Breaking News
Home / ინტერვიუ / „თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა და მოსახლეობის პრობლემებზე არ დაიწყო ზრუნვა, შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს“

„თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა და მოსახლეობის პრობლემებზე არ დაიწყო ზრუნვა, შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს“

„მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც, ქვეყნის პრეზიდენტი შეწყალების ექსკლუზიური უფლების გამოყენებისათვის გაესამართლებინოთ“ – აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, მისი თქმით, ეს არის პირადი შურისძიება.

„ცალკე თემაა ის, ქართულ საზოგადოებას მოსწონს თუ არა სააკაშვილი, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ამ საკითხზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სასამართლოს მხრიდან არის აშკარად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული, ამ ყველაფერს შურისძიების ელფერი დაჰკრავს. ასევე როდესაც პრეზიდენს ასამართლებ პიჯაკისა და პალტოს გამო, ეს სამარცხვინო ფაქტია და ქვეყნის იმიჯს ლახავს. ასე, რომ თუ  ასე სამარცხვინოდ გააგრძელებს დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილისადმი ბრძოლას ამით ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთრი თავის ლუსტრაციას მოახდენს. იმის მაგივრად რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვით, ისინი შურისძიებით არიან დაკავებულნი არადა ქვეყანაში რეალურად უამრავი პრობლემა არსებობს და ეს არის პირველ რიგში სოციალური პრობლემები“.

სოციალური პრობლემები ყველა ხელისუფლების პირობებში იყო, დღეს რაიმე განსხვავებული ხდება?

„გეთანხმებით, რომ პრობლემები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხის წინაშე საკუთარი სურვილით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც მათი წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო სოციალური პრობლემების მოგვარებასად და სამართლიანობის აღდგენაზე. დღეს რომელი დაპირება შესრულდა იქნებ გამახსენოს ვინმემს? ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ შექმნიდნენ მეტ სამუშაო ადგილს, გაუმჯობესდებოდა ეკონომიკური მდგომარეობა და ვიცხოვრებდით უკეთეს ქვეყანაში, მივიღეთ რადიკალურად განსხვავებული ვითარება.  ბოლო წლების განმავლობაში დამატებით ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, გაზრდილი ფასები და მომატებული გადასახადები, ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ამას დავამატოთ უმწვავესი კრიმინოგენული მდგომარეობა, დღე არ გავა ისე, რომ კვლელობა ან სერიოზული შემთხვევა არ მოხდეს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვყავს უუნარო ხელისუფლება, რომელიც ვერ პასუხობს მოსახლეობის გამოწვევებს და ამის აღიარებაც უჭირს.

საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა და მოსახლეობის პრობლემებზე არ დაიწყო ზრუნვა, შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა, რასაც მოყვება ვადამდელი არჩევნები, რაც ამ ხელისუფლების სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება“.

კომენტარები

Powered by themekiller.com