ფსიქიატრიულ  დაწესებულებაში, ქალმა დაუხმარებლად იმშობიარა საპირფარეშოში – ომბუდსმენის ანგარიში

1,516 წაკითხვა

ომბუდსმენის მიერ ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებსა თუ ბენეფიციარებს ორსულობის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში – „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ ნათქვამია, რომ გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, არც ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში პირის განთავსებისას, არც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დასტაბილურების შემდეგ, არ ხდება ქალთა ორსულობაზე ტესტირება. შესაბამისად, მკურნალობის განმავლობაში არ ხდება მედიკამენტების ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინება.

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ინსტიტუციებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ორსულობის დროული გამოვლენა, და შესაბამისად, მკურნალობის დროს გამოყენებული მედიკამენტების ნაყოფის განვითარებაზე და დედის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გათვალისწინება. ორსულობაზე შემოწმება არ მიმდინარეობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი პირველადი პაციენტია ან გადმოყვანილა სხვა დაწესებულებიდან. სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების ნაწილს ხელშეკრულებით ჰყავს დასაქმებული მეან-გინეკოლოგები, თუმცა მათთან გაფორმებული კონტრაქტი ფაქტობრივად ფორმალური ხასიათისაა. მაგალითად, კონტრაქტის თანახმად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 68 მეან-გინეკოლოგი თვეში ერთხელ ახორციელებდა ვიზიტს და საშუალოდ 10-15 პაციენტს სინჯავდა. მეან-გინეკოლოგის გადმოცემით, მას პრობლემები ექმნება პაციენტთა მკურნალობისას, რადგან მის მიერ დანიშნულ წამლებს მენეჯმენტი ვერ შეისყიდის იმის გამო, რომ ბიუჯეტი ასეთ ხარჯებს არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გინეკოლოგი მათი ჩივილების მოსმენის საფუძველზე აფასებს და ხშირ შემთხვევაში არ ხდება პაციენტის ვიზუალური დათვალიერება“,-აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის განმარტებით, ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა.

„ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში. აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ის ფაქტიც ართულებს, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული გზამკვლევი/სახელმძღვანელო, რომლითაც იხელმძღვანელებენ მეან-გინეკოლოგები ორსულობის მართვისას. მისივე განმარტებით, ასევე არ არსებობს ფსიქიატრიის დარგში გზამკვლევი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს ფსიქიკური აშლილობა ორსულობის შემთხვევაში.

Next Post

„ოცნება“ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“ - გიორგი მარგველაშვილი

ორშ მაი 11 , 2020
1,516 წაკითხვასაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ 1ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. მარგველაშვილი ივანიშვილის გუნდის მხრიხან 8 მარტის შეთანხმების შესაძლო ჩაშლას „დღის სტუმარში“ სტუმრიბისას გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალ და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა […]

შესაძლოა მოგეწონოთ