„ზელენსკის წინამორბედმა პოროშენკომაც თავის დროზე ყურად არ იღო საქართველოს პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა“ – აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში:
„ვფიქრობ, უკრაინული მხარე ნამდვილად არ იქცევა როგორც კარგი პარტნიორი. ზოგიერთ უკრაინულ, უმეტესად, რა თქმა უნდა, ზელენსკისადმი ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში გაიხსენეს ისიც, რომ ზელენსკის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის მიმართ ლოიალურ ფიგურად მიიჩნევდნენ. ზოგიერთმა უკრაინელმა ოპოზიციონერმა ისიც თქვეს, დღეს თუ ვინმეს სჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობისა და განხეთქილების ჩამოგდება, ეს რუსეთია. მხოლოდ რუსეთს აწყობს უკრაინაში პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერის გაჩენაო, რისი ორგანიზებაც სააკაშვილს კარგად შეუძლია. ზელენსკის ეტყობა დაავიწყდა რა მოუწყო პოროშენკოს, რამხელა თავსატეხად ექცა, რამდენჯერ მოუწია იმჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდება. უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და რუსეთი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით წავა ამ ტანდემის დაშლაზე. ამიტომ ამ დანიშვნაში ბევრმა უკრაინელმა რუსული კვალის ძებნაც დაიწყო“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.