ზურა ჯაფარიძემ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა „უცნობის კიდობანში“ პატრიარქზე ისაუბრა. კითხვაზე, იცნობს თუ არა პატრიარქს, ზურა ჯაფარიძე პასუხობს, რომ ერთხელ შეხვდა და ესაუბრა:
„ერთხელ ვარ შენახვედრი. 2013 წლის ბოლო იყო ალბათ, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ქვეყანაში მიმდინარე რაღაცებზე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კარგი პოლიტიკოსია, დიდი გამოცდილების მქონე კარგი პოლიტიკოსია, რომელსაც ბევრი რაღაცები ესმის.
გულწრფელი ვიქნები, პატრიარქს იმხელა ავტორიტეტი აქვს და ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ ამ ავტორიტეტის გამოყენება ბევრი კარგი რაღაცისთვის შეეძლო და არ გამოიყენა.
მაგალითად, საპატრიარქოსგან რა გზავნილებიც მოდის ხშირად ის არ არის ახლოს ქრისტიანობასთან.“ – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ პატრიარქი პატრიოტია.
„მე მჯერა, რომ ქართულ საქმეს აკეთებს, მართლა მჯერა, რომ პატრიოტიცაა, ქართველობას იცავს.
რაღაც საფრთხეები წარმოუდგენია და უნდა, რომ დაიცვას და ამავე დროს პოლიტიკოსიცაა.
იმ გაგებით, რომ შეძლო ამ წლების განმავლობაში სერიოზული ავტორიტეტი შეექმნა, როგორც პირადი, ისე ეკლესიის და მათ შორის ძალაუფლება შეექმნა, რომელსაც იყენებს ამ ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და განმტკიცებისთვის” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.