კიდევ ერთხელ, გამარჯვებიდან 75 წლის თავზე, მივულოცოთ ერთმანეთს 9 მაისი!

1,131 წაკითხვა

ახლოვდება 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, რომელსაც დიდი სამამულო ომის ვეტერანები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ელიან. მაგრამ წელს ეს დიდი თარიღი საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში მოხვდა. არ ფუნქციონირებს საქალაქო ტრანსპორტი, ქალაქებს შორის მიმოსვლა აკრძალულია, ასევე აკრძალულია ერთდროულად სამ  ადამიანზე მეტის შეკრება. ამიტომ, წელს, სამწუხაროდ, ვერ შედგება „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა, როგორც ამას შარშან ჰქონდა ადგილი.

მაგრამ აკრძალული არ და ვერ იქნება ჩვენი საზეიმო განწყობა, რომელიც არა მხოლოდ ვეტერანებს უნდა გავუზიაროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ისინი არიან და ეს ასეც უნდა იყოს.

საქართველოს არაკეთილმოსურნენი, კეთილისმსურველთა ნიღბის ქვეშ, ცდილობენ, ყველანაირად დააკნინონ დიდი სამამულო ომის მნიშვნელობა და ადგილი ჩვენი ხალხის ცნობიერებაში. უკვე თითქმის 30 წელია, პერიოდულად მძაფრდება  იერიშები ამ დიდი ზეიმის საწინააღმდეგოდ. მცირე ხნით, 1991 წელს, 9 მაისის საზეიმო თარიღი საერთოდ გააუქმეს, თუმცა ბევრად უფრო გვიან, სააკაშვილის რეჟიმმა ყველა სავალალო რეკორდი მოხსნა – ისე შორს შეტოპა ფაშიზმზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების ხსოვნის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ქუთაისში, მერაბ ბერძენიშვილის დიდების მემორიალიც ააფეთქა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლიც კი გამოიწვია.

თუმცა სააკაშვილმაც ვერ გაბედა, შეხებოდა 9 მაისის თარიღს და ეს დღე ოფიციალურ უქმედ, ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმად, დატოვა. მიუხედავად ამისა, არ ცხრება გაუთავებელი პროვოკაციები ე. წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების“ მხრიდან. გამომდინარე იქედან, რომ პირდაპირმა შეტევამ დიადი გამარჯვების იდეაზე შედეგი ვერ მოიტანა და ქართველი ხალხი მთლიანობაში ძალიან ემოციურად აღიქვამს ამ თარიღს, ისტორიასთან მებრძოლმა პროვოკატორებმა წინა პლანზე წამოსწიეს მოთხოვნა, რომ „ევროპასთან ერთად“ ვიზეიმოთ ეს დღე არა 9, არამედ 8 მაისს.

ამ მოთხოვნის პროვოკაციული აზრი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს სასაცილო მდგომარეობაში და მორიგი მსხვერპლი გაიღოს რუსეთთან უაზრო დაპირისპირებაში. 1945 წლის 2 მაისის შემდეგ, როდესაც წითელმა არმიამ ბერლინი აიღო, გერმანიის არსებითი წინააღმდეგობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო (პრაღის დაჯგუფების გარდა), გერმანული სარდლობა მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ვერმახტის ძალები მაქსიმალურად გადასულიყვნენ დასავლეთის მიმართულებით, რათა ტყვედ ჩაბარებოდნენ ამერიკელებს და ინგლისელებს, მაგრამ არასგზით – საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებს. გერმანულმა სარდლობამ პირველ კაპიტულაციას ხელი 7 მაისს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მოაწერა (საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი სუსლოპაროვიც ესწრებოდა ამ ხელმოწერას), მაგრამ სტალინის მოთხოვნით, ოფიციალური ცერემონია ბერლინში გაიმართა და სრული უპირობო კაპიტულაცია გერმანულ სარდლობას 8 მაისს, ბერლინ-კარლსჰორსტში განლაგებულ საბჭოთა მე-5 დამრტყმელი არმიის შტაბში მოუწია. კაპიტულაცია საბჭოთა კავშირის მარშალმა, გიორგი ჟუკოვმა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მაღალ წარმომადგენლებთან ერთად, ჩაიბარა გერმანიის ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობისგან (კაიტელი, ფრიდებურგი, შტუმპფი).

ბავშვმაც კი იცის, რომ არსებობს სასაათო სარტყელები ანუ დროში სხვაობა, გლობუსის სხვადასხვა მერიდიანებს შორის; უსიტყვო კაპიტულაცია ძალაში შევიდა ბერლინის დროით 8 მაისის 23 საათსა და 01 წუთს, მოსკოვში ამ დროს უკვე 9 მაისის 01 საათი და 01 წუთი, თბილისის დროით კი 02 საათი და 01 წუთი იყო. შესაბამისად, 9 მაისი საბჭოთა კავშირში აღინიშნებოდა არა ევროპის ჯიბრით, რომ 8 მაისს არ დამთხვეოდა, არამედ ისტორიული მოვლენების სიზუსტეს ასახავდა. ვიმეორებ, ეს გვეხება ჩვენც, ქართველებს, რადგან გერმანიის კაპიტულაციის ძალაში შესვლის მომენტში (რასაც ვაღიარებთ ფაშიზმზე გამარჯვებად), თბილისში უკვე 9 მაისი იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში ლომის წილი სსრ კავშირს მიუძღვის და კაპიტულაციის აქტის ხელმოწერაც, საბჭოთა მარშალი გიორგი ჟუკოვის მოთხოვნით, მე-5 დამრტყმელი არმიის შტაბში შედგა, არავინ არის იმის წინააღმდეგი, მათ შორის, რუსეთში, რომ ევროპელებთან ერთად აღინიშნოს ეს გამარჯვების დღე, რომელიც ევროპასაც ეკუთვნის და მთელ დანარჩენ მსოფლიოსაც. გამარჯვების დღის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს – გაიმარჯვა სიკეთემ, მშვიდობამ, თავისუფლებამ; მსოფლიოს ხალხებმა თავიდან აიცილეს ფაშიზმის საფრთხე. ამ დიდ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი კი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა გაიღო, დაახლოებით 21-26 მილიონი დაღუპული ადამიანის სახით, მათ შორის, ფრონტზე 300 ათასი ქართველი დაეცა.

ლიბერალების მსგავსად, რადიკალი ნაციონალისტები იძახიან – საქართველო რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მეორე მსოფლიო ომი აგვცდებოდა და ამდენ მსხვერპლს გადავრჩებოდითო. დემაგოგიაა ეს მტკიცება, ბატონებო, დემაგოგია! უმჯობესია, დასვით შეკითხვა: საქართველო რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, სად იქნებოდა, ვის შემადგენლობაში? ნუთუ გჯერათ, რომ დამოუკიდებელი და აყვავებული ქვეყანა იქნებოდა და არა თურქეთის ვილაიეთი ან დაყოფილი, დაქსაქსული ჯუჯა-სამთავროები? ან საერთოდ იქნებოდა-კი საქართველოს ხსენება? მეორე მსოფლიო ომსა და დიდ სამამულო ომში მონაწილეობით, საქართველომ თავისი წილი ვალი მოიხადა ღვთისა და მთელი მსოფლიოს ერების წინაშე, ჩვენი მეომრები იბრძოდნენ სიკეთის მხარეს, ყველასათვის და თან საკუთარი მცირე სამშობლო საქართველოსთვის, საკუთარი სახლების, ოჯახების, ახლობლებისათვის! ისინი ტყუილად არ დაღუპულან, მათი გმირული ბრძოლა წმინდანობის ტოლფასია!

ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და მსგავსი შეკითხვები არც უნდა დავსვათ.

კიდევ ერთხელ, გამარჯვებიდან 75 წლის თავზე, მივულოცოთ ერთმანეთს 9 მაისი!

გრიგოლ რეხვიაშვილი

Next Post

„მამუკა მდინარაძემ ისეთი ტყული იკადრა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, რომ..“

ხუთ მაი 7 , 2020
1,131 წაკითხვაჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომელიც მან კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ყანდიაშვილს 2014 წლის შემდეგ მათთან შეხება არ ჰქონია: „მამუკა მდინარაძემ ისეთი ტყული იკადრა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, მის მაგივრად თამარ ჩუგიშვილი გაწითლდა „tv პირველის“ ეთერში. მისი ტყული ისტოროაში შევა როგორც ყველაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი.“- წერს მეტრეველი. შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა დაბლოკა ხელისუფლებასთან ასოცირებული გვერდები, რომლის შემქმნელად სწორედ კოკა […]