ლალი ცერაძე – „ქართველი მეომრის ჯვარცმა, გარდაცვალება და ამაღლება“ (მეოთხე ნაწილი)

3,429 წაკითხვა

ლალი ცერაძე:

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანწერები“. ამჯერად შემოგთავაზებთ ბატონ გენადი კვერნაძის მოგონებას ოჩამჩირის ბრძოლების და თავისი თანამებრძოლების თავგანწირვის შესახებ. ბატონი გენადი იდგა  საქართველოს გვარდიის“ ჩამოყალიბების სათავეებთან. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგულთა შორის ბოლო წუთამდე დარჩა და სამხედრო ფიცისთვის არ უღალატია. მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს და შემდეგ „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის“ წევრად ჩაირიცხა. მას თუ ახლოს გაიცნობთ გაგაკვირვებთ მისი შემართება, მოთმინება, იშვიათი პატიოსნება და პატრიოტიზმი. 

მისი ბიჭები გაგრაში მოწინააღმდეგის შემოტევას ბოლო წუთამდე იგერიებდნენ ეგერეთ წოდებულ „კა–ბერ–ცეს“ შენობაში და შემდეგ იყო მწარე და დამამცირებელი ტყვეობის წამები, წუთები, საათები და დღეები. ბევრი მისი რაზმელი მტრის სიშელეგემ და მხეცობამ იმსხვერპლა, მაგრამ მაიორ გენადი კვერნაძის სამხედრო შემართებამ და რწმენამ, რომ თანამებრძოლებს გადაარჩენდა საბოლოოდ სიცოცხლე აჩუქა მათ.

გენადი კვერნაძე – „თვალი გავახილე,ზეწარი მეფარა, მორგში ვიწექი, გარშემო მიცვალებულები ესვენენ“, ჩამოვედით თბილისში. ჩვენი „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი“ სამაჩაბლოში აპირებდა გასვლას. სამწუხაროდ, როგორ ყოველთვის და ყველგან აქაც რაღაც გაურკეველი, საეჭვო პროცესები მიმდინარობდა და არასასიამოვნო ფაქტები მოხდა. ერთ-ერთი იყო დაჯილდოებაზე წარადგინეს დაუმსახურებლად ხალხი. გული დამწყდა და მოვერიდე ამ ყველაფერს.

მაშინ ჩემი მეგობარი რეზო დოლიძე დანიშნეს ქალაქის კომენდანტად და მთხოვა სადგურზე გადასვლა. იქ სამხედროები ტრიალებდნენ. ხშირად ხდებოდა გარჩევები, ჩხუბები და იარაღის ტრიალი. ძნელ უბანზე გამიშვეს – ბიჭები პატივს გცემენო და ავტორიტეტი გაქვსო. გადავედი თავდაცვის სამინისტროს კომენდატურაში.

ოჩამჩირეში გასვლას აპირებდა ჩვენი სამხედრო პოლიცია. ნავთლუღის წვევამდელთა გამწვევ პუნქტში ვიყავით მე, დათო ბაჩილავა, რეზო დოლიძე და გია უჩავა. სიგარეტი მოვწიე და ცუდად გავხდი. გულმა ისევ მიმტყუნა და გადავშადი მთლიანად. სასწრაფოდ წამიყვანეს ჰოსპიტალში. მეტი არაფერი არ მახსოვს. თურმე გული გამიჩერდა და მორგში აღმოვჩნდი. ტანსაცმელი უკვე მიუტანეს ჩემს ოჯახს და ისევ დამიტირეს. უკვე მერამდენედ ამხელა სტრესი მიიღეს.

გამოვახილე თვალები, გადაფარებული მაქვს ზეწარი, დაგავიხადე ვხედავ და ჩემს გარშემო მიცვალებულები ასვენია. გაყინული და გათოშილი ვიყავი. ავდექი ნელ-ნელა როგორც იქნა. ზეწარი შემოვიხვიე და გარეთ გამოვაღწიე.

რუსის ქალი იდგა დამლაგებელი. ვკითხე – „Туалет где?“ ქალმა შემხედა და ეგრევე შიშით გრძნობა დაკარგა. რუსები იყვნენ ისნის გოსპიტალში და მეორე ქალი მომმვარდა და მამშვიდებდა თვალებგაფართოებული „Сынок успокойся, Сынок успокойся… Главное ты вернулся, восстал! Боже правый, спаси и сохрани!“ ლოცულობდა. დამესივნენ ექიმები და ოჯახიც მოვარდა მაშინვე –  გენო ისევ გაცოცხლდაო.

ბიჭები შეკრებილან და დათო ბაჩილავას რეზო დოლიძესთვის უთქვია – „რაღაც ვიღონოთ, ამ გენადის მივხედოთ. რაც მაგან გააკეთა და გაუკეთებია იმის მეათედი გაგვაკეთებინოს უფალმა და კაცები ვიქნებით. თბილისის ომში თავში მოარტყეს, გაგრაში ხვრეტავდნენ, ახლა აქ გაუჩერდა გული და სამი დღის შემდეგ მორგიდან პირდაპირ „სტროიში“ დადგაო. ამ კაცს გავუფრთხილდეთ როგორმე და დავასვენოთ ძალითო“. ითათბირეს და ბორია ივანოვმა ბრძანება გასცა – „აყარეთ იარაღიო“ და მითხრა – „განკარგულებას გაძლევთ კვერნაძე წადი და გამოშუშდიო. კარგია სამშობლო რომ გიყვარსო, მაგრამ დაისვენე, ისე მოდიო და სადაც გინდა იქ წავიდეთო. იცოდე  ეს ბრძანება არ შიცვლებაო“. მეგობრები მიხვდნენ, რომ ჩემი გული მეტ დარტყმას ვეღარ გაუძლებდა.

რა გაეწყობოდა. წავედი სახლში.

1992 წლის ბოლოს მოხდა სამხედრო პოლიციის გაწვევა ოჩამჩირეში და რეზო დოლიძე დაინიშნა სამხედრო პოლიციის შენაერთების აღმოსავლეთ საქართველოს სარდლად. გურამ ჯანიაშვილი დაინიშნა რეზოს ადგილას თბილისის კომენდანტად. მივედი – „ოჩამჩირეში მივდივარ რეზოსთან მეთქი“. გადაირია კაცი – „სად მიდიხარ? შენი ჯანმთელობის პატრონი, მე არ გიშვებო“.

არაფრით არ დავრჩი – „შენ შენი ძმები გყავს, დაგეხმარებიან მეთქი და მე კი უნდა წავიდე ასეც და ისეც ჩემს სამეგობროსთან, მე აქ გამჩერებელი არ ვარ თქო.“ ვგრძნობდი, რომ წინა ხაზზე მინდოდა ბრძოლა. ჩემს ადგილზე კოტე დანიშნეს გიგიტიშვილი. მე კი რეზო დოლიძის მოადგილედ დამნიშნეს.

გია უჩავამ ჩვენი რაზმი სოხუმში გადაგვაფრინა. იქიდან უნდა წავსულიყავით ოჩამჩირეში და მოეცათ დისლოკაციის ადგილი. იქ ჩასული ვემზადებით ბრძოლისთვის და სულ გადამრიეს – ტყვია-წამალი და იარღი ისევ არ დამახვედრეს.

ამ დროს იკარუსები მოაყენეს და გვეუბნებიან ოჩამჩირეში მიდიხართო. გეგონება დასასვენებლად გვიშვებდნენ და არა საომრად. სოხუმი-ოჩამჩირის ტრასას გავლა არ უნდოდა? ყველა მხრიდან „აბსტრელში“ იყო. უიარაღოთ ეგრევე შარში ვიყავით და კიდევ ტყვეობა რომ გამახსენდა ჭკუიდან გადავედი.

რეზოს ვუთხარი – „ტიტეევიჩ, რომც დამხვრიტონ ამ ბიჭებს ვერ გავიყვან უიარაღოდ. თბილისში ამათ მომკლეს, გაგრაში იარაღი მე ჩავიტანე და ახლა ისევ უიარაღოდ სად გვიშვებენ. მე ისეთი კარგი გაკვეთილები მივიღე ამ ცემა-ტყეპით, რომ მეორედ ამ სისულელეს ვერ გამაკეთებინებენ. მე კარგად ვნახე ვინ რისი გამკეთებელიათქო “.

ზურა იყო  სოხუმის კომენდანტი. მივედით მე, დათო ლომსაძე და რეზო დოლიძე. ავუხსენით ყველაფერი და ვუთხარი – „მე ჩემი ბიჭებით უკან მივფრინავ თბილისში“. კომენდანტი დამეთანხმა – „მართალიაო ეს კაცი“. ავედით ისევ თვითმფრინავში და ამდენი ხალხი უკან გია უჩავას მივაყენე გამწვევ პუნქტზე ნავთლუღში. მეუბნება – „გენადი რა ხდება, ზვიადის დროს არ მასვენებდი და ახლაც არ მასვენებო?!“ გადარეკა, გადმორეკა. თან ეცინებოდა და ისე კარგად მოაგვარა საქმე რომ მეორე დღეს ყველანი სრული ეკიპირებით გადავფრინდით სოხუმში.

ჩავედით ოჩამჩირეში და იქ კორპუსებთან საბავშვო ბაღში გავაკეთეთ დისლოკაცია. მოვიძიეთ სამხედრო ტექნიკა, მეომრები გადავანაწილეთ, პოზიციები შევისწავლეთ.

ძირითადად ლაბრაში ცვლაზე დამყავდა ბიჭები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სოხუმ-ოჩამჩოირის ტრასა არ ჩაკეტილიყო და ზღვისპირი გაგვეკონტროლებინა. სანგრებში ვისხედით და მეც ვრჩებოდი რომ გამემხნევებინა. სულ ტყვეობის ამბებს მაყოლინებდნენ ბიჭები, რომ ღამე გაგვეტეხა როგორმე და არ დაგვძინებოდა.

გამახსენდა ერთი სასაცილო ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შველის გაჭირვების დროს ქართველ კაცს იუმორი. ბანაკში ტყვეობისას შემოგვიყვენეს სამაჩაბლოში ჩემთან ნაომარი კაცი კუკური მგალობლიშვილი. როცა იმ გასაჭირში დამინახა სიხარულისგან სულმთლად გადაირია. ნარზე ვიჯექი. მოვარდა ჩემთან და მეხვევა და მეუბნება – „გენადი, შენ გენაცვალე, რა კარგია რომ გნახეო“. მე გაკვირვებულმა შევხედე ავათვალიერ-ჩავათვალიერე და მკერდზე ფეხი ვკარი – „ ვინ ხარ საერთოდ არ გიცნობო“. მიყურებს თავალებდაქაჩული, განცვიფრებული – „შენ გენადი არ ხარ კვერნაძეო?“. ვუპასუხე – „ვინ კერნაძე, რა კვერნაძე, ნაღდად შემოგდებული ხარ. საერთოდ პირველად გხედავ. აბა იქით გაიწიე მეთქი“. საწყალი მოკუნტული წავიდა და გამეცალა.

ვხედავ დადის აქეთ იქეთ და იტანჯება. გამომხედავს, თავს ჩაღუნავს. რამის ტირის ადამიანი. თამაზ მეფარიშვილმა ადიელა წაიხურა თავზე, რომ სიცილი არ დატყობოდათ. ბიჭებიც სპეციალურად გაერიდნენ. ვაწვალებთ. მხოლოდ საღამოს მოკუნტული დამიჯდა და მეუბნება – „შენ ხარ ხომ გენადი? ჭკუიდან არ გადამიყვანოო“.

მერე მოვეფერე – „მოდი, მოდი შე საწყალო, გენო ვარ, აბა ვინ ვარ მეთქი“. ატყდა ერთი-სიცილ ხარხარი და მხიარულება. ასე ვიმაგრებდით თავს. ახლა აქ ლაბრაში გათხრილ მიწა-სანგარში ვაცინებდი მეომრებს.

თუ ბიჭებთან ერთად სანგარში არ ჩაჯექი და სიგარეტი არ მოწიე, თუ ყველა შიმშილი და სიცივე არ გადაიტანე მათთან ერთად, თუ მათი გულისთქმა არ იცი, ჩათვალე რომ ჯარისკაცს არ ეყვარები და ვერც შეასრულებს შენს ბრძანებას თავდადებით. პირველი შენ თავად უნდა წახვიდე საშიშროების დროს რომ მოგყვეს. შტაბიდან თუ არ გამოხვალ და თბილად იქნები არ გენდობა და არც დაგემორჩილება.

ერთხელაც უცნაური ამბავი შეგვეთხვა. ღამით შევიცვალეთ და შტაბში დავბრუნდით. უცბად გვითხრეს – „ლაბრას უტევენო განგაშია, არიქა მაშველიო“.

გულში ვფიქრობ – „ახლა იქიდან მოვდივარ ნეტა რა უნდა მომხდარიყო ამ ერთ წუთში? იქ სიწყნარე დავტოვეთქო“. შევახტით მანქანებს და გავცვივდით, ლერი ხორხელი, მიშა კიკნაძე, დუშეთის ბიჭები გამაყოლეს. იქ დამხვდა ავთო წამალაიძე. ჩემი ჩახრინწული ხმა რომ გაიგონეს ბიჭებმა გამოცოცხლდნენ. „აბა გაიშალეთ ჯაჭვი გამიკეთეთ, გაიშალეთ, გაიშალეთ“ ვყვიროდი.  ზევიდან  სროლა მართლა მესმოდა, ცოტა წინ წავიწიეთ.  აშკარად ტყვიამფრქვევი იყო. შემდეგ უცბად სროლა  შეწყდა.

გაკვირვებული ვეკითხებოდი, „რა ხდება, ხალხნო, რაშია საქმე მეთქი?“ მიპასუხეს „ბეტეერიდან“ გვესროდნენო და ამიტომ ატყდა განგაშიო“. ვფიქრობ – „კაცო, აქ ბეტეერს რა უნდა? დავიჯერო აქამდე შემოვიდნენ მეთქი“.

ღამე იქ დავრჩით. გამთენია სიგარეტი მოვწიე და სადაც პატარა შტაბი მქონდა წამოვწექი. დაწოლა და იმ წამს  ყუმბარა მოხვდა შენობას.

კაცო, ვფიქრობ „რა ხდება?“ გავიქეცი წინ და ვყვირივარ – „ბიჭებო, არ ამოწიოთ თავები ზევით მე გავიხედები მეთქი“. ვხედავ ჩემს თვალწინ ტანკი არ მოდის? უკან მართლაც ბეტეერი მოყვება. ვფიქრობ თუ აფხაზების შემოტევაა, ხალხი სად არის? ვერ ვერკვევი რა ჯანდაბა ხდებოდა. გრანატამიოტმა ისევ ისროლა. გავხედე თვალით. ნეტა თუ ფუგასურია ჯანდაბას და თუ ასკოლოჩნია ერთ წამში დაგვგლიჯავდა. გადავრჩით.

ხესთან ვდგევარ და ვაკვირდები რა მანევრს აკეთებს ეს ტანკი. ვიცი გვერდზე „ავაზა“ უნდა მედგას აქეთ, მეორე მხარეს „თერჯოლა“. გადავირიე ესენი აქ საიდან გაჩდნენ მეთქი? დაგვაყარეს და დაგვაყარეს.

რა უნდა მექნა? გამოვიძახე დახმარება.

ისევ გაგრაში მეგონა თავი. ვღრიალებ „შტაბი, შტაბი ვინ აყენია მარცხნივ, ან მარჯვნივ? ეს აფხაზები, როგორ ამოატარეს მეთქი? ხომ არ მიატოვეს პოზიციები? გადამიმოწმეთ და მეთაურები მოიკითხეთ მეთქი“.

ქალმა მიპასუხა, „არ ვიცი მე ეხლა გამოვედი ცვლაშიო“. ერთი კარგად შევიგინე და უკან გავვარდი.

დასახმარებლად მოვარდა კამაზით ერთი კაცი და ვითომ დაგვცინოდა მე და დათო ლომსაძეს – „რა იყო რა პანიკებში ხართ?“. გულში ვიგინები – „ეს კამაზი რას მიშველის მეთქი“. გადავირიე – „აბა ერთი გაიმეორე რას ამბობ მეთქი?“. მოვკიდე ხელი და წინ წავათრიე. „შეხედე თქო“ და, როცა იმ წუთას ატყდა კაკანი და ტყვიების წუილი, უცნობი ცდილობდა სანგარში გადამხტარიყო.

მე ვუყვირივარ – „მგონი გვესვრიან არა? თუ მეჩვენება. ეი, ბიჭო, სად მირბიხარ, რა პანიკებში ვარდები, ხომ არ გეშინია მეთქი?“. ყვირის – „შემეშვი თუ ძმა ხარ, ვერ ხედავ მართლა გვკლავენო?“. უცებ სროლა შეჩერდა.

მე და დათო ლომსაძე, გივი ჩალათაშვილი ვეუბნებით – „ახლა გვაჩვენე რა ლომი ხარ მეთქი. აგვიყვანე უფრო ზევით უნდა ვნახოთ რა ხდება წინთქო“. ყვიროდა – „რა გინდა კაცო, უნდა მომკლანო? ტანკს რა ნახვა უნდაო“. მაინც ძალით ჩავსვით და გვაიარეთ ერთი პოსტი – „არაფერი მომხდარაო“, მეორე – „არაფერი მომხდარაო, მშვიდობააო“. 500 მეტრში ისვროდნენ და რა მშვიდობაზე მელაპარაკებოდნენ ვინ იცის?

უცებ ტანკი კვლავ გამოჩნდა მოატრიალა ლულა და პირდაპირ არ დაგვიმიზნა. გადავხტით კამაზიდან. რაღაც შიფერები მომხვდა ფეხებში. კინაღამ ლუსმნებზე ჩავიჩეხე. საბედნიეროდ, ტანკმა არ გაისროლა. გადაწყვეტილება მივიღე. გადავიკიდე ავტომატი, ხელში ზურგსუკან ხელყუმბარა „ეფ-1“ დავიჭირე და წავედი.

და უკვე გულში ვფიქრობდი, რომ ფსიქიკურად მე ტყვედ ჩავარდნა უკვე აღარ შემეძლო  და სიკვდილზე წავედი. გადმოვიდა ქერა ბიჭი მოდის და დამსიცხა, „ნაღდად რუსია მეთქი“. თან გულს ვიმხნევებდი, ქართველებიც ხომ არიან ქერები თქო, თან იმას ვფიქრობ რა ენაზე დაველაპარაკო. ისევ ქართულად ვკითხე – „საიდან ხართ მეთქი“. „თბილისის ლეგიონიდან“ ვარო.  ამოვისუნთქე. მეთაური მოვიკითხე გასული არისო საქმეზოეო. ვღრიალებდი- „რას შვრებით კაცო? რეებს აკეთებთ, ვინ მოგცათ ბრძანება მეთქი?“. „რა ვიცით, თქვენზე ჩვენთვის არავის არაფერი უთქვიაო. არანაირი ორიენტაცია არ მოგვცესო“ – თავს იმართლებდა აწურული.

გავიხედე და იქვე მეორე ტანკიც არ არის მიწაში ჩაწოლილი.

სარქველი ავხადე და განწირული ხმით ვყვიროდი, „რაციაში გადაეცით წინ რომ ტანკია შეჩერდეს ბიჭებს დამიხოცავს მეთქი“. გავიქეცით უკან. ისევ სროლა მესმოდა და ვხედავ ხევსური ძმები გვყავდა ხვიჩა და გოჩა და ერთ-ერთს თავი ამოუყვია და ამ დროს თვალში არ მოხვედრია. გასისხლიანებული მოყავდათ ცოცხალმკვდარი ბოჟაძეებს. სოხუმში გადავაფრინეთ და გადაარჩინეს.

მე, მიშა კიკნაძე და რეზო დოლიძე გავვარდით შტაბში ოჩამჩირეში. ამ უპასუხისმგებლობაზე ატყდა ერთი ამბავი – „ხალხს რატომ მიხოცავთ? ქართველ კაცს ქართველს აკვლევინებთ. სად არის თქვენი პასუხისმგებლობა და კომპეტენცია? ვინ აგებს პასუხს? მე უკვე მგონია სპეციალურად გვესვით და უკვე მერამდენედ მიკეთებთ ამას მეთქი.“ დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა.

ერთ დღეს მე და გივი ჩალათაშვილი ვისხედით ჩვენს ბინაში და მოვიდნენ ჩვენთან ბიჭები იმ ნაწილიდან, რომელიც პოზიციაზე შევცვალეთ (მგონი შაქრო ხურციძის). მითხრეს – „ბატონო გენადი, თქვენზე ხალხი ბევრ კარგს ყვება და იქნებ ჩვენც გვიშველოთო. მარტის შეჯახების შემდეგ სამი ბიჭი დაგვრჩა წინ ჭაობთან პოზიციაზე ყრიანო და ერთი თვეა ვერ გამოვიტანეთო“. გამიკვირდა – „აქამდე არვინ იკისრა შესვლა მეთქი?“  მთხოვეს – „უარი არ გვთხრათ გეხვეწებითო“.

გავედი პოზიციებზე. მიმართულება მაინტერესებდა. დაახლიებით მაჩვენეს.  ბიჭებს დავეკითხე. რუსთაველები იყვნენ. ერთ-ერთი ხაშურელი სასწაული მოხერხებული და უმაგრესი მეომარი მეტსახელად  „ბაჭია“ (სახელი და გვარი არ მახსოვს) გვერდში დამიდგა.

რეზო დოლიძეს ვუთხარი გავდივართ მეთქი. ფრთხილად იყავიო მითხრა სნაიპერები მუშაობენო. ეს ბიჭები დაუმარხავები ეყარნენ პირდაპირ ბრძოლის ველზე. მადლობა ღმერთს, თუ უფლის საქმეს აკეთებ უფალმა იცის და აუცილებლად გიშველის. მივენდე ისევ მის მფარველობას. აბა, იმ სამშობლოსთვის შეწირულებს იქ ხომ არ დავტოვებდი?

ბევრი ხალხი არ მინდოდა წამეყვანა. ჯერ მხოლოდ ადგილი უნდა გამეგო. ზევით კი დავაყენებდი დაცვას და უზრუნველყოფდნენ საპასუხოდ. მაგრამ ვიცოდი, რომ აფხაზები მაშინვე დაგვინახავდნენ.  მაგრამ ვინ უნდა გამეწირა? კორიდორი გავკეთე.

წინ მოშიშვლებული ველი იყო გაფენილი. ხაშურელმა მითხრა – „მე წავალო მარტო, არავინ არ მინდაო და შეპარვით ვნახავო.“ სანამ დაბრუნდა, ის ორმოცი წუთი, კინაღამ გული ისევ გამიჩერდა. სული დამელია ისე ვნერვიულობდი. იმდენი იარაღი გვქონდა  ვინმეს ერთი რომ გაესროლა საპასუხოდ ყველაფერს დავადუღებდით.

უცებ დაბრუნდა ჩემი მეომარი და დაადასტურა – „ტყესთან ყრიანო ბიჭები. მის გვერდზე ღელე ჩადისო, ბუშლატა მთელია კაცი აღარ ჩანსო. შიგ ჭიებია დასეული და მატლები ლივლივებენო. ერთი კი ჭაობში აგდიაო“.

უკვე დილას მწყობრში დავაყენე ბიჭები – „ვინ გამომყვება, ვინ გარისკავს გადმოყვანაზე მეთქი“. ქართველ კაცს ბრძანება არ უნდა. ცხონებული ნუგზარ ბაქრაძეს (სოხუმში დაიღუპა) სამი საკაცე მოვატანინე და წავედით შვიდნი. ველი კი გავიარეთ თავისუფლად, მაგრამ ბოლოში აგვიტეხეს სროლა. დავიძახე – „დაწექით, თქვენი სუნთქვა არ გავიგონო, ტყვია არ გავარდეს, სანამ მე არ გავისვრი თქო“. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.

ერთი ტყვია ჩემს თვალებთან დაეცა და ქვას მოხვდა, საბედნიეროდ, რიკოშეტმა გადამარჩინა. გულში ვლოცულობდი – „უფალო ჩემთან იყავი, წინ გამიძეხი და ზურგიდან დამიფარე მეთქი“. უფალი რომ დაყვება კაცს გულში ესაა მთავარი. გაეცი სხვებისთვის თავდადება და სიცოცხლეს გაჩუქებს.

ჩავიჩურჩულე – „აბა, ვინ მოკიდებს საკაცეს ხელს თქო?“ ერთი რუსთავის სამხედრო პოლიციიდან იყო ნამდვილი გმირი, ის წამოდგა, ასევე მეორე მეომარიც და ტყისკენ ხოხვით წავედით.

აფხაზებმა სროლა შეწყვიტეს. ისინიც მიხვდნენ, რომ ბიჭებზე  გავდიოდით ტყეში. ჩემმა მტერმაც არ ნახოს, რაც მე მაქვს ნანახი. ის საწყლები ძალიან დაზიანებულები იყვნენ, გვამის საშინელი სუნი იდგა და ბიჭებს ნერვიული ღებინება დაეწყოთ. საკაცეებზე ძლივს დადეს. მე იმან მიშველა თბილისის ომის ტყვიის შემდეგ საერთოდ დაკარგული მაქვს ყნოსვა. ამიტომ უკან  დავდექი და როგორც იქნა მივაღწიეთ ღელემდე და ამ დროს უკვე წკაპა-წკუპით წამოვიდა ტყვიები.

არ დამავიწყდება ბერძენი ბიჭი მახლდა თან 16 წლის იყო. „აბა, ბიძია გადახტი ახლავე მეთქი“. ბიჭები გადავახტუნე წყალში და მიცვალებულები დავატოვებინე და ბოლოს მე გამოვედი. ღელეს ავყევით, მაგრამ რად გინდა ტყვიებს გადარჩენილები რამის კოღოებმა ცოცხლად შეგვჭამეს. გავიხადეთ ყველაფერი და ახლა ტანსაცმლის წურვა დავიწყეთ. ამ წურვა-წურვაში საცვალი შემომეხა. მერე მეხუმრებოდა ჩემი მეგობარი მიშა კიკნაძე – „აჰა, 4000 კუპონი წადი, შე კაცო, იყიდეო“. ამასაც კი არ გვაძლევდა მომარაგება.

მოვიდა რეზო  დოლიძე, ღმეთმა აცხონოს, „როგორ არის საქმეო? რამე ხომ არ მოხდა ვინმე ხომ არ დაიჭრა ან დაიღუპაო?“ იშვიათი გულიანი პიროვნება იყო, ვაჟკაცური ბუნების, ნებისმიერს ზედ გადაეფარებოდა.

საღამოს როცა შებინდდა, ხაშურელმა წაიყვანა ერთი ბიჭი და იმათ შეასრულეს პირობა და სამივე გადმოიყვანეს.

რეზომ მიახედინა მიცვალებულებზე გააწმენდინა, კუბოებზე ფორმები დააულაგა  და გავატანეთ თბილისში.

ერთ-ერთ დაღუპულს მეუღლე ეძებდა ოჩამჩირეში. ფეხზე სვირინგით ამოიცნეს. ბიჭებს ავუკრძალე საშინელი ამბის თქმა – „იმ ქალბატონს თბილისში უთხარით მეთქი“. შემეცოდა ეს გოგო და მოვეფერეთ, ვაჭამეთ და გაუშვით. ის როცა სასადილოში იყო,  ისე მიკვდებოდა გული ცუდად ვიყავი და ცრემლები მომდიოდა.

შემდეგ ჩვენი ცვლაც მოვიდა და დავბრუნდით თბილისში. ჩვენი ბიჭებიდან არავინ არ დაღუპულა.

ამის შემდეგ გადავედი სპეცნაზში „ომონში“, პოლკოვნიკ ავთო წოწორიასთან და შემდეგ უკვე გიორგი კვინიკაძე დაინიშნა სარდლად საჰაერო თავდაცვაში თავისთან გადამიყვანა. ახლა პენსიონერი ვარ. შევქმენით „საქართველოს დიდების“ პარტია და ვცდილობ ჩემი სამშობლოს და ვეტერანთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე კვლავ ვიდგე.

რასაც ჩემს სამშობლოს ვუყურებ, მე საქართველოს ვეძახი უთაო მხედარს. სამწუხაროდ, მივხვდი ამდენი კონდახის ჩარტყმით ერთს – ქართველს ქართველზე უარესი მტერი არ ყოლია. გადახედეთ რაც მე მოვყევი, რასაც სხვა მოყვება და მიხვდებით, რატომ დავიწყეთ და შემდეგ, რატომ წავაგეთ ომი.

ვერავითარი მილიარდები ვერ გვიშველის, თუ ხელისუფლებაში არ მოვიყვანეთ ზნეობრივი და რაც მთავარია განათლებული ადამიანები. ეკონომიკა კი არ გვაკლია, ერთმანეთის სიყვარული არ ვიცით.  ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვერ ვაშენებთ, იმიტომ რომ ყველას თავისი მუცლისთვის უნდა ცხოვრება. არ ცნობენ იმ სამშობლოს, რომლის მიწაც ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი და ვინც მამულისთვის იბრძვის ის მასხარადაგდებული და დაჩაგრულია.

ედუარდ შევარდანაძის და მიშა სააკაშვილის დროს ჩემი ბიჭების გადმოსვენება მინდოდა აფხაზეთიდან და სპეციალურად შემიშალეს ხელი. უკვე გაკეთებული საქმე ჩამიშალეს. რა ქვია ამ ქმედებას, თუ არა ბოროტების თესვა და მკა?

რა მოხდებოდა რომ გადმომეყვანა ის თავშეწირული ვაჟკაცები. აქ მაინც წაუქცევს შვილი ჭიქას მეთქი და მეუღლის ცრემლი დაედინება და თუ არავინ არ ჰყავს სამშობლო მოეფერებათქო. მე კარგად ვიცი იქ გაგრაში და მაჭარკაზე ისევ მელოდებიან მიწაში ჩამარხული ჩემი ძმადნაფიცები და სხვამ რატომ არ იცის ამ გრძნობის ფასი?

და ახლაც მინდა ამ საქმის მოგვარება. უფალს ვთხოვ კიდევ ერთხელ შეწევნას და არ არსებობს არ აეწყოს

აფხაზების, ალექსანდრე ანქვაბის, რუდიკ დელბას, იური პაპბას კაცობას როგორ დავივიწყებ? ან გინდაც იმ ჩეჩენ კაპიტანს ვაჟკაცურად სიტყვის პატრონი, რომ იყო და სიცოცხლე გვაჩუქეს. მე კიდევ აქ და იქაც ქართველმა გამიმეტა და მკლავდა.

ალექსანდრე ანქვაბისნაერი პიროვნებას, რომელიც დაპირისპირების შეჩერებას ცდილობდა, საქართველოს  დიდი ხანია სამხედრო მოქმედების დროს გამოჩენილი ჰუმანიზმისთვის უნდა ნობელის პრემიაზე წარედგინა, მაგრამ ამას დიდი კაცობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა.

მე კი ეხლაც  იმ დროში ვარ. ყველაფერი მახსენდება თბილისის ტრაგედია, გაგრის ბრძოლა, ტყვეობა და თავისუფლება.

ჩემი ჯვარცმა, გარდაცვალება, მკვდრეთის აღდგომა და ხელახალი სიცოცხლის ჩაბერვა და ამ ქვეყნად დაბრუნება.

ეხლა ესა მაქვს გულში – უფალი, რომ დაყვება ყველგან ადამიანს და მამხნევებდა – „მიდი, მიდი ყველაფერი გამოგივაო“.

მეც გეტყვით იმას, რომ სხვისთვის თავგანწირვა ჩაიდინეთ და სიცოცხლეს გაჩუქებთ უფალი.

კი, შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმ წუთას ეს მხოლოდ მარადიული სიცოცხლე აღმოჩნდეს, მაგრამ მერწმუნეთ გარისკვად ნამდვილად ღირს.

 

 

Next Post

„ახლა მთავარი კითხვაა..“ - გია ხუხაშვილი

კვი მაი 10 , 2020
3,429 წაკითხვაგია ხუხაშვილი ფეისბუქში წერს: „სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლების ტაქტიკაა პერსონალური მართლმსაჯულების თემით ააყირაოს მოლაპარაკების მაგიდა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს ოპოზიციას დააბრალოს. ახლა მთავარი კითხვაა – გაყოფს თუ არა ოპოზიცია თავს ამ ხაფანგში? ვფიქრობ, რომ პოლიტიკური საღი აზრის არსებობის შემთხვევაში ეს ორი თემა უნდა გაიყოს. უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები ულტიმატუმის გარეშე. პოლიტიკური შედეგი: 1. მიღებული იქნება საჭირო ცვლილებები. […]

შესაძლოა მოგეწონოთ