Breaking News
Home / ინტერვიუ / „მოსახლეობამ ვერ დაიჯერა ოპოზიციის, რომ ის უკეთესად შეძლებს რამის გაკეთებას“ – ნუკრი ქანთარია გასულ წელს აჯამებს

„მოსახლეობამ ვერ დაიჯერა ოპოზიციის, რომ ის უკეთესად შეძლებს რამის გაკეთებას“ – ნუკრი ქანთარია გასულ წელს აჯამებს

რა იყო მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევა, რას ხედავს შედარებით არასასურველ ნაბიჯად და რა მიაჩნია 2018 წლის მთავარ პოლიტიკურ გამოწვევად? – ამ საკითხების ირგვლივ გავესაუბრეთ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ ნუკრი ქანთარიას.

„წლის ბოლო დღეებია და მინდა კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმ პოლიტიკური პროცესებს, მოვლენებს თუ ფაქტებს, რითაც 2017 წელი იყო გამორჩეული. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს წელი მთლიანობაში ნამდვილად არ არის იყო უმნიშვნელო. ვფიქრობ, ვისაც კარგის დანახვა უდოდა, ის ამას დაინახავდა; ვინც მხოლოდ ცუდის დანახვაზეა გამეცადინებული, ისიც მოახერხებდა გარკვეული მოვლენების დაფიქსირებას; ხოლო ვისაც არაფრის დანახვა უნდა, არ – დაინახავდა.

ახლა უფრო კონკრეტულად: ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოვლენის ტოლფასი – ევროპის ქვეყნებთან ვიზა ლიბერალიზაცია; კონსტიტუციის მიღება, რამაც დიდი ვნებათაღელვის, შფოთის ფონზე ჩაიარა. კარგი იყო, მეტი კონსენსუსი ყოფილიყო კონსტიტუციის ირგვლივ. ვნახოთ, რამდენად გამოყენებული იქნება მომავალში. მოვლენა იყო ადგილობრივი არჩევნები, სადაც უნდა გამოვლენილიყო, როგორ უყურებს და აფასებს ამომრჩეველი ხელისუფლებას, მმართველ გუნდს. გამჟღავნდა, რომ ხალხის ნდობა გრძელდება; მეორეც, ალტერნატივა არც ამ ეტაპზეა გამოკვეთილი. მოსახლეობამ ვერ დაიჯერა ოპოზიციის, რომ ის უკეთესად შეძლებს რამის გაკეთებას. ნდობა არ არის, რადგან სახეები ძველი და კარგად ნაცნობი. მნიშვნელოვანი იყო მერების, გამგებლების არჩევა. თბილისი მერის – კახი კალაძის არჩევა, რომელმაც დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა. იმედია სასიკეთო შედეგებს აჩვენებს და სხვა პერსპექტივებიც გაიხსნება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინსვლა იყო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. გაიზარდა ბიუჯეტი. მნიშვნელოვანი ზრდაა ტურიზმში – 7 მლნ-მდე ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში. წინსვლა იგრძნობა, მაგრამ ეს ჯერ ჯერჯერობით ვერ არის გადასული მოსახლეობის აღქმაში. სიდუხჭირეს ვერ გავცდით. თუმცა, არა მგონია, უკუსვლა იყოს. ამას სტატისტიკაც მოწმობს. მაგრამ გარდატეხა, რომელიც შეიძლება თვალშისაცემი იყოს, არ არის. ალბათ 2018 წელს უნდა იყოს. იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც დაგეგმილია, ვგულისხმობ, ანაკლიის პორტს და ა.შ.

მიმდინარე წელს სამწუხარო მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. სახიფათო და შემაშფოთებელი იყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში, რომელიც აჰმედ ჩატაევის და მისი თანამებრძოლების ლიკვიდაციით დასრულდა. ბევრი კითხვები გაჩნდება. არა მგონია, ძალოვანმა უწყებებმა ყველა ცნობისმოყვარე ადამიანის კითხვები უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ეს სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას ეხება. გამოიკვეთა, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანას თავიდან დიდი საფრთხე ააცილეს. სამწუხაროდ, ამ ურთულეს სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. პანკისში მომხდარიც ამის გაგრძელებაა. აქაც სამწუხარო ფაქტი მოხდა. დაიჭრა ახალგაზრდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ დასაზუსტებელია, სპეცრაზმელს ხელყუმბარა მოეჩვენა, თუ მას ხელში მართლა ჰქონდა.

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მინისტრთა კაბინეტის შემცირებაც. იმედია, ამ ცვლილებას დადებითი შედეგები მოყვება. გამოიკვეთა რომ ტექნოკრატიული მთავრობისკენ არის მიმართული. სამომავლოდ, მინისტრთა კაბინეტისთვის, ვფიქრობ, პარტიიდან უნდა იყოს გამოყოფილი რესურსი. ამისთვის ალბათ მომავალში მოგვიწევს მუშაობა. პარტიაში მსგავსი რესურსის შექმნა და არა დავუშვათ, მოწვეულებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტის შექმნა. მოწვეული როგორც მოდის, ისე მიდის გუნდის პასუხისმგებლობას არ განიცდის. პარტიიდან მოსული კაბინეტის წევრი, წასვლის შემდგომაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. პარტიული წევრი გრძნობს გუნდის წევრობას, პასუხისმგებლობას. ამიტომ ეს გადასახედია. მნიშვნელოვანია პარლამენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია. ამ მხრივ ვფიქრობ, მომავალ წელს კომუნიკაცია უფრო აქტიური იქნება. ალბათ გუნდში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გარკვეული მექანიზმების მოძიება იქნება საჭირო. მოკლედ, 2018 წელი ამ თვალსაზრისით, ბევრ რამეს დაგვანახებს“.

2018 წლის გამოწვევად რას დაასახელებდით?

„პრეზიდენტის არჩევნები. რამდენად დააკმაყოფილებს ახალ პარამეტრებს. როგორ ჩაატარებს საარჩევნო კამპანიას. მოგეხსენებათ, ამჯერადაც პრეზიდენტის საყოველთაო სახალხო არჩევნები იქნება და რამდენად მოვა შესაბამისობაში, მნიშვნელოვანი ეს არის. ოპოზიცია შეეცდება წონიანი კანდიდატი დააყენოს. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ერთ კანდიდატზე შეჯერებას. მნიშვნელოვანი პროცესი იქნება ვფიქრობ, პარლამენტშიც. რადგან ფრაქციების გახსნის გზა გახსნილია, გამორიცხული არა რის უმრავლესობაში კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას. ფრაქციები ბუნებრივად შეიქმნება, ეს დეპუტატებს დაქსაქსვისკენ წაიყვანს.

რაც შეხება უმრავლესობის დაშლის საკითხს, ვფიქრობ, არ დაიშლება. ფრაქციები ბუნებრივად შეიქმნება და არა დაგეგმილად. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, პროცესი როგორ წარიმართება. თუმცა საკონსტიტუციო  უმრავლესობის შენარჩუნება კონსტიტუციის საბოლოოდ მიღების შემდეგ მარტი-აპრილის ბოლოს აღარ იქნება გადამწყვეტი“.

გამოწვევად რჩება ისევ ტერიტორიული მთლიანობის აღგენა…

„სამწუხაროდ, ამ მხრივ წინ ვერ წავიწიეთ. ეს იმდენად რთული პრობლემაა, რომ ვერ მოხდა გარკვეულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მცდელობა ამ მხრივ იქნება…“

დაბოლოს, დამეთანხებით, სერიოზული სკანდალი და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც საპატრიარქოსთან მიმართებაში ვიხილეთ…

„ესეც ამ წლის სამწუხარო მოვლენაა. საპატრიარქოში შექმნილი პრობლემები, რომელიც ე.წ. „ციანიდის საქმით“ გამოიკვეთა, გარკვეული ჩრდილი მიაყენა ეკლესიას, საპატრიარქოს. ეს ნამდვილად სამწუხარო მოვლენა იყო. წლის ბოლოა და არ მინდა, ამ სამწუხარო, მართლაც გულსატკენი ინფორმაციით დავასრულო საუბარი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. მეც, ჩემი მხრივ, იმედის გამოვთქვამ, რომ 2018 წელი გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე ეს წელი, რაც ჩვენს მოსახლეობაზეც აისახება“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Powered by themekiller.com