საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკი რამდენიმე დღეში რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნას გამოაცხადებს:
„ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სფეროში მიიღებს თანამდებობას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი იტყვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას მუშაობაში დაეხმარება“, – განაცხადა წყარომ.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.