Breaking News
Home / მთავარი სიახლე / ყოვლისშემძლე რუსეთი

ყოვლისშემძლე რუსეთი

 თუ რუსეთის ხელი ყველგან და ყველაფერში ურევია, რასაც სისტემატურად გაიძახიან დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელ-ბრიტანელი პოლიტიკოსები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, 21 დეკემბერს მან უდიდეს გამარჯვებას მიაღწია – კატალონიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაში.

პირველში, სეპარატისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, მეორეში კი – გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ აშშ-ს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო – 128 ხმა, 9-ის წინააღმდეგ, 35-მა თავი შეიკავა. დანარჩენებმა კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა, მათ შორისაა საქართველო და უკრაინა.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველას, მათ შორის აშშ-ს, იერუსალიმი არ აღიარონ ისრაელის დედაქალაქად და არ გახსნან იქ საელჩო.

გენერალური ასამბლეის რეზოლუციამდე იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ეგვიპტის მოთხოვნით გაიმართა და რომელმაც არ გაიზიარა აშშ-ს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებისა და იქ აშშ-ს საელჩოს გადატანის თაობაზე. იქაც, ისე, როგორც გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-ი უმცირესობაში აღმოჩნდა. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან, მხოლოდ ერთმა – აშშ-ა დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას.

ისრაელ-პალესტინის მუდმივ დაპირისპირებაში, რასაც საფუძველი დაედო ისრაელის დაარსების დღიდან, იერუსალიმის საკითხი უმთავრესია ანუ ვის ეკუთნის ის – ისრაელს თუ პალესტინას. 1967 წლის ომის შედეგად ისრაელმა დაიკავა მთელი იერუსალიმი და ის ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა – გადაიტანა რა სახელმწიფო დაწესებულებები ამ ქალაქში. პალესტინელები, რომლებიც იერუსალიმის აღმოსავლეთში ცხოვრობენ, იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც საჯაროდ, მედიის წინაშე გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ჯერ კიდევ პრეზიდენტობისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებდა და აშშ-ს საელჩოსაც გადაიტანდა ამ ქალაქში. მან დანაპირები შეასრულა, რითაც არა მარტო არაბები დაიპირისპირა, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა – გაეროს გენასამბლეის მიხედვით – 128. და არა მარტო, არამედ საკუთარი მოსახლეობაც.

აშშ-ი ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით – 63%-ი არ იზიარებს ტრამპის გადაწყვეტილებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ტრამპამდე, კარგა ხნით ადრე, აშშ-ს კონგრესმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვერც ერთმა პრეზიდენტმა – კლინტონმა, ბუშმა, ობამამ ვერ შეძლეს გარისკვა და იერუსალიმის, ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება.

ტრამპის ნაბიჯი გასახარია ისრაელის და მისი ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთვის, რომელმაც უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებების შემდეგ, ორივე გააკრიტიკა შესაბამისი არადიპლომატიური სიტყვებით და კიდევ ერთხელ შეაქო ტრამპი, ისრაელის მხარდაჭერაში.

ისრაელი კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით არაბებზე, რომლებმაც ასევე დიპლომატიისთვის მიუღებელი ლექსიკით დაგმეს ტრამპის გადაწყვეტილება და ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-ს შუამავლობის როლი პალესტინა-ისრაელის განუწყვეტელ მოლაპარაკებებში.  სრული შესაძლებელია, რომ გაღიზიანებულმა და აშშ-ზე განაწყენებულმა არაბულმა სამყარომ, ზურგი შეაქციოს აშშ-ს შუამავლის ფუნქციას, ერთი მხრისკენ, ამ შემთხვევაში ისრაელისკენ გადახრის გამო და სხვა შუამავალზე იფიქროს, მათ შორის რუსეთზე, რომელმაც სირიის პროცესებში ჩართვით, ახლო აღმოსავლეთში განიმტკიცა პოზიციები, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე. სირიაში, ამერიკის ავტორიტეტი სერიოზულად შეირყა.

ტრამპის გადაწყვეტილებამ დიდი მღელვარება გამოიწვია არაბულ სამყაროში, თურქეთში, ირანში, სხვაგან, რამაც ვაშინგტონი დააფიქრა და ლამის თავის მართლების რეჟიმში მოაქცია შემდეგი განმარტებით – იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება უბრალო დასტურია იმისა, რაც ისედაც ფაქტია, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ისე რეალობით. ტრამპი რეალობის გამჟღერებელია და მეტი არაფერი, იმისთვის რომ იოლად გამოიძებნოს პოზიტიური ენა პალესტინელებსა და ებრაელებს შორის.

როდესაც უკბილო განმარტებამ ვერ მოალბო არაბების და სხვათა გულები, ვაშინგტონი შეტევაზე გადავიდა – ჯერ უშიშროების საბჭოში, შემდეგ გენერალურ ასამბლეაზე. განსაკუთრებული აქტიურობით (ნეგატიური თვალსაზრისით) გამოირჩეოდა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი ქალბატონი ნიკი ჰეილი, რომელმაც გენერალური ასამბლეის კენჭისყრის პროცესზე მკაცრი დამკვირვებლის და აღმრიცხველის როლი შეითავსა.

კენჭისყრამდე გაეროს წევრ სახელმწიფოებზე დიდი ზეწოლა განახორციელა თვით პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვა, რომ საწინააღმდეგო შედეგების შემთხვევაში აშშ-ი გაეროს დაფინანსებას შეასუსტებს, ხოლო გაეროს წევრ სახელმწიფოებს, ვისაც აშშ-ი ფინანსურად ეხმარება, აღარ დაეხმარება.

პრეზიდენტის ნათქვამი უმალ აიტაცა ნიკი ჰეილიმ და შესაბამისი „აღმზრდელობითი“ მუშაობა ჩაუტარა გაეროს წევრ სახელმწიფოებს კენჭისყრის წინ, თუმცა უშედეგოდ, რამაც ქალბატონი ჰეილი მოთმინებიდან გამოიყვანა და ტრიბუნიდან ათქმევინა ის, რაც ყველას მიმართ მუქარას ნიშნავს. დაახლოებით ასეთი ტექსტით – „მუდამ გიწევდით ფინანსური დახმარების ხელს, თქვენ კი ჩვენი წინადადების საწინააღმდეგოდ უყარეთ კენჭი. ამერიკა დაგიმახსოვრებთ ამას. ჩვენ გავაგრძელებთ გზას და საელჩოს გადავიტანთ იერუსალიმში“.

გაეროში განვითარებულმა მოვლენებმა თავისთავად გამოკვეთა მთავარი – აშშ-ს როლის შესუსტება მთელს მსოფლიოში. ქვეყანას, რომელიც მსოფლიო პირველობას და ჰეგემონობას ლამობს – წყალი შეუდგა და როგორც ჩანს მისგან მოსალოდნელ მუქარასაც კი ზედაპირულად უყურებს მსოფლიო. არის თუ არა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის განწყობა ისეთი, აშშ-ს ჰეგემონიზმს რომ შეეწინააღმდეგოს?

გამოკვეთილად ამის თქმა ჭირს, მაგრამ ის, რომ აშშ-ს პოზიციას სერიოზული წინააღმდეგობები ეღობება, ცხადია. მსოფლიო ვეღარ იღებს ვაშინგტონის ქედმაღლობას, განუწყვეტელ ჭკუის სწავლებას, დაშინებას, სანქციებს, სამხედრო კუნთების თამაშს. მას აღარ ხიბლავს ისეთი ამერიკა, როგორიც იყო და არის – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მას სხვა ამერიკის ხილვა სურს, ისეთის, რომელიც მისთვის თანასწორად ჩაითვლება, გაიზიარებს მის აზრებს, არ შეეცდება ზეწოლას და ა.შ. ერთი სიტყვით, მას სურს პარტნიორი და არა ზემდგომი ჟანდარმი, მითუმეტეს კვერთხმოღერებული.

გაეროს ამბვებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის აუცილობლობაზე, ისეთის, როგორიც თუნდაც საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იყო და არა ისეთის, როგორიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეპციაშია ჩამოყალიბებული – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამერიკა ყველას მაკონტროლებელი და რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ შემართული, ვინაიდან სწორედ ეს ორი „რევიზონისტული“ ქვეყანაა მსოფლიოში, აშშ-ს დემოკრატიული იდეებისა და სულისკვეთების გავრცელების შემაფერხებელი.

ამერიკის სამწუხაროდ, მაგრამ მსოფლიოსთვის თვალის ასახელად, გაეროში განვითარებულ მოვლენებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვისაც სურს, ის უდავოდ დაინახავს რა არის აშშ-ი. რა ჰქვია ქვეყანას, რომელიც ფულით ცდილობს ხმების მოპოვებას და როდესაც ამას ვერ ახერხებს, ფინანსური დახმარების შეწყვეტით იმუქრება. განა ასეთი ქვეყანა შეიძლება იყოს დემოკრატიის მატარებელი? ან რა ჰქვია ფულით, დაშინებით, მუქარით მოხვეჭილ მხარდაჭერას?

აშშ-ზე უზომოდ შეყვარებული საქართველოს საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და ვერ გაიგებს იმიტომ, რომ აშშ-ს ძუძუთი (ფულით) იკვებება, აშშ-ს მხარდაჭერით უკავიათ პოლიტიკური სავარძლები, თუნდაც ოპოზიციური. საქართველოს, რომელსაც ობიექტურად „ასო“-ების (არასამთავრობო ორგანიზაციების) რესპუბლიკის სახელი უფრო შეეფერება, ვიდრე საქართველოს, მძიმე განსაცდელი ელის. ჰეილის მიხედვით, დაისჯება ყველა, ვინც აშშ-ს საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი. საქართველოს კენჭისყრაში არ მონაწილეობა ხომ არ ნიშნავს მხარდაჭერას. ჩნდება უპირველესად კითხვა – მოგვაწვდის აშშ-ი შეპირებულ „ჯაველინებს“? გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას? მხარში დაგვიდგება „მტერი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში? და ა.შ.

ოოო, რომ იტყვიან – ჩიხში ვართ მოქცეული. რა გაუძლებს აშშ-ს ელჩის საყვედურებს, სახელმწიფო დეპარტამენტის თითისქნევას. არ ჯობდა მხარი დაგვეჭირა? – იფიქრებს ხელისუფლება. კიდევ კარგი, რომ არ დავუჭირეთ, თორემ ხომ აღმოვჩნდებოდით იმ მომხრე 9 ქვეყანას შორის, რომელთა გავლენა (აშშ-ს გარდა) „განუსაზღვრელია“ მთელს მსოფლიოში?!

ახლა, რაც შეეხება „ჯაველინებს“. მაინც რა თავში ვიხლით, რაში გვჭირდება, ვის მხარეს უნდა გავისროლოთ, და თუ გავისვრით – რა მოჰყვება ამას? ბაკურ სვანიძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში მოსწრებულად აღნიშნა – „როდის უნდა გავისროლოთ ეს 75 მილიონად ღირებული „ჯაველინები“: ბერა ცოლს რომ მოიყვანს თუ კალაძეს მეოთხე ბიჭი შეეძინება“.

ხუმრობა იქით იყოს და, ქართველი პოლიტოლოგების „სერიოზული“ დასკვნები „ჯაველინებთან“ დაკავშირებით რომ ქვას ხეთქავს – ცხადზე უცხადესია. მაგრამ მარტო ქართველი პოლიტოლოგების, იქნებ სხვებისაც? – განსაკუთრებით „სტრატეგიული მოკავშირის მოქალაქეების და იქნებ პირველ რიგში მათი და შემდეგ ჩვენი ბედოვლათების, თუთიყურშივით რომ იმეორებენ მათ სიტყვებს?

აი, ერთ-ერთი მათგანი, სახელად ეველინ, გვარად ფარკა – აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე: „ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“, რომლებსაც ამერიკა თბილისს მიჰყიდის, რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება“. თუ რატომ, დამატებითი განმარტების გარეშე გაიგებთ, პატივცემულო მკითხველო, მაგრამ მაინც გეტყვით – „ჯაველინები“ ისეთი იარაღია, რუსულ ტანკებს რომ ნაცარტუტად აქცევს. ამდენად დამფრთხალი რუსეთი აღარ გადმოვა შეტევაზე ანუ ომს არ დაგვიწყებს. მაგრამ სხვა იარაღით ან სამხედრო ტექნიკით რომ შეგვიტიოს, მაშინ რა ვქნათ?

დავესესხები ისევ ბაკურ სვანიძეს: „როგორც ჩანს, რუსულ ავიაციას „ლისი პაკრიშკები“ აქვს და კავკასიონზე ზამთარში გადმოსვლა გაუჭირდება“. რა ვქნათ გაზაფხულზე ან ზაფხულში? ცხინვალის ომი ხომ გაგანია აგვისტოში იყო?!

ჯერ ერთი, აქ არვინ იცის ახალი რუსული ტანკების „T-90“-ის შესაძლებლობების შესახებ. როგორც რუსი სამხედროები ამტკიცებენ ეს ტანკები არა მარტო „ჯაველინებს“ უძლებენ, არამედ სხვა ჭურვებსაც. გარდა ამისა, რუსულ რაკეტებსა და გამანადგურებელ ავიაციაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?!

რუსულმა იარაღმა დაამტკიცა თავისი სრულყოფილება სირიის ომში. ასე რომ, მარტო „ჯაველინების“ იმედზე ყოფნა კარგს არაფერს გვიქადის. იცის თუ არა რუსული იარაღის თაობაზე თავდაცვის მინისტრის ყოფილმა თანაშემწე ქალბატონმა? იქნებ მისი ცოდნაც ისეთია, როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესასთან ურთიერთობის ყოფილი წარმომადგენლის, კარიკატურული პერსონაჟის – ფსაკის? ამ ქალბატონმა ხომ წარმოუდგენელი უვიცობის კვალი დატოვა.

როდესაც მსოფლიოს ჰეგემონობისთვის მებრძოლი პირველი ქვეყანა კადრებთან დაკავშირებით ისეთ სისუსტეს ავლენს, როგორიც ზემოთ აღვნიშნე, შორს ვერ წავა. ასეთი ვერც ნორმალურ რჩევას მოგცემს და ვერც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. სწორედ ასეთ უვიცთა წყალობით შეფასდა რუსეთის სამხედრო პოტენციალი 2008 წლის ომის წინ. სწორედ ასეთთა შეგონებით შევაფასეთ რუსეთის „დაჟანგული ტანკები“. შევაფასეთ და უმალ ვინანეთ – დაკარგული ტერიტორიების სახით.

ქართველი სამხედროები, სამხედრო ექსპერტები, სხვები ისე არიან აშშ-ს სამხედრო იარაღით მონუსხული, წამითაც ვერ ანძრევენ ტვინს, რომ მარტივი კითხვა დასვან? ესოდენ „სრულყოფილი“ იარაღის პატრონი ამერიკა, გაწვრთნილი ჯარის მქონე, რატომ ვერ იგებს ვერც ერთ ომს – მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, დღემდე? რატომ წააგო მან ვიეტნამში, კორეაში, აგებს ავღანეთში, სხვაგან?

და კიდევ ერთი რამ. აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს ჩვენთვის და უკრაინისთვის „ჯაველინების“ მოყიდვა. ორივე ქვეყანა კონფლიქტშია რუსეთთან. ჩვენ – მიძინებულ ვარიანტში, უკრაინა – აქტიურში. ორივე შემთხვევაში უმწიფარ, ავანტიურისტ, რეაქციულ ხელისუფლებებთან გვაქვს საქმე – ერთობ საეჭვოსთან. გარდა ამისა დონბასში – სამხედრო დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია. და ასეთ დროს ამერიკული იარაღით წახალისება?!

ნიშნავს თუ არა ეს „ცხელი წერტილისთვის“ ნავთის დასხმას? ნიშნავს თუ არა ეს მსოფლიო მშვიდობის საწინააღმდეგო ქმედებას?

პასუხი ამ კითხვაზე მკითხველისთვის მიმინდვია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარები

Powered by themekiller.com