Breaking News
Home / ინტერვიუ / რა ცვლილებები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში

რა ცვლილებები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში

127 პირის დაკავებით დასრულდა საპოლიციო კონტროლი. დაკავებულთა შორის 5 ძებნილია, ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულა-დეტონატორი და 3 740 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ 52 000-მდე პირი შემოწმდა. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით საპოლიციო კონტროლის განხორციელება 22 დეკემბერს დაიწყო. განსაკუთრებული ხმაური და პროტესტი პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასა და მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას მოჰყვა. რატიანი ამჟამად თავისუფალია, თუმცა მის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. საპოლიციო კონტროლზე, ზვიად რატიანის დაკავებასა და პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე, ასევე რეფორმებზე, რომელთა შესახებაც საპარლამენტო ტრიბუნიდან უკვე ითქვა, „იმედის კვირასთან“ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს.

პირველ რიგში, ვიდრე ცხელ ამბავს, ზვიად რატიანის საქმეს განვიხილავთ, რაზეც პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება, მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი წარდგინებიდან დამტკიცების დღემდე საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული უწყება. რა გამოწვევების წინაშე ხართ დღეს თქვენ და რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდეს?

რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამოწვევები იყო საკმაოდ რთული, საკმაოდ სერიოზული, თუმცა არ მინდა დღეს კონკრეტულ თემებზე ვისაუბრო. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, კრიმინალთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ეს არის ჩვენი საკვანძო ფუნქცია, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ, თუმცა მეორე ძირითადი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ ის, რომ ეს მიზანი და ეს შედეგი დავაყენოთ ისე, რომ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტიც – ავამაღლოთ. ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ იმ რეფორმების, იმ გეგმების განხორციელება, რომლებიც ჩვენ გვაქვს, შეუძლებელია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გარეშე. შეუძლებელია ჩვენ შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა, თუ არ იქნება ნდობა პოლიციელს, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი გამოწვევა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი გახსნილობა იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ.

საპარლამენტო ნდობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში საპოლიციო კონტროლი დაიწყო, რომელიც დღეს დილით 6 საათზე დასრულდა. შედეგები, რომელზეც ინფორმაცია მაყურებელს მივაწოდე, ჩემი გადასახედიდან საკმაოდ შემაშფოთებელია. არ ვიცი თქვენ ასე თვლით თუ არა. რეალურად, ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს იყო პრევენცია, მაგრამ ხომ არ არსებობდა რაიმე ოპერატიული ინფორმაცია იგივე სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ, რის გამოც ასეთი მასშტაბური იყო ეს კონტროლი?

მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ეს პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქებში, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაციაც და განსაკუთრებით  სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ სტატისტიკა გაფუჭდებოდა – სამართალდარღვევის შემთხვევები გაიზრდებოდა. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვიყავით მიგვემართა ამ ღონისძიებისთვის, ამ ინსტრუმენტისთვის, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ასევე ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას. თუმცა იმ სიტუაციის შეფასებაში, რომელიც დღეს გვქონდა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო ახალი წლის წინ პრევენციის მიზნით. შედეგებმაც დაადასტურა ის მოლოდინები, უფრო სწორად, გამოწვევების ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა. მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგები საკმაოდ მასშტაბურია. თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ და არ განვმეორდები. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კილოგრამი ჰეროინია ამოღებული. ეს ძალზედ მსხვილი პარტია გახლავთ, რომელიც, როგორც ჩანს, და ჩვენი პირველადი მონაცემებით იყო ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაციის მომარაგების მიზნით და როგორც ჩანს, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს დაკავება და ეს ღონისძიება ჩატარდა თბილისის ცენტრში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, არაფერს ვამბობ იარაღის იმ რაოდენობაზე, რომელიც ამოღებულია.

როდესაც საპოლიციო კონტროლი დასრულდა, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი გახდა პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომის შესახებ. საუბარია პოეტ ზვიად რატიანზე, რომელიც ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩასმული სამართალდამცველები. თქვენი მოადგილისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ ეცვათ პოლიციის ფორმა და ასევე არსებობს სპეციალური ჩანაწერი, რომელიც სხვა ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას და არა იმას, რაზეც რატიანი ლაპარაკობს. რატომ არ გაავრცელეთ ეს კადრები და თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს ამ დროისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია. არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით, რატომ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო გათვლილი იმაზე, რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. მე ვერ ვიტყვი ფაქტობრივად ზუსტად იქ რა მოხდა, ამისთვის არსებობს სასამართლო და არსებობს პროკურატურა, თუმცა ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით. ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას ეს საკითხი დეტალურად განიხილონ. როგორია ჩვენი პოზიცია, რას ნიშნავს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ქმედება ჩვენთვის, რაც ნიშნავს ამ ბალანსის დაჭერა, ეს გახლავთ ის, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ფაქტი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ამას პროკურატურა დეტალურად გამოძიებს და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. თუმცა, ამავე დროს, ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ან ახსნა-განმარტება, ან თავის დაცვა – იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენთვის ეს არის მკაცრი და სამართლიანი, ამავე დროს ობიექტური მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტიგმა, როდესაც დეტალების გაურკვევლად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამ სტიგმიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ. დარწმუნებული ვართ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამ ადამიანების მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმების გატარება უბრალოდ რთული იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი.

ჩანაწერი, რომელიც ინციდენტს ასახავს თქვენ ხომ არ გინახავთ და იმ შემთხვევაში თუ იქ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო ბატონი რატიანის მხრიდან, ეს ალბათ არ ამართლებს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობას?

რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაშიც თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა, თუმცა თავად უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც არის დასადასტურებელი. ამიტომ ვამბობ, რომ ერთმნიშვნელოვნად აქ გვაქვს ორ სხვადასხვა მიმართულებასთან კავშირი, პირველი – ერთი საქმე გახლავთ პოლიციელის შეურაცხყოფა და არდამორჩილება, რომელიც უნდა იყოს განხილული შესაბამისი იურიდიული პროცედურებით სასამართლოში, მეორე მხრივ – პროკურატურამ უნდა ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია და შესაბამისად ჩვენ დეტალურად უნდა განვიხილოთ ერთიც და მეორეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მსგავსი ობიექტური მიდგომა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვპირდებით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ ხიდები სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის. სხვანაირად, მერწმუნეთ, შეუძლებელია უსაფრთხოების იმ ნორმებისა და სტანდარტების დამყარება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩვენ ყველას – საზოგადოებას და რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს გვინდა.

როდესაც ჩვენ პოლიციის მიმართ ნდობაზე ვსაუბრობთ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესაძლო გადაცდომაზე გვიწევს ლაპარაკი. მაგალითად, თვეების უკან იყო „ბირჟა მაფიას“ საქმე. როდესაც ახალგაზრდა რეპერები დააკავეს, ისინი ამბობდნენ, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა. როგორ აპირებს მინისტრი, მსგავსი საქმეების აღკვეთას მომავალში და იმას, რომ პოლიციელის საქმიანობა და კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს?

უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, პოლიციელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. შესაბამისად, ჩვენი რეფორმების ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ. ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ცნობად სახეებსაც ასეთ ინდულგენციას ვერ მივცემთ. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ შემდეგ რამეს – ჩვენ საზოგადობასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები. ამ შინაარსობრივი რეფორმების არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათლებლო ნაწილის, ასევე მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებში, რათა ეს გაუცხოების ელემენტი ნელ-ნელა გადავლახოთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის ერთი რამ, რომ გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადობის ინტერესშია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა ასევე კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რეფორმირების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამ პირობის და ამ მოთხოვნის უფლებას გვაძლევს ის მაქსიმალური გახსნილობა, ის ტრანსფარენტულობა, რომელსაც ვაპირებთ და ვამბობთ ერთ რამეს, რომ ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული. ჩვენ მზად ვართ, თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ, როგორც საზოგადოებასთან, ასევე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად და რა შედეგიც დადგება, ის იყოს აღსრულებული უკლებლივ, პოლიციის ფორმით იქნება ეს ადამიანი თუ საზოგადოების ცნობადი სახე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ შევძლოთ ურთიერთნდობის ამაღლება. სხვანაირად ის შედეგი, რასაც უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამარცხება ჰქვია, შეუძლებელი იქნება.

როდესაც ურთიერთგაგებაზეა საუბარი აუცილებლად უნდა გკითხოთ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ  წამოწყებული აქციების შესახებ. ვიცი, რომ თქვენს სახელზე გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელიც მთავრდება შემდეგი ტექსტით – „პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში მზად ვართ ყველა შესაძლო ფორმით დავეხმაროთ საზოგადოებას და პოლიციას შორის ნდობის აღდგენის პროცესს და აქტიურად ჩავერთოთ რეფორმის ადვოკატირებაში“. საუბარია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე და საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ დღეს ის რეპრესიულია. თქვენი ხედვა როგორია? 

დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ავხსნი რაზეც ვსაუბრობ. დღეის მდგომარეობით რამდენიმე ახალი მდგენელი გვაქვს. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ახალ სტატუს-ქვოს ქმნის. ეს ერთი. მეორე – რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რაც შეეხება ნარკომომხმარებლის შემოწმების ან ნარკოდანაშაულის სასჯელის უფრო გაჰუმანურების ნაწილს. აქ უფრო ახლოს უნდა მივიდეთ და აქ პროგრესი გვჭირდება. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა გვაქვს, რაზეც ერთმანეთთან ურთიერთობით, კომუნიკაციით ვფიქრობ, რომ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. აქ იგნორზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუ მივიღოთ უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები, გამოვიკვლიოთ თუ არა საზოგადოებრივი აზრი, რასაც დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ვაპირებთ. ამ ნაწილში, ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი უნდა შევისწავლოთ. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა ამ მიმართულებით გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებიც გვეთანხმებიან, რომ ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკების გავრცელება, ეს ის დანაშაულებია, განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების ნაწილში, რომელთანაც უნდა იყოს აბსოლუტურად მკაცრი ბრძოლა. მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა. მაგალითად, სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის; როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ აქ გამიჯვნაზე ვიმსჯელოთ; არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება მზად, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები მიიღოს, – ეს ის საკითხებია, რომელზეც მზად ვართ, რომ ვისაუბროთ. ამ საუბრისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. თუ რაღაც შეფერხება იყო ამ საუბრის კონტექსტში, მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული აქტიური ქმედებების გამო, რომელიც ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთი რამ, ყველანაირი ცვლილება – საკანონმდებლო, შინაარსობრივი, რეფორმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, ან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღასრულოს, საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის გარეშე ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს, ამიტომ ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერის საჭიროებას იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რამეთუ სხვანაირად ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ხარისხობრივად ახალი შედეგის დადგომას ჩვენ ვერ შევძლებთ.

დღის წესრიგში კრიმინალური პოლიციის გაძლიერება დადგა. რა მიმართულებით მოხდება ეს და რატომ დღეს?

კრიმინალური პოლიციის გაძლიერება არ დამდგარა დღის წესრიგში. დღის წესრიგში დადგა კრიმინალური პოლიციის ეფექტიანობის ზრდა და ამისთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა მისი რეფორმა. რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსი გახლავთ მისი რამოდენიმე ფუნქციის გამიჯვნა. მაგალითად, დღეს ერთმნიშვნელოვნად კრიმინალური პოლიციის სისტემაში გასაძლიერებელია გამოძიების კომპონენტი, ისევე როგორც დეტექტიური კომპონენტიც უფრო მკაფიოდ სტრუქტუირებას საჭიროებს. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში ერთი სისტემის ქვეშ იმისთვის, რომ სინერგიის ეფექტი შევინარჩუნოთ, უნდა გამოვყოთ დეტექტიური-ოპერატიული მუშაობის კომპონენტი და უნდა გამოვყოთ საგამოძიებო კომპონენტი. საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება დრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ის რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემაში, პროკურატურის სისტემაში ტარდება დანაშაულის  დამტკიცების, დასაბუთებისა და გამოძიების ხარისხის ახალ სტანდარტს ქმნის. შესაბამისად, ფაქტია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ამ მიმართულებით უფრო მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას საჭიროებს. ეს არის ძირითადი გამოწვევა. მეორე ნაწილში ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორების კომპონენტი ასევე ერთმნიშვნელოვნად პირველ რიგში საჭიროებს რეფორმირებას, რამეთუ ეს კომპონენტი, მისი შინაარსობრივი ნაწილი დღეს ფაქტობრივად გამქრალია. როგორც სახელი არსებობს, თუმცა მას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების კომპონენტი, მას უნდა ჰქონდეს პრევენციისა და ინფორმაციის შეგროვების კომპონენტი. ახლა ვეძებთ რა სახელი დავარქვათ, უსაფრთხოების ოფიცერი, სამოქალაქო ოფიცერი და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორი რომ გვეყოლება, ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც პრევენციისთვის გუშინ და დღეს ჩავატარეთ, ასეთი ღონისძიებები დაგვჭირდება უფრო ბევრად იშვიათად, შეიძლება საერთოდ არ დაგვჭირდეს, იმიტომ რომ, უბრალოდ უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვექნება რა ხდება ქვეყანაზე.

საკმაოდ დიდი იყო რეზონანსი, ასევე თქვენი ოპონენტების მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან კარგად არის ინფორმირებული თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და არ ცდილობს ესა თუ ის პრობლემა დამალოს. ეს ითქვა მაგალითად, როდესაც პარლამენტში თქვენ თქვით, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული მენტალიტეტის მქონე პიროვნებების მიმართ საზოგადოების გარკვეულ ფენებში სიმპათიები არსებობს. როგორ აპირებთ ამ სიმპათიების ჩახშობას თუ მასთან ბრძოლას?

პირველ რიგში ვთქვათ, რატომ დადგა ეს საკითხი. ჯერ ერთი, ჩვენ ვთქვით, რომ კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები არის პრობლემა. პრობლემა არის იმიტომ, რომ ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის წყარო და სამწუხაროდ, ეს მსგავსი წყარო ჯერი კიდევ არის შემორჩენილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქაც ერთმნიშვნელოვნად ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საზოგადოებასა და სამართალდამცავს შორის ნდობის და შესაბამისად, შემდგომი თანამშრომლობის აღდგენა. აქ ერთმნიშვნელოვნად ყველას მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი, ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესი და აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საპოლიციო სისტემა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ გახსნილი იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლის, ან ჩვენი სისტემის რომელიმე წარმომადგენლის გადაცდომას ექნება ადგილი, ამას  ღიად უნდა შევხედოთ და ღიად უნდა მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, თუმცა ასევე უნდა ვიცოდეთ და მოქალაქეების მხრიდან უნდა მოვითხოვოთ ამ ერთობლივ საქმეში  შესაბამისი მონაწილეობა. კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენთვის პრობლემაა იმდენად, რამდენადაც ეს ერთმნიშვნელოვნად არის ორგანიზებული დანაშაულის წყარო და ამ პრობლემის გადალახვა გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ფუნქცია.

სასაზღვრო პრობლემებზე როდესაც ვსაუბრობთ ოპონენტები მთავრობას ყოველთვის ახსენებენ მუხთარლის გაუჩინარებას და ახმედ ჩატაევის ქვეყანაში შემოპარვას. ამ მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს თუნდაც მცირე დროში, რომ გაცილებით მეტად იყოს დაცული საზღვარი მსგავსი შემთხვევებისგან, ვიღაც არ გაუჩინარდეს, ვიღაც არ შემოიპაროს და მთავრობას თავის მართლება არ მოუწიოს? საზღვრებს როგორ დავიცავთ?

ერთ-ერთ პრიორიტეტად საზღვარი დავასახელეთ და ასე ვთქვით, რომ საზღვრის დაცვა ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უსაფრთხოების და ეს არის ის მიმართულება, სადაც საზღვრის დაცვის პოლიცია ასევე საჭიროებს რეფორმირებას. რა თქმა უნდა, ანალიზზე დაფუძნებული საზღვრის დაცვა უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საზღვრის დაცვის სისტემის. ამ ნაწილში დიდი იმედი მაქვს ჩვენი საერთაშორისო კოლეგების, ჩვენი სტრატეგიული კოლეგების, ისინი ამ მიმართულებით მხარდაჭერას გვპირდებიან, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებზე კონკრეტული გეგმები გვაქვს, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლის იანვრიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ის გამოწვევები, რომელიც დღეს განსაკუთრებით გამძაფრებულია რეგიონში მიმდინარე  სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ადამიანის და პროფესიონალიზმის ფაქტორი აქ უმნიშვნელოვანესია, რამეთუ საზღვრის დაცვა ძალზედ სპეციფიკური სფეროა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უკვე ვსაუბრობთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ამ სისტემის საუკეთესო წარმომადგენლების გადამზადების, დამატებითი განათლების მიღების ნაწილში და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ საზღვრის დაცვის კომპონენტი განსაკუთრებით რამოდენიმე მონაკვეთში პრიორიტეტული მიმართულება იქნება როგორც რეფორმების, ასევე რესურსულად მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამ მიმართულების ძირითადი წარმატების, რისკების პრევენციის ძირითადი საშუალება და ინსტრუმენტი უნდა იყოს ანალიზი და ანალიზზე დაფუძნებული რისკების მართვა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გეოგრაფია საკმაოდ რთულია და მეორე მხრივ, რისკების ანალიზზე დაფუძნებულ მართვას უნდა მივეხმაროთ ახალი ტექნოლოგიებით. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე საზღვრის უსაფრთხოების გარანტიები იქნება საკმაოდ რთული.

საპატრულო პოლიციის რეფორმირების პროცესი რა მიმართულებით დაიწყება?

საპატრულო პოლიციის რეფორმირების ნაწილში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმის ახალ ეტაპზე. ეს ერთი. მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიცია ძალზედ არის სერვისებზე ოირიენიტებული. დღეის მდგომარეობით, საერთშორისო ტენდენცია გახლავთ ისეთი, რომ მოქალაქის მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება საპოლიციო სერვისებზე. ჩვენი საპატრულო პოლიციის ეგრეთ წოდებული „ფრონტ ოფისი“ დღეს ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. პრობლემები გვაქვს შიდა პროცედურულ თემებთან, შიდა პროცესები მართვასთან, მათ ასე ვთქვათ „დიჯიტალიზირებასთან“ და ეს ის პრობლემებია, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას ამ რეფორმირების შემდგომი ნაბიჯის გადადგმისკენ. ჩვენ საპატრულო პოლიციას ვუყურებთ როგორც ინტეგრირებული სერვისების ერთგვარ პლატფორმას. ეს შეიძლება იყოს 112, შეიძლება იყოს მომსახურების სააგენტო. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები და პროცედურები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული. რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც მაგალითად დღეის მდგომარეობით მოხდა მართვის მოწმობების კომპონენტში და ჩვენ ამის გადავადება მოგვიწია; რათა აღარ გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისეთი პროცედურების გავლა, როგორიცაა 12-ე ოთახიდან შემდგომ მეორე უწყებაში წასვლა, შემდგომ  – მესამეში წასვლა, – ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში დაძლევადია და ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ რეფორმირებას, რომ ის მომსახურეობები, რომლებსაც საპატრულო პოლიცია დღეს მოქალაქეებს აწვდის იყოს უფრო დახვეწილი, უფრო მოხერხებული და უფრო მიმზიდველი მოქალაქისთვის. რამეთუ როდესაც მე ვსაუბრობ დამატებით სერვისებზე, მოგეხსენებათ, კანონმდებლობა იხვეწება, საპატრულო პოლიციის მიმართ მოთხოვნები უფრო მეტია. ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოწევის კონტროლი და ასე შემდეგ, – დღეის მდგომარეობით ამ ყველაფრის განხორციელება საკმაოდ რთულია, ეს ყველაფერი საჭიროებს შიდა პროცედურულ  დახვეწას და შიდა პროცედურების უფრო ავტომატიზირებას.

ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ნდობაზე, ხარისხზე და  ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა გკითხოთ, თავად პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება იგეგმება თუ არა? თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გადაცდომებს, ფაქტია, რომ პოლიცია ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ზოგჯერ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად.

ფაქტია, რომ პოლიცია და სამართალდამცავები არიან პასუხისმგებლები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, როდესაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და მოვალეობას, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მათი შრომის პირობებზე. რა არის ჩვენი ძირითადი მიდგომა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როგორც სოციალური, ასევე ფინანსური, ასევე ტექნოლოგიური… რამეთუ ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ხშირ შემთხვევაში კამერა, სამკერდე იქნება, მანქანაში დამონტაჟებული თუ შენობაში დამონტაჟებული პოლიციელს უფრო იცავს, ვიდრე მოქალაქეს. სამწუხარო რეალობა გახლავთ ასეთ და ჩვენი რეფორმების პირველი ეტაპი სტრუქტურული, საკადრო ოპტიმიზაციით დაიწყო. ამ ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან აქცენტების საპოლიციო დანაყოფებზე გადატანა, პირველ რიგში რესურსულად. ჩვენ ვამბობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირველ რიგში სამოქალაქო თანამდებობების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და ის რესურსი, რომელიც გამოთავისუფლდება პირდაპირ უნდა იყოს მიმართული საპოლიციო დანაყოფების შრომის, სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ეს გახლავთ ის პირველი ეტაპი, რომელსაც ვაკეთებთ და რომელსაც უახლოეს 3 თვეში დავასრულებთ. შემდგომ უკვე ვიზრუნებთ მთლიანად სოციალური პაკეტის, მათი საკადრო განვითარების, მათი ცოდნის მიმართულებების დახვეწისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სამართალდამცავ სისტემაში შემოსული ადამიანის სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს საკმაოდ გამჭირვალე, საკმაოდ ეფექტური და უნდა იყოს მორგებული იმ გამოწვევებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თავის თავზე იმ შემთხვევაში, როდესაც კეთილსინდისიერად ასრულებს ამ მოვალეობას.

imedinews.ge

კომენტარები

Powered by themekiller.com