჭი მყავს სახლში (ღვთისგან ნაჩუქარს ნიშნავს) დილას რომ ვასეირნებ ხოლმე სულ ტყვეობაში გადარჩენაზე ვფიქრობ და მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩემი შვილიშვილების მოფერების და სეირნობის ბედნიერი წუთები კიდევ დამიმატა და იქ არ მომკლეს.

Next Post

„რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს? - ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება“ - გია ხუხაშვილი

კვი მაი 3 , 2020
3,901 წაკითხვაგია ხუხაშვილის მოსაზრება სოციალურ ქსელში, რომელიც უკრაინაში,  მიხეილ სააკაშვილის ახალ პოლიტიკურ თანამდებობას ეხება: „რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს? 1. ზელენსკიმ ვერ შეძლო კორუმპირებული სისტემის დანგრევა. შესაბამისად სჭირდება ბულდოზერი, რომელიც სისტემას შეაზანზარებს. 2. დააბალანსებს ავაკოვს, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა. 3. ცივ წყალს გადაასხამს პოროშენკოს რევანშისტულ გეგმებს. 4. „თუ ვინმეს ვერ ერევი, იმეგობრე მასთან“ – პრინციპით ერთ „ზანოზას“ იშორებს. მოკლედ, მას უნდა […]