„დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რათა შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პანდემიურ ვითარებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.
„ნათლად ვხედავ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ პანდემია გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდისთვის, გამოიყენოს არა ისე, რომ შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც 8 მარტს იქნა მიღწეული, არამედ გამოიყენოს იმ მიმართულებით, რომ უკვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შეზღუდული, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც უკვე ცალკეული პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება. ამ ადამიანების გამოყენებით და ამ ადამიანების ზურგს ამოფარებულები შეეცდებიან, საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, ეს არ გამოუვათ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.